სიახლეები

უსარგებლო პანდუსისთვის დახარჯული ფული

01.04.2015 • 2635
უსარგებლო პანდუსისთვის დახარჯული ფული

 

კულტურის ცენტრის გარდა შპს „საბა-555-მა“ პანდუსები ქედის მუნიციპალიტეტის ექვს სკოლაში: დაბა ქედის, პირველ მაისის, ახოს, გოგიაშვილების, მერისისა და ვაიოს საჯარო სკოლებში მოაწყო, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1905 ლარი დაიხარჯა.

 

ქედის გამგეობის კომისიამ ობიექტები ისე ჩაიბარა, არ გადაუმოწმებია, რამდენად აკმაყოფილებდა მოთხოვნას პანდუსები. მიღება-ჩაბარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი ახლადმოწყობილი პანდუსების მოსაპირკეთებლად ქედის გამგეობამ 2 330 ლარი გამოყო და ტენდერი ისევ გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას საჯარო სკოლებში გაკეთებულ პანდუსებზე ბეტონის ფილები უნდა დაეგო, ქედისა და გოგიაშვილების საჯარო სკოლისა და ქედის კულტურის სახლის პანდუსებზე კი, ლითონის მოაჯირები დაემონტაჟებინა.

 

22 სექტემბერს გამოცხადებულ ტენდერში ისევ შპს „საბა-555-მა“ გაიმარჯვა და ხელშეკრულება მასთან 1974 ლარზე გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, ამ დრომდე არც ბეტონის ფილა დაუგია და არც ლითონის მოაჯირები გაუკეთებია.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე აცხადებს, რომ, რადგან კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას თანხა არ ჩაერიცხა და ქედის გამგეობამ კომპანია შავ სიაში ჩასვა.

 

„უპატიოსნო აღმოჩნდა მშენებელი, არ შეასრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები და ეს კომპანია ქედაში სხვა სამუშაოს ვეღარ შეასრულებს – შავ სიაში ირიცხება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ გააკეთა მოსაცდელი და სამუშაოებში თანხა არ გადაუხადა დასაქმებულებს. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პირობების გაუმჯობესების საკითხს, არ ვაპირებ ვიღაცამ სამუშაოები არ შეასრულა და ეს ასე დავტოვოთ, პანდუსები ისე გაკეთდება, როგორც პროექტითაა გათვლილი. გარდა ამისა, ევროსტანდარტის შესაბამის პანდუსს პარკშიც გავაკეთებთ და გამგეობის შემოსასვლელშიც. მე არ ვამბობ, რომ კულტურის ცენტრის შენობაზე გაკეთებული პანდუსი სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ იმ პირობებში სხვანაირად ვერც გაკეთდებოდა“, – ამბობს გამგებელი.


„ბათუმელებმა“ შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის შავ სიაში კომპანია „საბა-555“ ვერ აღმოაჩინა. კომპანიის დირექტორს, ვაჟა ანანიძეს კი, მითითებული ნომერი გამორთული აქვს.

 

გადაბეჭდვის წესი