კვირის ამბები,მთავარი

რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

11.07.2016 • 4610
რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის“ აქვს გადაცემული მართვაში. გადაცემული ქონების განკარგვიდან შემოსული თანხა კი „ბულვარის“ ბიუჯეტში ირიცხება. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო ზოლს მთლიანობაში. მერიაში ეს მონაცემები დათვლილი არ აქვთ.

შემოსავლები ბათუმის ბიუჯეტში

ზღვის სანაპირო ზოლში ბათუმის მერიას გრძელვადიან სარგებლობაში [იჯარით, აღნაგობის უფლებით] ამ დროისთვის საერთო ჯამში 80 ათას კვ/მ-დე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და 1416 კვ/მ შენობა-ნაგებობა აქვს გაცემული. აქედან, ზოგი 9-10, 29 და 49 წლის ვადითაც კი.
იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე ძირითადად, კაფე-ბარები და რესტორნები ფუნქციონირებს. ამ ობიექტებიდან ქალაქის ბიუჯეტში შემოსავალი ძირითადად საიჯარო ქირაა, რაც მერიის მიერ მოწოდებული მონაცემებით, ყოველწლიურად ჯამში მხოლოდ 481 585 ლარია.

IMG_20160710_091234

მოიჯარეები იხდიან სხვა გადასახადებსაც, თუმცა ბათუმის ბიუჯეტში, ფაქტობრივად, მხოლოდ ქონების გადასახადი შედის, რაც ქონების საშუალო საბალანსო ღირებულების 1%-ია წელიწადში. მერიაში არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ რამდენია უშუალოდ სანაპირო ზოლიდან ქონების გადასახადით მიღებული შემოსავალი: „ქონების გადასახადის გამიჯვნა შპს-ს შემთხვევაში რთულია, ვინაიდან შესაძლოა ქალაქის სხვა ნაწილშიც ჰქონდეს კომპანიას ქონება და გადასახადს ერთიანად იხდიდეს“.

რაც შეეხება სხვა გადასახადებს, შპს-ს შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში, მოგების გადასახადი და დღგ კი სახელმწიფო ბიუჯეტში. რაც შეეხება ქალაქის ბიუჯეტს, აქ მხოლოდ ინდმეწარმე იხდის საშემოსავლო გადასახადს.

მერიას სულ 33 ნაკვეთი და ერთი შენობა-ნაგებობა [სანრემო] აქვს იჯარით გაცემული და აქედან 20 მათგანი სწორედ შპს-ზეა გაცემული.

მერიაში გვითხრეს, რომ ზოგადად, სანაპირო ზოლს რამდენი შემოსავალი მოაქვს, ამის დათვლა შესაძლებელია, თუმცა დათვლილი არ არის: „თუ გვეცოდინება ქონების შეფასება აუდიტის მიერ, დათვლილი ქონების გადასახადი; დასაქმებულთა რაოდენობას და მათ საშუალო ხელფასს ვიანგარიშებთ, გვეცოდინება რამდენია საშემოსავლო გადასახადი და ა.შ. … ამ კუთხით ღრმა ანალიზია საჭირო, რაც მერიაში ჯერჯერობით არავის გაუკეთებია“.

მერიის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული ქონება

სანაპირო ზოლში მდებარე და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება [ძველი და ახალი ბულვარი, ასევე პლაჟი – კვარიათიდან მწვანე კონცხის ჩათვლით] მერიას, საკრებულოს თანხმობით, უსასყიდლო უზუფრუქტით, ძირითადად, სსიპ „ბათუმის ბულვარზე“ აქვს გადაცემული.

IMG_20160625_153859

კვარიათი

უსასყიდლო უზუფრუქტითა თუ აღნაგობის უფლებით მერიის მიერ გაცემულია 385 367 კვ/მ ფართობის ნაკვეთი და 182 კვ/მ შენობა-ნაგებობა [აქედან 3 596 კვ/მ მიწის ნაკვეთი შს სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის [თამარის დასახლებაში] დანარჩენი კი „ბათუმის ბულვარზე“.

მერიის ინფორმაციით, სანაპირო ზოლში უძრავი ქონების გასხვისებას ან/და სარგებლობაში გადაცემას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ამ ეტაპზე არ გეგმავს. ამასთან, უშუალოდ „ბათუმის ბულვარიდან“ ქალაქის ბიუჯეტში თანხა არ შედის.

ბულვარის შემოსავლები და ხარჯი

„ბათუმის ბულვარისგან“ მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ბულვარში 2014-2015 წლებში აჭარის ბიუჯეტიდან 10 208 122 ლარი დაიხარჯა. ამ ორი წლის განმავლობაში კი ბულვარის შემოსავლებმა 2 მილიონიც კი ვერ შეადგინა [ბულვარის 2014 წლის მთლიანი შემოსავალი შეადგენდა 769 460 ლარს, ხოლო 2015 წლის – 1 178 979 ლარს].

ამ შემოსავლებში შედის მთელი იმ ქონების განკარგვით მიღებული შემოსავალი, რა ქონებაც მართვის უფლებით ბულვარზეა გადაცემული – ეს იქნება სეზონურად მიწის ნაკვეთების, ასევე პლაჟების აუქციონით გაცემა, გრძელვადიანი იჯარა თუ სხვა ეკონომიკური აქტივობები.

ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არავის აქვს უფლება მასზე იჯარით ან აუქციონით გადაცემული პლაჟი შემოსაზღვროს ან სხვა დამსვენებელი არ შეუშვას: „ასეთ ფაქტებს ჩვენ გავაკონტროლებთ… პლაჟები გაიცემა შეზლონგების, ქოლგებისა და საშხაპეების განსათავსებლად, ხოლო ჩვენ ვაძლევთ მიწას [ბუნგალოებისთვის], რომ ააშენოს დროებითი, მსუბუქი კონსტრუქცია 3-4 თვით და სეზონი რომ დასრულდება, დაშალოს და გაიტანოს“.

20160512_121852

მწვანე კონცხი

ბულვარის ადმინისტრაციის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, ბულვარს გრძელვადიანი იჯარით გაცემული აქვს ბულვარის ტერიტორიაზე არსებული 16 სავაჭრო ჯიხური – 3 წლით, კაფე-ბარი თავდადებულის ქუჩის გასწვრივ – 10 წლით, ორი საპირფარეშო – 3 წლით და კაფე-ბარი სასტუმრო „ინტურისტის“ გასწვრივ. აქედან კი წლიური შემოსავალი, საიჯარო თანხა, შეადგენს 154 676 ლარს. სხვა მსხვილი თუ მცირე ობიექტები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბულვარში და სანაპირო ზოლში იმ ნაკვეთებზე ფუნქციონირებენ, რომლებიც გრძელვადიანი იჯარით ბათუმის მერიის მიერაა სხვადასხვა დროს გაცემული.

ბულვარი, რომელიც ბათუმის ქონებას განკარგავს, ქალაქის ბიუჯეტში თანხას არ იხდის, თუმცა გადასახადებს საკუთარი შემოსავლებიდან იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში. ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი იქნა დღგ და მოგების გადასახადი – 244 212 ლარი, ხოლო 2015 წელს – 317 214 ლარი.

ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს უკვე შემოსულია 1 141 241 ლარი, მაშინ როცა დაგეგმილი იყო 900 000 ლარი შემოსავლის მიღება. ბულვარი აუქციონის გამოცხადებას განაგრძობს. წელს, როგორც შარშან, კვარიათიდან მწვანე კონცხამდე 30 ბუნგალო იქნება ბულვარის მიერ გაცემულ ნაკვეთებზე. აქედან მხოლოდ სამი იქნება ბათუმში.

„ბათუმის ბულვარი“ აუდიტის დასკვნაში

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სამინისტროს 2015 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სსიპ „ბათუმის ბულვარში“ სრულად არ ხდებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივების, ქონების გადასახადით დაბეგვრა და შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვა.

მაგალითად, ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში არ არის შეყვანილი ბულვარის ადმინისტრაციული შენობა, რომელიც ბულვარზე უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემულია ბათუმის მერიის მიერ და რომელიც გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში.

ბულვარი / თორნიკე თავაძის ფოტო

ბულვარი / თორნიკე თავაძის ფოტო

სახელმწიფო აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ „ბათუმის ბულვარში“ სრულად არ ხდებოდა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა: „2015 წელს საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო შეწყვეტილი იქნა სამი ხელშეკრულება, თუმცა მოიჯარეებს არ დაკისრებიათ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ასევე შეწყვეტამდე საიჯარო საგნით სარგებლობის ქირა. მოიჯარესათვის თანხის დაკისრების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო 4 396 ლარის შემოსავლის მიღება. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე, იმ დროს, როდესაც ქონება არ იყო უფლებრივად თავისუფალი, იმავე ქონებაზე გამოცხადებულია ახალი აუქციონი“.

აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „ბათუმის ბულვარსა“ და შპს „დიზაინს“ შორის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ბულვარის ტერიტორიის მოპირკეთებითი სამუშაოების ღირებულების სახით ანაზღაურებულია 18 227 ლარი. ანგარიშსწორება ამ შემთხვევაშიც განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობის პირობებში, რაც დარღვევაა“.

გასულ წელს შპს „ვლს“-მა აიღო ვალდებულება ბათუმის ბულვარში არსებული 7 შადრევნის მოვლა-ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების ღირებულება 199 904 ლარით განისაზღვრა და ითვალისწინებდა მთელ რიგ სამუშაოებს. „მიუხედავად ამისა, მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის აღნიშნული შესრულებული სამუშაოების სახეობები და მოცულობები და მითითებულია მხოლოდ „ვლს“-ის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების თანხა“.

ბულვარის ადმინისტრაცია

ბულვარის ადმინისტრაცია

გასულ წელსვე შპს „მარეთი 777“-თან გაფორმდა ხელშეკრულებები ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად სპეციალური ავტოტექნიკის საშუალებით. ხელშეკრულებების ღირებულება 39 999 ლარით და 18 776 ლარით განისაზღვრა. „ამ შემთხვევაშიც, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის აღნიშნული შესრულებული სამუშაოების სახეობები და მოცულობები და მითითებულია მხოლოდ დაქირავებული ტექნიკის საათობრივი და რაოდენობრივი დატვირთვა – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში – რის შედეგად, სსიპ „ბათუმის ბულვარში“, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე გახარჯულია 258 679 ლარი“.

„ბათუმის ბულვარში“ ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის უფროსზე, პირად მფლობელობაში არსებული ავტომობილის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის, 2015 წლის განმავლობაში გაცემულია 276 ლიტრი საწვავი. „აუდიტის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი ავტოტრანსპორტის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტები… ზოგადად, სსიპ „ბათუმის ბულვარში“ ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯმა 51 800 ლარი შეადგინა. ცალკეულ შემთხვევებში საავტომობილო და მექანიკური ტექნიკის შეკეთებაზე შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის მითითებული, თუ რომელი ტექნიკური საშუალება შეკეთდა“.

ბულვარისა და მისი კონცეფციის ბედი

აუდიტის დასკვნაში „ბულვარის კონცეფციაზე“ გაფორმებული ხელშეკრულებაც მოხვდა. აჭარის მთავრობის განკარგულებით, „ბათუმის ბულვარს“ მიეცა უფლება ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებისა და ტოპოგრაფიული გეგმის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა გამარტივებული ფორმით. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „სასტუმრო სანატორიუმ ოაზისთან“ გაფორმდა ხელშეკრულება 240 ათას ლარზე და გადახდილი იქნა ბულვარის საკუთარი შემოსავლებიდან.

„არგუმენტები იმისა, თუ რაში მდგომარეობდა აღნიშნული ღონისძიების შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა, აუდიტის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი… აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და ბულვარის განვითარების კონცეფციის ურთიერთკავშირი დოკუმენტურად არ დასტურდება,“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ბულვარი კოლონადები

ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს [შუა ბილიკის გაუქმების მცდელობას] ასევე „ოაზისის“ მიერ წარმოდგენილი „კონცეფციის“ სამუშაო ვერსიას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ბათუმის მოსახლეობის მხრიდან. აჭარის მთავრობა აქციებით აიძულეს დაეტოვებინა შუა ალეა, რითაც შენარჩუნებული იქნა ძველი ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტურობა. რაც შეეხება კონცეფციას, „ჯერ მიღება-ჩაბარება არ მომხდარა, „ოაზისის“ მიერ წარმოდგენილ კონცეფციას განიხილავს ინსპექტირების ჯგუფი და შემდეგ გადაწყდება, მივიღებთ თუ არა მას. ალბათ, მთავრობაც გააკეთებს შესაბამის განცხადებას,“ – გვითხრეს „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურში. ფაქტობრივად იგივე განაცხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც. უშუალოდ აჭარის მთავრობიდან კი „კონცეფციასთან“ დაკავშირებით კომენტარი ვერ მივიღეთ.

როგორ უნდა განვითარდეს ზღვისპირა ზოლი ისე, რომ არ მოხდეს ჩარევა ძველ ბულვარში და ამასთან, მეტი შემოსავალი მიიღოს ქალაქმა – ამ საკითხზე მუშაობა ბათუმის მერიასა და საკრებულოს მოუწევს. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს 2017 წლის პირველი იანვრისა ბათუმის მერიამ სსიპ „ბათუმის ბულვარზე“ გადაცემული ქონება უკან უნდა დაიბრუნოს და თავად განკარგოს.

თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელდება, ბულვარის შემოსავლები მომავალში მთლიანობაში 1 მილიონ 700 ათასზე მეტი ლარი არ იქნება, ბულვარის მოვლა-შენახვის ხარჯი კი – მინიმუმ 5 მილიონი. დღეს ბათუმის საკრებულოში ბულვართან დაკავშირებით რაიმე კუთხით არავინ მუშაობს და შესაბამის წინადადებებს ბათუმის მერიისგან ელოდებიან.

IMG_20160710_092931ბათუმის მერიაში კი „ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ასიგნებები, ახალი, ა[ა]იპ „ბათუმის ბულვარისთვის“, რომელიც მერიამ უნდა დააფუძნოს და რომელიც 2017 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. მიმდინარე ტურისტული სეზონი როცა დასრულდება ბულვარში, ამის შემდეგ მოხდება ოფიციალურად უზუფრუქტის ხელშეკრულებების შეწყვეტა სსიპ „ბათუმის ბულვართან“ და ვალდებულებების განსაზღვრა ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის,“ – ასე გვიპასუხეს მერიის პრესსამსახურში.

ბათუმის მერიის მიერ ზღვის სანაპირო ზოლში იჯარით გაცემული ზოგიერთი ნაკვეთი და შემოსავლები ქალაქის ბიუჯეტში:

კობალაძის ქუჩის დასაწყისიდან ჟილინის არხამდე 19 000 კვ/მ ტერიტორია [აკვაპარკი] 49 წლით გადაცემული აქვს შპს „ევროპარკს“, რომელიც იჯარის ქირას – წელიწადში 19 950 ლარს იხდის;

შერიფ ხიმშიაშვილის #13-ის მოპირდაპირედ [ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე] 853 კვ/მ მიწის ნაკვეთში, სს „საქართველოს ბანკი“ 22 000 ლარს იხდის. ბანკს ეს ნაკვეთი 28 წლით აქვს აღებული იჯარით [კვების ობიექტისთვის]. იქვე მდებარე 714 კვ/მ ნაკვეთში კი – 17 850 ლარს წელიწადში. „საქართველოს ბანკს“ ეს ნაკვეთი 29-წლიანი იჯარით აქვს აღებული;

შერიფ ხიმშიაშვილის #9-11 სახლების მოპირდაპირედ, 500 კვ/მ 29 წლითაა გადაცემული შპს „კოშკზე“, რომელიც ყოველწლიურად ქალაქის ბიუჯეტში 12 500 ლარს იხდის [საზოგადოებრივი კვების ობიექტი/დეკორატიული კოშკი];

25 წლითაა გადაცემული 1416,7 კვ/მ შენობა [სანრემო] შპს „ხიდზე“, რომელიც საიჯარო ქირას – 8 100 ლარს იხდის წელიწადში;

ვაჟა-ფშაველასა და 26 მაისის ქუჩებს შორის ზღვისპირა პარკში [ყოფილი „სალხინოს“ ტერიტორია] და პლაჟის სექტორი #29, მთლიანობაში 13 700 კვ/მ ნაკვეთი წელიწადში 15 755 ლარად აქვს აღებული ფირმა „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთ ა.შ.“-ს [შერატონ ბათუმი]. ფირმას ეს ტერიტორია 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული;

29 წლითაა გადაცემული ბულვარში 7 391 კვ/მ ნაკვეთი შპს „BATTUN“-ზე [რესტორანი „პირსი“], რომელიც წელიწადში 15 000 ლარს იხდის ბათუმის ბიუჯეტში;

80-80 კვ/მ ფართობის სამი ნაკვეთია გადაცემული 49-წლიანი იჯარით მოქალაქეებზე, რომლებიც ბულვარში საზოგადოებრივ საპირფარეშოებს ამუშავებენ. თითოეული მათგანი კი ქალაქის ბიუჯეტში წელიწადში 2 000 ლარს იხდის.

IMG_9649

ბათუმი სანაპიროდან / თორნიკე თავაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: