სიახლეები

როგორია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბათუმში

01.07.2015 • 2825
როგორია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბათუმში


ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

გასულ წელს ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ნორმების დაღვევის გამო გაფრთხილება სამ საწარმოს მიეცა, 2015 წლის მონაცემები კი ჯერ ცნობილი არ არის: „ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ 80-მდე საწარმოს ვუგზავნით გაფრთხილების წერილებს და ვეუბნებით, რომ გამონაბოლქვის დამჭერი დანადგარები და გამწმენდი ნაგებობები მოაწესრიგონ“, – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.

 

გარემოს ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის ოფიციალური მონაცემებით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის აღრიცხვის მონაცემების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის გამო, სამ თვეში (მარტი, აპრილი მაისი), ადმინისტრაციული დარღვევის 24 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 150-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო ივნისში, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედების მხოლოდ ერთი ფაქტია რეგისტრირებული.

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ბათუმში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია.
ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ გასულ წელს, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, დასახლებულ პუნქტებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემოწმდა, თუმცა, მისივე განცხადებით, არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა.

 

„წელსაც დაგეგმილია 18 ნიმუშის აღება დასახლებული პუნქტებიდან. წინასწარ შერჩეული ადგილები არ გვაქვს. თუ შემოგვდის საჩივარი მოსახლეობისგან, ან სატელეფონო შეტყობინება, იმ კონკრეტულ მისამართებზე გავდივართ“.


ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით, ჰაერში აზოტის ოქსიდების, დიოქსიდების და ნახშირჟანგის კონცენტრაცია დგინდება. დადგენილი ნორმის მიხედვით, ჰაერში აზოტის შემცველობა 0,5-ს არ უნდა აღემატებოდეს, ჭვარტლის, ანუ შავი ნახშირბადის შემცველობა კი – 0,15-ს. 

აღნიშნული ნორმები გასულ წელს სამმა საწარმომ დაარღვია. „აქედან ერთი, ზეთის ქარხანა მენეჯმენტში შექმნილი პრობლემების გამო გაჩერებულია. ხელვაჩაურში იყო მტვრის გადამეტების შემთხვევა სამშენებლო მასალების საწარმოს მიერ, თუმცა ეს პრობლემაც გამოსწორებულია, რადგან საწარმო ბუნებრივ აირზე გადავიდა და, შესაბამისად, დაბინძურების მაჩვენებელი საგრძლობლად შემცირებულია. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ შეიძინონ მტვრის დამჭერები და შეამცირონ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი“, –  ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.

 

ქალაქში მწვანე საფარის სიმცირისა და ავტომანქანების რიცხვის ზრდის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.

 

„ზაფხულობით, ტურისტული სეზონის დროს, როცა ავტომანქანების რაოდენობა მატულობს ბათუმში, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელიც იზრდება. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ქუჩების მორწყვაა“, – ამბობს ნუგზარ პაპუნიძე.

 

გარემოს, მათ შორის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს ქალაქში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ლაბორატორია ამოწმებს.

გადაბეჭდვის წესი