„შენი დუმილი აქეზებს ძალადობას“ – მოსაზრება

ავტორი: თორნიკე აბესაძე 

ოდნავ მაინც თუ გაქვს სურვილი, იცხოვრო არა სიძულვილზე აგებულ სახელმწიფოში, არა ფაშისტურ გარემოში, არ შეგეზღუდოს არჩევანის თავისუფლება,  არ გქონდეთ იმის სურვილი, რომ დატოვო სამშობლო სამუდამოდ, თუ ხვდები, სად უფრო კარგია ცხოვრება, რუსეთში თუ ევროპაში, მაშინ დუმილი დანაშაულია!

აქ ომია იდეოლოგიების, ფაშიზმის და დემოკრატიის და ეს ომი ქუჩაში არ მიმდინარეობს. ეს ომი სულ თან გახლავს, შენს ჯიბეში, ჩანთაში, შენი ტელეფონის Facebook აპლიკაციაში მიმდინარეობს. მოწინააღმდეგეები დაუღალავი და აგრესიულები არიან, მათი მოწოდებები ადამიანების ცემის მუქარით იწყება და სიკვდილით დასჯის მოთხოვნებით მთავრდება. ერთმანეთის პირისპირ დგანან სიძულვილით სავსე, ვითომ ქართული ტრადიციის დამცველები და ლაღი, გონიერი, თავისუფლების მოყვარული ადამიანები.

თორნიკე აბესაძე

თუ დადიხარ კლუბებში, იცოდე, რომ საფრთხე ექმნება შენს გვერდით შენთვის შეიძლებ უცნობ, მოცეკვავე ფერადთმიან გოგოს; თუ ოდესმე მოგისმენია ქართველი დიჯეებისთვის, იცოდე, რომ დღეს საფრთხეშია იმ მუსიკის დამწერი, რომელიც ძალიან მოგეწონა. თუ გაქვს სვირინგი, იცოდე, რომ არტისტი, რომელსაც აქვს დრედები ან პირსინგი, რომელმაც დაგახატა სხეულზე ტატუ, საფრთხეშია; თუ დადიხარ კაფეებსა თუ ბარებში, იცოდე, რომ ასე თუ გაგრძელდა, ამ კაფეებს მომავალი არ აქვთ; თუ იცნობ, მეგობრობ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანთან, იცოდე, რომ ისინი საფრთხის წინაშე დგანან. თუ ქუჩაში შეგიმჩნევია ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭი საყურით, იცოდე, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

შენი დუმილი აქეზებს და შანს აძლევს შენს სამშობლოში სიძულვილს; შენი ყოველი უგუვებელყოფა სიძულვილით სავსე სტატუსისა, უფრო აღრმავებს პრობლემას, ხელს თუ ჩაიქნევ დღევანდელ მოვლენებზე, ეს არასასიკეთო შედეგს გამოიღებს ყველასთვის; იცოდე, რომ სოციალურ ქსელებში შენი გაზიარებული ვიდეოები, რომლის მიზანიც მომიტინგეების დისკრედიტირებაა, აღრმავებს ფაშიზმს. ყოველი გამოტოვებული შესაძლობლობა, როცა შეგიძლია დააფიქსირო შენი აზრი თანასწორობასა და თავისუფლებაზე, ასუსტებს დემოკრატიას.

ასე რომ, იბრძოლე, წერე სტატუსები, დაანახე, რომ შენც არსებობ, დაუმტკიცე, რომ შენთვის სულ ერთი არ არის, დაუსაბუთე, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია, გააგონე განსხვავებული აზრი და გაუჩინე კითხვები.

______________________

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს batumelebi.ge-ს პოზიციას.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


თორნიკე აბესაძე