მთავარი,სიახლეები

რესტორანი „სან-რემო“ გაიყიდა

25.01.2018 • 8658
რესტორანი „სან-რემო“ გაიყიდა

რესტორან „სან-რემოს“ მფლობელი კომპანია „ხიდი-2006“-ის 100% წილი 1 800 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი გადაიხდის ასევე კომპანიის ბანკის სესხის თანხას, რაც ჯამში 94 000 აშშ დოლარია. შპს „ხიდი-2006“-ის წილები ედნარ პაპუნაიშვილმა გასული წლის ოქტომბერში შეისყიდა.

„ხიდი-2006“-ის პარტნიორები, რომლებმაც წილები გაყიდეს, იყვნენ: ნონა ფუტკარაძე [33,4%], ლევან ბერიძე [33,3%] და ბესიკ თავდგირიძე [33,3%].

კომპანია „ხიდი-2006“-ს 2007 წლის ნოემბრიდან იჯარით ჰქონდა აღებული ზღვისპირა პარკში მდებარე პირსის შენობა და იქ რესტორან „სან-რემოს“ ამუშავებდა. პირსი ბათუმის მერიის საკუთრებაშია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პირსი [სადაც რესტორანი სან-რემოა განთავსებული] კომპანიაზე 25 წლითაა გადაცემული და საიჯარო ქირა – 8 100 ლარია წელიწადში.

„სან-რემოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიისა და რესტორნის სახელწოდება „ყოველ შემთხვევაში სექტემბრამდე, არ შეიცვლება“. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ედნარ პაპუნაიშვილი სარესტორნო ქსელის განვითარებას გეგმავს ქობულეთსა და კურორტ გოდერძიზე. ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით თავად ედნარ პაპუნაიშვილს, თუმცა მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.

ედნარ პაპუნაიშვილი კიდევ ერთი კომპანიის, შპს GTEM GROUP-ის მესაკუთრეა. ამ კომპანიის იურიდიულ მისამართად ქობულეთია მითითებული. პაპუნაიშვილი 5% წილს ფლობს ასევე კომპანია „ჯორჯიან მეტალ გრუპში.“

აჭარის მთავრობას შპს GTEM GROUP-ისთვის მიწის რამდენიმე ნაკვეთი აქვს გადაცემული კურორტ გოდერძიზე.

ედნარ პაპუნაიშვილის წარმომადგენლის, ჯუმბერ ჭყონიას ინფორმაციით, „სან-რემოს“ მუშაობა არ შეუჩერებია და სექტემბრამდე ჩვეულებრივად იმუშავებს, სექტემბრიდან კი შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის განახლდება.

„ედნარ პაპუნაიშვილს საქართველოში ამ დრომდე ბიზნესი არ ჰქონია, ის სტამბულში ცხოვრობს. ახლაც არ იმყოფება საქართველოში. ბიზნესი აქვს ერაყში – საქართველოს 400-მდე მოქალაქე ჰყავს იქ დასაქმებული. „გოდერძიზე“ აპირებს რამდენიმე, სამსართულიანი სასტუმროსა და ლაუნჯ-ბარის აშენებას. რაც შეეხება ქობულეთს, იქ მიწის ნაკვეთები აქვს, თუმცა ამ დროისთვის რაიმე პროექტი არ ხორციელდება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ჯუმბერ ჭყონიამ.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ედნარ პაპუნაიშვილის უყიდია სახლი მახინჯაურში, რომელიც ადრე ასლან აბაშიძეს, შემდეგ კი „ბათუმის ნავთობტერმინალს“ ეკუთვნოდა. ამ სახლის მიმდებარედ პაპუნაიშვილი კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს – ჯამში 3265 კვ/მეტრ მიწას და მათზე განლაგებულ შენობებს.

ბათუმი, რესტორანი სან-რემო / 25.01.2017 / ია ფრანგიშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: