კვირის ამბები

ტყვიის შემცველი მტვერი ბავშვის ორგანიზმში შესაძლოა ძველად აშენებული შენობების და ავეჯის ზედაპირიდან მოხვდეს

27.10.2015 • • 3588
ტყვიის შემცველი მტვერი ბავშვის ორგანიზმში შესაძლოა ძველად აშენებული შენობების და ავეჯის ზედაპირიდან მოხვდეს

 

გარდა ამისა, ბავშვების ტყვიით მოწამვლას იწვევს ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი სათამაშოების ღეჭვა, შეღებილი საწოლების მოაჯირების პირით შეხება, საღებავის მტვრის შესუნთქვისას და ა.შ.

 

ჯანმოს განმარტებით, ტყვია მეტალია, რომელიც შხამავს ადამიანს და მძიმე ზეგავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. იგი განსაკუთრებით საშიშია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, თუმცა მათ უმრავლესობას ჩივილები არ აღენიშნება. ტყვიით მოშხამვასთან დაკავშირებული ძირითადი მახასიათებლებია: ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები, დაქვეითებული მეტყველებითი უნარები, ჰიპერაქტიულობა, სირთულეები კითხვაში, კოორდინაციის გაძნელება, ქცევითი პრობლემები, დაბალი მოსწრება სკოლაში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის უნარის დაქვეითების მაღალი პროცენტი, ზრდისა და განვითარების დარღვევა.

 

საქართველოში ტყვიისა და მისი ნაერთების გამოყენება საკვებ პროდუქტებთან შეხებაში მყოფ მასალებსა და ნაკეთობებში იზღუდება. იგი ასევე ამოღებულია კოსმეტიკური საშუალებების წარმოებიდან (გარდა თმის საღებავისა – რძემჟავა ტყვია, გათვლილი 0,5% ტყვიაზე). თუმცა, ისევ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში ასობით ტონა საღებავი იმპორტირდება, საბაჟოებზე კი ქიმიური ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის და ტესტირება/იდენტიფიკაციის საშუალებების არ არსებობის გამო, ქიმიურ ნივთიერებათა იმპორტ-ექსპორტის ეფექტური კონტროლი ვერ ხორციელდება.


აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, 1991 წელს ყოველი 6 გამოკვლეული ბავშვიდან ერთს ტყვიით მოშხამვის ნიშნები ჰქონდა.

„ჯანმრთელობისა და გარემოს გამოკვლევის მესამე ნაციონალური კონგრესის მასალების მიხედვით, აშშ-ში 930 ათასი სკოლამდელი ასაკის ბავშვის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა აღემატებოდა დაავადებათა კონტოლისა და პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ ნორმას (ნორმა 10 მგ/დლ). დაახლოებით 275 ათასი ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იყო 15 მგ/დლ, 85 ათას ბავშვში – 20 მგ/დლ“ – წერია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ ბროშურაში.


ტყვიით მოშხამვის შედეგები ხშირად შეუმჩნეველია და მკურნალობის გარეშე რჩება. აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში პრევენციის მიზნით, ბავშვების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის საყოველთაო პირველადი სკრინინგი ტარდება. საქართველოში ასეთი კვლევა, რომელიც დაადასტურებდა ტყვიის მავნე გავლენას ბავშვთა და მოზადთა ჯანმრთელობაზე, არ ჩატარებულა.



ტყვიით მოწამვლას ასევე იწვევს, ინდუსტრიული წარმოების ნარჩენებით და ტყვიის შემცველი საწვავით გარემოს დაბინძურება, რაც პირველ რიგში ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისთვის არის საშიში. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ტყვიაშემცველი ბენზინის ან ტეტრაეთილტყვიის საქართველოში იმ­პორტის ან გაყიდვისთვის, თუმცა ამ სამართალდარღვევის აღმოჩენა დღეს არსებულ არც ერთ სტრუქტურას არ აკისრია.



იმისთვის, რომ დაიცვათ ბავშვები ტყვიით მოშხამვისგან: კვირაში ერთხელ აუცილებლად უნდა დაალაგოთ ოთახები სველი წესით, ასევე მოერიდეთ ბავშვებისთვის მეტალის შეფუთვით საკვების ყიდვას. ბავშვის საკვები მდიდარი უნდა იყოს რკინით, კალციუმითა და ცილებით, რადგან ისინი ზრდიან ტყვიისადმი ორგანიზმის გამძლეობას. ბავშვისთვის არასასურველია ზედმეტად ცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის დიდი ხნით შეჩერებას.


                     

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ტყვიით მოწამვლა, მიმართეთ ექიმს და მოითხოვეთ ტყვიის შემცველობაზე სპეციალ­ური სისხლის ანალიზი. თუ ანალიზმა უჩვენა ტყვიის დასაშვებზე მეტი კონცენტრაცია, ექიმი ბავშვს დაუნიშნავს შესაბამისი მკურნალობის კურსს.  ამავე დროს, მოთხოვეთ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეამოწმონ თქვენი საცხოვრებელი რაიონის ტყვიით დაბინძურების შესაძლო წყაროები და გამოიკვლიონ ნიადაგში ტყვიის შემცველობა.




გადაბეჭდვის წესი


ასევე: