ქედაში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ქედის მერია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, 15-ბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. ეს ოჯახები, გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, განსახლებას საჭიროებენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბაზაში არიან დარეგისტრირებულნი.

ქედის მერიამ კორპუსის ასაშენებლად პროექტი 13 400 ლარად გასულ წელს, ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ქედის მერის მოადგილე როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ პროექტით, ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას მილიონ ნახევრამდე ლარი სჭირდება, ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად საჭირო თანხის გამოსაყოფად კი ქედის მერიამ, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წერილობით დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართა.

„პროექტი მზადაა, ფინანსთა სამინისტროს ერთი კვირის წინ წერილობით მივმართეთ და მოვითხოვეთ თანხის გამოყოფა, თუმცა ეს იქნება გარდამავალი პროექტი და შესაბამისად, ამ წელში ასათვისებლად 800 000 ლარი გვაქვს მოთხოვნილი. მზაობა არის თანხის გამოყოფაზე, ვფიქრობთ, მაისის თვის ბოლომდე საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად ტენდერს გამოვაცხადებთ“ – ამბობს როლანდ ბერიძე.

სოფელ აგარაში მცხოვრებმა 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა, უარი განაცხადა სახელმწიფო პროგრამით 25 000 ლარი საცხოვრებელი სახლის შესაძენად მიეღოთ. რაც შეეხება ასაშენებელ 15-ბინიან სახლში დარჩენილ ოთხ ბინას, როლანდ ბერიძის თქმით, ამ ბინებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც საცხოვრებელი სახლის საჭიროების წინაშე იქნებიან.

მთავარი ფოტო: სოფელი აგარა. ფოტო: „ბათუმელები“, ეკა ბარამიძე
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი