ვოლიერებში დაღუპული ცხოველები – ბათუმის მერი ზოოკუთხის მომავალზე

ბოლო ცხოველი, რომელიც ორი კვირის წინ ბათუმის ზოოკუთხეში მოკვდა, ირემი აქსისი იყო. ჯამში კი, 6 მაისის პარკში მდებარე ზოოკუთხეში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 40-მდე ცხოველი დაიღუპა. რა პერიოდულობით და რამდენი ცხოველი – ამის თაობაზე ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. ზოოკუთხის ადმინისტრაცია ამ დრომდე პრობლემებზე არ საუბრობდა და ამბობდა, რომ ცხოველთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშო არ იყო.

ზოოკუთხე „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დაქვემდებარებაშია. სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე  „ბათუმელებთან“ ცხოველების სიკვდილის სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, პრიმატები პნევმონიის გამო იღუპებიან, საუბარია ინფექციურ დაავადება ექინოკოკზე, რომელიც, მისი თქმით, ვოლიერებში არასათანადო პირობების გამო გავრცელდა.

კითხვაზე, რა იყო ირმებისა და კენგურუების დაღუპვის მიზეზი, ალექსანდრე თევზაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„მე ერთი წელია, რაც ამ სააგენტოში ვმუშაობ. როცა მოვედი აქ, მხოლოდ ერთი კენგურუ იყო და თბილისის ზოოპარკს გადავეცით,“ – ამბობს ის.

სამსახურიდან გაათავისუფლეს ზოოკუთხის დირექტორი, ამირან მურვანიძე. ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ ზოოკუთხეში არსებულ მდგომარეობაზე პირად პასუხისმგებლობასაც გრძნობს.

ბათუმის ზოოკუთხის ბინადრებს შორის დღეს არც ერთი კენგურუ აღარ ირიცხება. კენგურუები დაიხოცნენ. ერთადერთი კენგურუ გასულ წელს თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„ის [ზოოკუთხის დირექტორი] თვლიდა, რომ მეტლახი საკმარისია იმისთვის, რომ ცხოველი ვოლიერში ცხოვრობდეს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ იყო მიზანშეწონილი. პნევმონიას ზუსტად ეს იწვევს. პრიმატების ანატომია 98 პროცენტით შეესაბამება ადამიანის ანატომიას. წარმოიდგინეთ, ათი წელი ასეთ ჩაკეტილ სივრცეში რომ იცხოვროს ადამიანმა, რა მოუვა“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

იგი მოსკოვიდან მოწვეული სპეციალისტის დასკვნებს გვაჩვენებს, რითაც დასტურდება, რომ ვოლიერები არ აკმაყოფილებს ცხოველების არსებობისთვის საჭირო სტანდარტებს.

„ასეთ პირობებში ცხოველების ცხოვრება იწვევს მათ დეგრადაციას და ავადმყოფობას – ამაზე წერს სპეციალისტი“, – გვეუბნება ალექსანდრე თევზაძე. მისი თქმით, შვიდსულიანი პრიმატების ოჯახი 5 კვადრატულ მეტრში ცხოვრობს, მაშინ, როცა ამ რაოდენობისთვის მინიმუმ 500 კვადრატული მეტრი ფართობია საჭირო, რომ ისინი ნორმალურად განვითარდნენ.

სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ეს პრობლემა თავიდანვე იდგა ზოოკუთხეში და ამის თაობაზე მერია, რომელიც ზოოკუთხის დამფინანსებელია, ინფორმირებული იყო.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როდის შეატყობინა მერიას არსებული მდგომარეობის შესახებ პირველად? ალექსანდრე თევზაძე პასუხობს, რომ მას ყოფილ მერთან, გიორგი ერმაკოვთან ჰქონდა საუბარი და სწორედ მაშინ გამოცვალეს ზოოკუთხეში დაზიანებული სახურავები, საიდანაც ვოლიერებში წყალი ჩაედინებოდა.

„ჩვენ შარშან სახურავები გამოცვალეთ და ახლა მერიასთან მისული ვართ იმ ეტაპამდე, რომ მიმდინარეობს ზოოკუთხის ხელახალი პროექტირება,“ – ამბობს თევზაძე.

ორი კვირის წინ ზოოკუთხეში ირემიც დაიღუპა

ცხოველების ნაწილს, ზამთრობით, საზამთრო ვოლიერებში ათავსებენ. პრიმატების დახურულ ვოლიერში ელექტროგამათბობელია ჩართული, მაშინ, როცა ეს ვოლიერი სტანდარტის შესაბამისად უნდა თბებოდეს.

ზოოკუთხის ერთ-ერთი თანამშრომელი ბუნებრივ აირზე მომუშავე საქვაბეს გვაჩვენებს, რომელიც ვოლიერებს ცენტრალურ გათბობას, შესაბამისი ტემპერატურით აწვდის. ცენტრალური სისტემა ყველა ვოლიერში არ მუშაობს. ამიტომ მეორე და მეხუთე ვოლიერი, სადაც ლემურები და პრიმატები ცხოვრობენ, ელექტროგამათბობლით თბება. შესაბამისად, ვოლიერში ტემპერატურა ვერ კონტროლდება.

„ასეთ დროს პნევმონია შეიძლება განვითარდეს, როცა ვოლიერში წყალი ჩამოდის და „პლეტაა“ ჩართული. სიმშრალეში პრობლემა არ არის. სანამ სარემონტო სამუშაოებს არ ჩავატარებთ და ვოლიერებს არ გავაფართოებთ, მანამდე პრიმატები საფრთხის ქვეშ არიან,“ – გვეუბნება ალეკო თევზაძე.

გარდა ვოლიერების პრობლემებისა, ზოოკუთხეში სპეციალიტების პრობლემაცაა. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი მოსვლის შემდეგ, ვეტერინარი და  ზოოკუთხის სხვა თანამშრომლები თბილისში გადაამზადეს, მაგრამ კვალიფიკაციის ამაღლება მათ ისევ სჭირდებათ, მათ შორის მომვლელებსაც.

„კარგი იქნება, რომ გვყავდეს რაციონისტი, ფსიქოლოგიც, მაგრამ ეს ალბათ ფუფუნება იქნება. გასულ წელს კვების რაციონი შევცვალეთ, რადგან ათი წლის წინანდელი რაციონი იყო და ცხოველებს კუჭნაწლავის პრობლემები ჰქონდათ,“ – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა პრობლემა ჰქონდა ძველ რაციონს, იგი პასუხობს, რომ ძველი რაციონი ყოფილი დირექტორის მიერ ათი წლის წინ იყო შედგენილი, ახალი კი თბილისის ზოოპარკის სპეციალისტების რეკომენდაციით შეიმუშავეს.

ალექსანდრე თევზაძის თქმით, ზოოკუთხეში პირობების გაუმჯობესება მერიის მხრიდან დაფინანსების მოპოვებაზეა დამოკიდებული. იგი იმედოვნებს, რომ ამ დაფინანსებას ის ზაფხულამდე მოიძიებს.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

„ბათუმელებმა“ ზოოკუთხეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მერის პოზიციაც მოისმინა. ლაშა კომახიძის თქმით, მან ზოოკუთხეში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ალეკო თევზაძისგან ინფორმაცია ორი კვირის წინ მიიღო. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ის ამ ტერიტორიაზე ზოოკუთხის შესაბამისობის საკითხს მოსვლის დღიდანვე განიხილავდა.

„ზოოკუთხის გადატანის ვარიანტი ჩემ მიერ მოსვლის დღიდანვე დასმულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს არის დასკვნის საფუძველზე გასაკეთებელი. პირველ რიგში, ცხოველების ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ“, – ამბობს მერი.

მეორე მხრივ, ბათუმის მერი 6 მაისის პარკის განვითარებაზე საუბრობს: „პარკის განვითარების კონცეფციიდან გამომდინარე ვმსჯელობთ, რომ ის შეიძლება გავხადოთ უფრო ცოცხალი და საინტერესო გართობის თვალსაზრისით“.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მან ალეკო თევზაძეს დაავალა, წარადგინოს ზოოკუთხის განვითარების მონახაზი.

„ძალიან მალე მივიღებთ ზოოპარკთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ეს ზის მერიის რეორგანიზაციის გეგმაში“, – გვეუბნება მერი. ლაშა კომახიძის თქმით, ჯერჯერობით, იმაზე მიდის მსჯელობა, ზოოკუთხე დარჩეს „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დაქვემდებარებაში, თუ პირდაპირ დაექვემდებაროს მერიას. „შესაბამისად, რეორგანიზაციაში განვიხილავთ ზოოკუთხის ბიუჯეტს და ორგანიზაციულ მოწყობასაც. ბევრ ინფორმაციას ველოდები, რომ იქედან გამომდინარე მივიღო გადაწყვეტილებები,“ – ამბობს ლაშა კომახიძე.

ბათუმის ზოოკუთხე. ფოტო 6 მაისის პარკის ფეისბუქგვერდიდან

ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან ზოოკუთხის მობინადრეების კვებაზე 80 ათასი ლარი იხარჯება, მთლიანი ბიუჯეტი კი 250 ათას ლარია. როგორ ხდებოდა ბიუჯეტის კორექტირება ცხოველების დაღუპვის ფონზე და რამდენად ეფექტურად ნაწილდებოდა თანხები, ამის შესახებ „ბათუმელებმა“ ზოოკუთხის ადმინისტრაციისგან ინფორმაცია ვერ მიიღო.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზოოკუთხეში 124 ბინადარია.

„ამჟამად გვყავს 35 პრიმატი, 13 ირემი, 14 ანტილოპა, 5 პონი და 2 სიასამური. გვყავს ჩიტებიც“, – გვეუბნებიან ზოოკუთხეში.

2016 წლის ივლისის მონაცემებით 138 ბინადარი იყო. 2013 წლის მონაცემებით კი, ზოოკუთხეში ბოცვრები, ზღვის გოჭები და ცხენებიც ცხოვრობდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com