ბათუმელი მწერლების შეფასება ზვიად რატიანის საქმეზე

პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას და პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობას ბათუმელი მწერლები აფასებენ, როგორც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების და ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტს.

ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორი სანდრო ბერიძე: „პოლიცია მოიქცა არაადამიანურად. როგორ შეიძლება ადამიანს გინებისთვის ასე მოექცე. თუ გინებისთვის ერთს სჯი, მაშინ მეორეც უნდა დასაჯო და ამის მაგალითი იყო პრემიერის გინება. გარდა ამისა, პატრიარქი ღმერთი ხომ არ არის, პატივსაცემი პიროვნებაა, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანს არ მოსწონდეს.

ამის გამო შეიძლება ადამიანს ქვები ესროლო და ჩაქოლო? მე იმ ადამიანების მიკვირს, ზვიადს რომ ამტყუნებენ. პოლიცია ისევ საბჭოთა მეთოდებით მუშაობს, ადამიანების მენტალობა თუ არ შეიცვალა, ისე არ ეშველება არაფერს. ნახევარი საქართველო ქურდული მენტალობის მატარებელია და ჩარჩენილი არიან ისევ სტალინის და ბერიას ეპოქაში.

სხვანაირი ღირებულებაა ევროპა, მსოფლიო კულტურის და ცივილიზაციის ცენტრი იყო ყოველთვის და ევროპული გზა რომელმა ქვეყანამაც აიღო, ყველა განვითარდა, მაგრამ ჩვენ რა გვემართება ვეღარ გავიგე. ვფიქრობ, სახელმწიფო უწყებებში ისეთი ღირებულებების მატარებელი ადამიანები უნდა იყვნენ, ვინც ჩახედულია ადამიანის უფლებებში და არა ნაცნობობამ და ნეპოტიზმმა წალეკოს ყველაფერი. არ შეიძლება არსებობდეს შერჩევითი სამართალი, რადგან ასე ვერ  ჩამოყალიბდება  სეკულარული სახელმწიფო და არც სამოქალაქო საზოგადოება“.

როინ აბუსელიძე, პოეტი: „ჩემს პრაქტიკაშიც მქონია შემთხვევა, როდესაც პოლიცია გაჩერებს და ძალიან ირონიული ტონით, დამცინავად გისვამს ისეთ კითხვებს, რაზეც ჩვეულებრივი პასუხიც კი უკვე პროვოკაციაა.

სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ შსს-ს მხრიდან ქვეყნდება ვიდეო მასალა, სადაც კონკრეტული ამბის არც თავი ჩანს და არც ბოლო. ეს, უბრალოდ, ხალხის შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი.

გვაჩვენებენ დაჩეხილ ვიდეომასალას, როდესაც მათ მიერ წყობიდან გამოყვანილი ადამიანი ბილწსიტყვაობს და ამით ამართლებენ იმ უგვანო საქციელს, რომელსაც უკვე წლებია ვერ გადაეჩვია ქართული პოლიცია.

ცხადია, ამ სტრუქტურაში პრობლემებია და სერიოზული ცვლილებებია ჩასატარებელი. აუცილებლად უნდა გახდეს იმ „პოლიციელების“ ვინაობა საჯარო, ვინც ზვიად რატიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „შეურაცხყოფა“ ეს კიდევ რბილად არის ნათქვამი, რადგან ჩვენ ვხედავთ სხეულზე მიყენებულ დაზიანებებს“, – ამბობს როინ აბუსელიძე.

ბელა ქებურია, პოეტი: „მე წინააღმდეგი ვარ ძალადობის, არა მხოლოდ ზვიად რატიანის მიმართ, არამედ ნებისმიერი ძალადობის პოლიციის მხრიდან, მაგრამ ამავე დროს, წინააღმდეგი ვარ პროვოკაციის გამოწვევის პოლიციელის წინააღმდეგ.

ჩვენ ყველანი, პოლიციაც და საზოგადოებაც უნდა ვიცავდეთ იმ ოქროს შუალედს, რომელიც ურთიერთპატივისცემის ზღვარზე გადის. ადამიანის უფლება ყველაზე მაღალი უფლებაა და ის პოლიციელიც ადამიანია, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ ნებისმიერი გადაცდომა, როგორც ერთის მხრიდან, ასევე მეორეს მხრიდან არის მიუღებელი“.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ 24 დეკემბერს დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. თვითონ პოეტი კი სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას სამოქალაქო ფორმებში გადაცმულმა პირებმა ნარინჯისფერი ქურთუკის გამო სცემეს.

რატიანს სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა, მათი განცხადებით, დღეს პოლიცია საბჭოთა მეთოდებით ებრძვის კრიმინალს და არღვევს ადამიანის უფლებებს.

რატი ამაღლობელის თქმით, ზვიად რატიანის საქმე უნდა იქცეს აქამდე საშინლად დაჩაგრული ყველა მოქალაქის გამამხნევებელ მაგალითად.

ზვიად რატიანს სასამართლომ 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com