კუსტარულად დამზადებული ჯეკ დენიელსის რეალიზაციისთვის აჭარაში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ბრალდებული ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული, კუსტარულად დამზადებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის – ვისკი ჯეკ დენიელსის რეალიზაციას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული 87 ბოთლი ვისკი და 93 ერთეული ყალბი აქციზური მარკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის და მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან