კვირის ამბები,მთავარი

მანქანების ქურდები, თაღლითები და მათი მსხვერპლი

13.06.2016 • 4602
მანქანების ქურდები, თაღლითები და მათი მსხვერპლი

50 ათასი დოლარი გადაიხადა ავტომანქანაში, რომელიც ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში დგას და ლპება – თაღლითების მსხვერპლი ბათუმელი ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძეა. თუმცა ის ერთადერთი ნამდვილად არ არის, ვინც თაღლითებმა დააზარალეს. საქართველო ხდება უსაფრთხო ადგილად თაღლითური ჯგუფებისთვის, რომლებიც მოპარული ან სხვაგვარად მითვისებული ძვირადღირებული მანქანებით ვაჭრობენ.

მოპარული მანქანების საქმეს ბათუმში, ძირითადად, ქალაქის პოლიციის მე-4 განყოფილება სწავლობს. თავად განყოფილება ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზეა განთავსებული ჯავახიშვილის ქუჩაზე. პოლიციის განყოფილების ეზოში, რომელიც საერთოა სამი ხუთსართულიანი კორპუსისთვის, 10 ავტომანქანა დგას – ერთ-ერთი პოლიციამ 3 თვის წინ მიიყვანა და გააჩერა, ზოგიც დაახლოებით 3-5 წლის წინ. მათგან 2 სატვირთო მანქანაა, ერთი მიკროავტობუსი, დანარჩენი კი მსუბუქი მანქანებია. ვიზუალური დათვალიერებით ისე ჩანს, რომ მანქანების უმრავლესობა ერთი დანიშნულებით თუ გამოდგება – ჯართში ჩასაბარებლად.

ჩამორთმეული ავტომანქანები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ყავთ გაჩერებუული.

ჩამორთმეული ავტომანქანები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ყავთ გაჩერებუული.

ეზოში ამბობენ, რომ მიკროავტობუსი, რომელიც პოლიციამ დაახლოებით სამი თვის წინ მოიყვანა და ჩაკეტა, ბავშვების სათამაშო ადგილად იქცა. მანქანას ლუქი მომძვრალი აქვს და კარებიც ნამდვილად ღიაა [მანქანის სალონიდან ბავშვები მას შემდეგ გაიქცნენ, რაც ჟურნალისტები დაინახეს – ავტ.] ეზოში მცხოვრებლებს ეს ნაკლებად აწუხებს, მათი წუხილის საგანი ის არის, რომ როდესაც პოლიციელები თავიანთ მანქანებსაც აჩერებენ განყოფილების წინ, სივიწროვის გამო აქ მცხოვრებლები ეზოში მანქანებით შესვლა-გამოსვლას ვეღარ ახერხებენ.

თუმცა ბავშვებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის ავტომანქანა, რომელშიც ბიზნესმენმა ელგუჯა თურმანიძემ – „ელთ კომპანის“ დამფუძნებელმა 50 ათასი დოლარი გადაიხადა. ის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში დგას. ამ ეზოში შესვლა-გამოსვლას კი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

ელგუჯა თურმანიძე ამბობს, რომ მანქანის გაძარცვა გამორიცხულია, მაგრამ ეს არ არის შეღავათი, რადგან „ის მზის გულზე უკვე მეექვსე თვეა ლპება“.

ელგუჯა თურმანიძემ ავტომანქანა 2015 წლის დასაწყისში შეიძინა, საუბარია 2014 წელს გამოშვებულ მერსედეს G-ზე.

„იმპორტიორი იყო გია ბითარიშვილი, რომელიც ლიტვაში ცხოვრობს. თუ არ ვცდები, საქართველოს მოქალაქეა. მან ეს მანქანა ბათუმელ ნოდარ ჯაფარიძის სახელზე განაბაჟა, რომლისგანაც გასხვისდა ჩემზე. საპატრულოში გადმომიფორმეს“, – ყვება ბიზნესმენი, რომელიც თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა.

2015 წლის ბოლოს ელგუჯა თურმანიძემ თავისი მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა. საპატრულო პოლიციაში სწორედ ამ მიზნით მისულს უთხრეს, რომ მისი ძვირადღირებული მანქანა ინტერპოლით იძებნებოდა და იქვე ჩამოართვეს.

ელგუჯა თურმანიძის აზრით, თაღლითები აქტიურად იყენებენ ინტერნეტრესურსებს: „პიროვნება, რომელმაც მე მომყიდა ავტომანქანა, მას კანონიერად ფლობდა ლიტვაში და იქვე აპირებდა რეალიზაციას, შესაბამისად, დადო იქაურ საიტზე. მყიდველმა, რომელიც ქალია, ინვოისის საფუძველზე მოახდინა უნაღდო ანგარიშსწორება ავტომობილის შესაძენად, მაგრამ ბითარიშვილმა მანქანა აღარ მიაწოდა ფულის გადამხდელს და წამოიყვანა საქართველოში“.

ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც არც სახელმწიფოს გადაეცა, არც კერძო პირს. ეს მანქანები ახლა გამოუსადეგარია

ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც არც სახელმწიფოს გადაეცა, არც კერძო პირს. ეს მანქანები ახლა გამოუსადეგარია

თაღლითებს საუკეთესო სქემა აქვთ საიმისოდ, თუ როგორ გაყიდონ მანქანა ისე, რომ პოლიციას გვერდი აუარონ. ელგუჯა თურმანიძის შემთხვევაში ეს ასე გამოიყურება:

„გერმანიიდან, ამერიკიდან მანქანის მოწოდებას 2-3 თვე მაინც სჭირდება. ამ პერიოდში პირველ პოტენციურ მყიდველს აჩერებდა – ატყუებდა გზაშია მანქანაო. ლიტვის მოქალაქემაც პოლიციას რამდენიმე კვირის ლოდინის შემდეგ მიმართა თანხის დასაბრუნებლად, თანხა რომ ვერ მიიღო, მერე მოითხოვა მანქანა… ინტერპოლი სანამ ძებნას გამოაცხადებდა, გავიდა 3-4 თვე. თაღლითმა ეს დრო გამოიყენა იმისთვის, რომ მეორედ გადაეყიდა მანქანა, ანუ ჩამოიყვანა საქართველოში და მე მომყიდა, თანაც ძებნის გამოცხადებამდე. ცხადია, VIN-კოდის შეცვლა არც კი დასჭირვებია. სქემა ასეთია – ორჯერ გაყიდა ერთი მანქანა, მაგრამ რეგისტრაცია მოხდა ჩემთან“.

ელგუჯა თურმანიძის თქმით, მას მერსედესში 50 ათასი ამერიკული დოლარი აქვს გადახდილი, ხოლო ლიტვის მოქალაქეს – 49 ათასი ევრო. ამის მიუხედავად ბიზნსმენი გამორიცხავს, რომ ეს მანქანა მისგან წაიყვანონ.

„მანქანის დაბრუნება სხვაზე გამორიცხულია, ამისი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. ჩემგან მანქანას ვერ წაიყვანენ“, – აცხადებს ელგუჯა თურმანიძე, რომელმაც პროკურატურას სთხოვა, მისთვის, როგორც კეთილსინდისიერი მყიდველისთვის მიეცათ მანქანით სარგებლობის უფლება. მით უფრო, რომ ამის საშუალებას ქართული კანონმდებლობა იძლევა:

„არის სამართლებრივად იმის საშუალება, ჩემთვის რომ მოეცათ სარგებლობაში, თუნდაც იმიტომ, რომ მანქანა დაზღვეულია და რამე რომ მოსვლოდა, თანხით ანაზღაურდებოდა. მეორე ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები კარგა ხანია ჩატარდა და იმის იქ დგომას აზრი არ აქვს. მესამეც – რამე შემზღუდველი სამართლებრივი ღონისძიება ჩვენს შსს-ს არ აქვს გატარებული, მაგალითად, ყადაღა არ აქვს დადებული… შევხვდი ქალაქის პროკურორს. მართალი ხარ, მაგრამ შევისწავლით საქმეს და მანქანას ისე დაგიბრუნებთო. ვალი მოიხადა – კი ბატონო, ჰო ბატონო, მაგრამ… მე თუ მკითხავთ „დურდომია“ ქვეყანაში“.

ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც არც სახელმწიფოს გადაეცა, არც კერძო პირს. ეს მანქანები ახლა გამოუსადეგარია

ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც არც სახელმწიფოს გადაეცა, არც კერძო პირს. ეს მანქანები ახლა გამოუსადეგარია

მიუხედავად იმისა, რომ ერთ მანქანაში ორ მოქალაქეს აქვს სოლიდური თანხა გადახდილი, ამ ნივთით ვერც ერთი მათგანი ვერ სარგებლობს – მანქანა უკვე ნახევარი წელია საპატრულო პოლიციის ეზოშია გაჩერებული, სხვა მსგავსი ხარვეზის მქონე არაერთ მანქანასთან ერთად. ამის მიუხედავად ელგუჯა თურმანიძე ფიქრობს, რომ მანქანას, რომელშიც 50 ათასი დოლარი გადაიხადა, შემდეგ ერთ თვეში დაიბრუნებს. რა რიგ საკვირველიც არ უნდა იყოს, მას ამის მოლოდინიც იმ ადამიანმა გაუჩინა, ვინც მანქანა თაღლითური გზით მიყიდა 15 თვის წინ:

„ვინც მომყიდა ის ბრძანდებოდა ლიტვაში თავის იურისტთან ერთად. მისი თქმით, სავარაუდოდ, ის ქალბატონი დააკმაყოფილა თანხით და იმანაც უკვე გამოიტანა საჩივარი შსს-დან. მანვე ექვსგვერდიანი წერილი გამომიგზავნა, რომელიც შედგენილია ლიტვურ ენაზე. თითქოს ეს ის წერილი უნდა იყოს, რომელიც ლიტვის პროკურატურამ ჩვენს პროკურატურას გამოუგზავნა – ამა და ამ ადამიანზე აღარ არის სისხლის სამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, არც მანქანა იძებნებაო. თუ ეს სიმართლეა და არ მატყუებს, წერილის ოფიციალურად ჩამოსვლას სჭირდება დრო – ლიტვურ ენაზე შედგენილი წერილი ორი ქვეყნის ინტერპოლის გავლით უნდა მივიდეს აჭარის პოლიციაში. ეს ერთთვიანი პროცესია, მე წერილი დაახლოებით 10 დღის წინ გამომიგზავნა. ცხადია, საეჭვოა, რომ ეს სიმართლე იყოს. შეიძლება, უბრალოდ, კიდევ ერთი თვით გვაჩერებს, რომ გამიშვი-დამაკავე არ გვქონდეს“.

ელგუჯა თურმანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში თაღლითებისგან თავის დაცვის ერთადერთი გზა არსებობს: „არ უნდა იყიდო მეორადი მანქანა. თუ ფული არ გყოფნის, იყიდე თუნდაც ჟიგული, მაგრამ არამც და არამც – მეორადი მანქანა“.

ეს დაზარალებული ბიზნესმენის რეკომენდაციაა.

კიდევ ერთი დაზარალებულია ბათუმელი ნანა [სახელი შეცვლილია, რადგან მას არ სურს საკუთარი თავის იდენტიფიცირება], რომელიც ასევე ბიზნესს უკვე წლებია უძღვება. ნანამ გასული წლის ბოლოს იყიდა 2014 წელს გამოშვებული „აუდის“ ტიპის ჯიპი. მანქანის VIN კოდი არც ამ შემთხვევაში ყოფილა დაზიანებული. ნანამ მანქანაში 25 ათასი დოლარი გადაიხადა.

„მერსედესი მყავდა, მაგრამ აჩემებული მქონდა – ჯიპი თუ გამოჩნდა, ვიყიდი-მეთქი. მეგობრებმა დამირეკეს გუდაურიდან, სულ ახალი ჯიპია ჩამოსული, კაზინოში წაუგიათ და სასწრაფოდ იყიდებაო. მაგ მანქანის რეალური ფასი ბაზარზე 45 ათასი დოლარი მაინც იყო. მანქანა რომ ვნახე, ძალიან მომეწონა, სასწრაფოდ გავყიდე ჩემი მერსედესი, დანარჩენი თანხა ავტოლომბარდიდან ავიღე… ჩვეულებრივად განვაბაჟე“.

ნანამ თითქოს იზრუნა იმაზეც, რომ არ მოტყუებულიყო, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა თავის დაცვა. „რადგან რუსეთიდან იყო [მანქანა ჩრდილო ოსეთის ნომრებით შემოიყვანა მოსკოვში მცხოვრებმა ოსმა] და მსმენოდა რაღაცები, ძალიან ვთხოვე საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოში, რომ ყურადღებით შეემოწმებინათ – მანქანას ყველაფერი სუფთა ჰქონდა“, – ყვება დაზარალებული.

ერთ წელში, ანუ 2016 წლის თებერვალში, ნანამ მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა: „ვიფიქრე, ცოტა მეტს ავიღებ-მეთქი. მივედი მომსახურების სააგენტოში დოკუმენტებით და გამოჩნდა, რომ მანქანას ინტერპოლით რუსეთი ეძებდა. ამ ერთი წლის განმავლობაში დაჯარიმებული ვყავდი პატრულს, მაგრამ, როგორც ჩანს, პატრულს არ აქვს წვდომა მსგავს ინფორმაციაზე, არც მებაჟეებს. ასე გამოდის – ეს მანქანა მთელი ცხოვრება რომ არ გამესხვისებინა, ვერ იპოვიდნენ“.

ეს სატვირთო ახლახანს ამოიღო პოლიციამ, მაგრამ ლუქი ყველას მომძვრალი აქვს. მიკრო ავტობუსი ბავშვებისთვის სათამაშო ადგილად იქცა.

ეს სატვირთო ახლახანს ამოიღო პოლიციამ, მაგრამ ლუქი ყველას მომძვრალი აქვს. მიკრო ავტობუსი ბავშვებისთვის სათამაშო ადგილად იქცა.

ნანას ავტომანქანა ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილებამ ჩამოართვა. „დაპლომბეს და დაიწყეს გამოძიება. როგორც ვიცი, მხოლოდ ჩემი საქმის გამოძიება არ მიდის, რაღაც საქმეებია გაერთიანებული. თუ არ ვცდები, საქმეს პროკურორი ზურაბ კონცელიძე იძიებს“, – ყვება ნანა, რომელმაც უკვე გაიცნო ის ადამიანი, ვისაც მანქანა მოპარეს: – „ერთი თვის უკან გამოჩნდა ჩემი „აუდის“ მეპატრონე – მოსკოვიდან ჩამოფრინდა და მეც მნახა. ვუთხარი, რომ კეთილსინდისიერი მყიდველი ვარ, ფული გადავიხადე. მან თქვა, რომ 31 იანვარს მოპარეს მანქანა. იმ კაცმა, მართალია, მიმართა პოლიციას, მაგრამ სანამ განყოფილებამ აღძრა საქმე, მერე სანამ ინტერპოლს გადაეცა, დრო დასჭირდათ. ესენი კი საქართველოში სადღაც 3 დღეში შემოსულან. მე მანქანა 2015 წლის 1-ელ თებერვალს ვიყიდე“.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოველ მეპატრონეს მანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები თან ჰქონდა, ისიც მანქანის გარეშე გაუშვეს უკან.

ქართველი დაზარალებულის თქმით, „აუდთან“ დაკავშირებული ქურდობა-თაღლითობის სქემა ასე გამოიყურება: „მანქანის მოპარვის შემდეგ მოსკოვიდან წამოსულან ოსეთში, სადაც გამოუცვლიათ ნომრები, გაუყალბებიათ ტექნიკური პასპორტი და საქართველოში მანქანა ჩამოუყვანიათ როგორც გამყიდველებს. უნდა მივმხდარიყავი, რომ 25 ათას დოლარად ამ მანქანას არავინ გაყიდდა, მაგრამ იმის გამო შევცდი, რომ მითხრეს კაზინოში აქვს წაგებულიო. ახლა უკვე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მანქანა დგას პოლიციის სამმართველოს ეზოში, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ასეთი პრობლემა. საჭიროა კანონმდებლობის შემუშავება, რადგან თაღლითურ სქემებს უკვე ბევრი მსხვერპლი ჰყავს“.

ელგუჯა თურმანიძისგან განსხვავებით ნანას არ სჯერა, რომ მას ვინმე დაუბრუნებს მანქანას, რომელშიც 25 ათასი დოლარი გადაიხადა: „ძალიან დიდი ზარალი განვიცადე. ყველა მეუბნება, რომ მანქანა ან უკან წავა, ან წლებით გააჩერებენ პოლიციის ეზოში და დალპება, ანუ მე მაგ მანქანას ვერ მივიღებ“.

წითელი ცირკულარით ძებნილი მანქანები ყველაზე ხშირად რუსეთიდან შემოდის.

გადაბეჭდვის წესი