კვირის ამბები

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია პრემიერს მიმართავს

10.11.2015 • • 2189
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია პრემიერს მიმართავს

 

 

 

ღია წერილი, ასოციაციის გაფართოებულ შეხვედრაზე (ვორქშოფზე) მომზადდა, რომელიც თბილისში, 7 ნოემბერს ჩატარდა.  მას, საქართველოს მასშტაბით, ასოციაციის 35 წევრი კოლეჯის წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

საქმე ეხება საქართველოში მოქმედ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების არაავტორიზებულ ფილიალებს და წარმომადგენლობებს – “ამ დაწესებულებებში ხორციელდება როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გაიცემა შესაბამისი დიპლომებიც, თუმცა არც სასწავლო პროცესი და არც სასწავლო გარემო, არცერთი შესაბამისი უწყების მხრიდან არ ეწვემდებარება შემოწმებას და იმის დადგენას, თუ რამდენად არის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

ამ “საეჭვო” უნივერსიტეტებში მოქალაქეებს განუმარტავენ, რომ ისინი არიან არა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, არამედ უცხოური უნივერსიტეტების ფილიალები” – წერია მიმართვაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს  კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 14, პუნქტი 4) უცხო ქვეყნის დაწესებულების ფილიალსაც ავალდებულებს საქართველოში ავტორიზაციის გავლას.

“ზოგიერთი ასეთი დაწესებულების წარმომადგენლები, რომლებიც კანონმდებლობაში მეტ-ნაკლებად ერკვევიან, ასევე აცხადებენ, რომ მათი სასწავლებელი არა ფილიალი, არამედ წარმომადგენლობაა და ავტორიზაციის ვალდებულება არ გააჩნიათ. ამ შემთხვევაში მათ, მითუმეტეს არაფერი აქვთ საერთო საგანმანათლებლო საქმიანობასთან, რადგანაც საქართველოს კანონმდებლობით ფილიალი ნიშნავს: “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (კანონი უმაღლესი განათლების შესახებ მუხლი 2, პუნქტი ჰ17). ესე იგი, თუ ეს სატყუარა წარმომადგენლობა” ფილიალიც კი არაა, მაშინ ის არც უნივერსიტეტის ნაწილია და არც პროგრამების განხორციელების უფლება აქვს.”

 

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ცნობით, მათ ამ პრობლემის შესახებ აქამდეც მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, თუმცა უშედეგოდ – “განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან წერილობითი და პირად შეხვედრებზე დაფიქსირებული მზადყოფნის მიუხედავად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად წელსაც არაფერი შეიცვალა და არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები”.

 

ღია წერილს ხელი მოაწერა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო გომელაურმა და ასოციაციის წევრმა 35 კოლეჯის წარმომადგენელმა. 

 

 

უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების არაავტორიზებული ფილიალების საქმიანობის შესწავლისა და პრობლემის დროულად მოგვარების გარდა, კოლეჯების წარმომადგენლებმა 7 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის თაობაზეც იმსჯელეს.

 

შეხვედრაზე მომზადდა მინისტრის ბრძანების ალტერნატიული დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირდა ცვლილებები იმ სტუდენტების სასარგებლოდ, რომლებიც სასწავლებლად აირჩევენ კერძო პროვაიდერს. დოკუმენტის პროექტი ჩამოყალიბდა ისეთი შინაარსით, რომ პროფესიული სტუდენტები დაფინანსდნენ არა მხოლოდ საჯარო სექტორის, არამედ კერძო სექტორის არჩევის შემთხვევაშიც. დოკუმენტის პროექტი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პრემიერმინისტრს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: