მთიანი აჭარა

ხულოში საქონლის დაკვლის ღირებულების მხოლოდ 20 პროცენტს გადაიხდიან

27.08.2016 • 1462
ხულოში საქონლის დაკვლის ღირებულების მხოლოდ 20 პროცენტს გადაიხდიან

ხულოს გამგეობამ „ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა~ შეიმუშავა, რომლის ფარგლებში გამგეობა ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ლიცენზირებულ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ღირებულების 80%-ს დაუფინანსებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს პირველი მიზნობრივი პროგრამაა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლის მეურნეობის კუთხით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსა.

„ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა~ პირველი აგვისტოდან ამოქმედდა. იმისთვის, რომ მოქალაქემ ამ პროგრამით ისარგებლოს, მან ხულოს გამგეობას ლიცენზირებული სასაკლაოს მიერ გაცემული ცნობა, ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2 და დაკლული პირუტყვის მესაკუთრის ცნობა უნდა წარუდგინოს. პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ გამგეობა სასაკლაოს საქონლის დაკვლის ღირებულების 80%-ს ჩაურიცხავს, დაკვლის ღირებულების დარჩენილი 20% კი მოქალაქემ უნდა გადაიხადოს.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი თორნიკე მიქელაძე ამბობს, რომ პროგრამა მოსახლეობის მოთხოვნისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მესაქონლეობის დარგის განვითარების საფუძველზე შემუშავდა. მისი თქმით, პროგრამით სარგებლობაში შეზღუდვები არ არის და მოქალაქეს იმდენი საქონლის დაკვლის ღირებულება დაუფინანსდება, რამდენზეც პროგრამით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას წარუდგენს გამგეობას. პროგრამის საწყისი ბიუჯეტი 20 000 ლარია.

„მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ლიცენზირებულ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ღირებულების თანადაფინანსება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ მოხდება. როდესაც მოქალაქე შესაბამის დოკუმენტაციას წარმოუდგენს გამგეობას, გამგეობის შესაბამისი სამსახური დაკვლის ღირებულების 80%-ს სასაკლაოს ჩაურიცხავს. პროგრამის დაფინანსება – 20 000 ლარი, ხუთი თვისთვის გაიწერა. ეს თანხა ამ დროის განმავლობაში სრულიად საკმარისია,“ – ამბობს თორნიკე მიქელაძე.

აჭარაში სულ ოთხი ლიცენზირებული სასაკლაოა: ხელვაჩაურში, ქობულეთში, ხულოსა და შუახევში. ხულოს მუნიციპალიტეტში სასაკლაო სოფელ ღორჯომში ფუნქციონირებს. შპს „ორი გიო~ ამ სოფელში 2013 წელს გაიხსნა, სადაც პირუტყვის დაკვლის ღირებულება 40-50 ლარია.

გადაბეჭდვის წესი