კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ცვლილება კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, თუ დავით კვაჭაძის ასარჩევად?

09.03.2016 • 2058
ცვლილება კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, თუ დავით კვაჭაძის ასარჩევად?

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევისა და ხელახალი კონკურსის დაანონსების შემდეგ, კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი ჯაშმა კანონპროექტი მოამზადა და უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ მეთოდით არჩეული უსკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას უკვე ორჯერ ჩავარდნილი დავით კვაჭაძის ასარჩევი პირობები.

ირაკლი (მაილო) ჯაშის პროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის იმ მუხლში ცვლილებას ითვალისწინებს, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ბუნდოვანი ჩანაწერი“ უწოდა. არჩილ ხაბაძემ სწორედ ამ მიზეზით ახსნა უსკოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად ხელახალი კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება.

წარდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებში. უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება და მათ ასარჩევად საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ნაცვლად, საკმარისი იქნება სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ნება, არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

ირაკლი ჯაშის მიერ ინიცირებული პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიურომ პირველ მარტს განიხილა. პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია, თუმცა ბიურომ 7 ხმით 3-ის წინააღმდეგ ის მაინც დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა ბიუროს წევრმა მედეა ვასაძემ არ მიიღო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ბიუროს წევრებმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ირაკლი (მაილო) ჯაშის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭო უსკოს თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით ირჩევს მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანდიდატის უმაღლეს საბჭოში წარდგენიდან არა უგვიანეს 14 სამუშაო დღეში. უსკოს თავმჯდომარე არჩეულად მიიჩნევა, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ხმები გაიყო, წარმოდგენილ კანდიდატს იმავე დღეს კიდევ ერთხელ ეყრება კენჭი. თუ იგივე შედეგი დაფიქსირდა ან არ იქნა არჩეული უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მაშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია 3 დღის ვადაში უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარეობის ვაკანსიაზე წარუდგინოს იგივე კანდიდატი, ან ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა იწყება თავიდან. იმავე კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში კი პროცედურები მეორდება. თუ კვლავ არ იქნა არჩეული უსკოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 3 დღის განმავლობაში აცხადებს კონკურსს, რომელში მონაწილეობის უფლებაც აღარ ექნება ყოფილ კანდიდატს.

ბიუროს სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

ბიუროს სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

იმისათვის, რომ სხდომა ჩატარდეს, საჭიროა კვორუმი. კვორუმის მისაღწევად 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში სხდომას 11 დეპუტატი მაინც უნდა დაესწროს. გამოდის, 11 დეპუტატიდან 6-მა უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მხარი რომ დაუჭიროს, ის არჩეულად ჩაითვლება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით წესდება უსკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე არჩევის დაბალი კვორუმი, რაც გამორიცხავს უსკოს წევრებისა და თავმჯდომარეების ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხს: „უმაღლეს საბჭოში მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს და ზემოაღნიშნული ცვლილებებით გამოირიცხება ოპოზიციის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ინიციატივა მორგებულია კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესსა და კანდიდატზე“.

უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ჯაშის მიერ შეთავაზებული კანოპროექტი ბოიკოტის რეჟიმში ჩადგომას აიძულებს იმ დეპუტატებს, რომლებიც კონკრეტული პირის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ: „სხდომას, სადაც უსკოს თავმჯდომარე ვერ ავირჩიეთ, თავისუფალი დემოკრატები ვესწრებოდით, მაგრამ კენჭისყრაში არ მივიღეთ მონაწილეობა. ამ პროექტის მიღების შემთხვევაში კი გამოვა, რომ ბოიკოტის რეჟიმში უნდა გადავიდეთ“.

ირაკლი (მაილო) ჯაშის თქმით, მისი პროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, კოლეგა დეპუტატებს დაეხმარება სხდომაზე მისვლის ვალდებულება კარგად გააცნობიერონ. მისი განმარტებით, აბსურდულია მოსაზრება, რომ კანონპროექტი ერთი კონკრეტული პირის, დავით კვაჭაძის უსკოს თავმჯდომარედ არჩევას ემსახურება.

ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არ აღმოფხვრის უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის ხარვეზებს და არ არის მიმართული არჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ. ორგანიზაცია მოუწოდებს უმაღლეს საბჭოს, არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი: „შემოთავაზებული ცვლილებები იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვნად დააზარალებს უსკოს, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სანდო საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას“.

ცოტა ხნის წინ, კონკურსისა და წარდგენა-ვერდამტკიცების პროცედურების გავლის შემდეგ, ანუ პროცესის ბოლოს, აჭარის მთავრობამ აღმოაჩინა, რომ ბუნდოვანია საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც უსკოს თავმჯდომარე უნდა შეერჩიათ და შემდეგ დაემტკიცებინათ. საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი შეარჩია. მათგან ერთ-ერთი მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა. უმაღლესმა საბჭომ წარდგენილ კანდიდატურას, დავით კვაჭაძეს, კენჭი უყარა და ჩააგდო, მეორე-მესამე ცდაზე კენჭისყრა კვორუმის არ არსებობის გამო არ ჩატარდა.

უსკოს თავმჯდომარეობის განმეორებითი შესარჩევი კონკურსი, რომელიც არჩილ ხაბაძემ უკვე გამოაცხადა, 10 მარტს დასრულდება.

მიმდინარე კვირაში აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კონკურსანტი უკვე დარეგისტრირდა. ერთ-ერთი მათგანი დავით კვაჭაძეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: