საზმაუს ბორდის წევრმა მედიაკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ პრესის თავისუფლების დღის აღსანიშნავად გამართული კონფერენცია ბათუმში პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე ირინა ფუტკარაძემ საჯარო გამოსვლა სულხან სალაძეს შეაწყვეტინა – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს.

საჯარო გამოსვლის დროს სულხან სალაძემ, რომელიც წინა ორი წლის განმვალობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა, კონკრეტულად კი, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობაზე. მისი შეფასებით, დღეს არავინ ზომავს, რაში იხარჯება ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემული მილიონები. სულხან სალაძემ რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა დაასახელა, რაშიც ბიუჯეტიდან ბევრად ნაკლები ფული იხარჯება, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

„ეს არის დემაგოგია. სულხან, არ ხარ მართალი და უნდა გრცხვენოდეს,“ – მიმართა სულხან სალაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ირინა ფუტკარაძემ. მან თქვა, რომ პროგრამებზე და განსაკუთრებით ჯანდაცვის პროგრამებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შედარება მართებული არ არის. ის ასევე არ დაეთანხმა საია-ს ხელმძღვანელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს აჭარის ტელევიზია „დანამატად“ მიაჩნია.

„თქვენი საქმიანობა ორიენტირებულია აბსოლუტურად სხვა რამეზე, რატომ ავღელდი მე. თქვენ აქ აღნიშნეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დანამატად მიგაჩნიათ ტელევიზია. ნახეთ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება. აჭარის ტელევიზიის მიერ წარმოდგენილი ყველა ის კორექტირება, რაც სჭირდებოდა, არის მიღებული. აჭარის ტელევიზია მართლა წარმატებულია და ეს მართლა კარგია, ხელოვნური მიდგომები არ გვინდა, არ გვინდა დემაგოგია. საიამ გააკეთა იმ ტიპის კვლევა, სადაც პირდაპირ მიანიშნა, რომ მაუწყებელს აქვს 52 მილიონი და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიას აქვს 2 მილიონი. თქვენ პროვოცირებას ახდენთ, სულხან. ხვალ ჩემთან რომ მოვიდეს ონკოპაციენტის დედა, ამას მოჰყვება უდიდესი ტალღა,“ – აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ.

სამეურვეო საბჭოს უფროსის მოადგილემ საჯაროდ უთხრა საყვედური „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს, ნათია კაპანაძესაც, რადგან ის საჯარო გამომსვლელების სიაში არ იყო.

„თქვენ ეს შოუ არ უნდა დაგედგათ. ჩვენ თქვენს საკეთილდღეო გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ისედაც დისკრედიტებულია ეს სექტორი და ნუ ახდენთ კიდევ უფრო მის მარგინალიზებას,“ – მიმართა ირინა ფუტკარაძემ ნათია კაპანაძეს.

მედიაკონფერენცია სასტუმრო „რედისონში“ იმართება პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. კონფერენციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაა.


საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, თითოეულ გადაცემაზე და თანამშრომლების ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა, გაანალიზებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში, რომელიც გუშინ, 2 მაისს, გამოქვეყნდა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი