კვირის ამბები

ბიზნესიდეა და შანსი – 870 მოქალაქე დაფინანსების მოლოდინში

21.10.2015 • 1615
ბიზნესიდეა და შანსი – 870 მოქალაქე დაფინანსების მოლოდინში

 

სახელმწიფო პროგრამით დაფინანსების მოპოვებას აჭარაში, საერთო ჯამში, 870 ადამიანი ცდილობს. აჭარის მასშტაბით ყველაზე მეტი დაინტერესება ქობულეთის მუნიციპალიტეტზე მოდის, ბიზნესიდეის დაფინანსებას აქ 195 ადამიანი ელოდება. მეორე ადგილზეა ბათუმი – 134 განაცხადით. ხელვაჩაურიდან 80 განაცხადია შესული, რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, დაფინანსების მოსაპოვებლად ქედიდან – 80, ხულოს მუნიციპალიტეტდან – 41, შუახევიდან კი ყველაზე ცოტა, 21 განაცხადი შევიდა. 

 

პროგრამას სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო აფინანსებს და აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შპს „ჯი-ემ-სი-ჯი~ ახორციელებს.

 

კომპანია „ჯი ემ სი ჯი“-ს დირექტორი და აჭარაში პროექტის კოორდინატორი მაია შიშნიაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის ბენეფიციარების ტრენინგი მიმდინარეობს და მათ ბიზნესგეგმის დაწერას ასწავლიან.

 

„დაახლოებით 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება ტრენინგები, ნახევარზე მეტს ჩავუტარეთ, მაგრამ დიდი რაოდენობა დარჩენილია. ჯგუფში 20 ადამიანია და ერთ ჯგუფს ორი დღის განმავლობაში ვასწავლით, თუ როგორ უნდა დაწერონ ბიზნესგეგმა. ჩვენ ვმუშაობთ ბენეფიციარებთან, რომლებსაც არასდროს დაუწერიათ ბიზნესგეგმა. ბიზნესგეგმის ფორმატი გავამარტივეთ, რომ არ გაუჭირდეთ შედგენა. ეს არის ინტენსიური ტრენინგკურსი, პრაქტიკული რჩევები, როგორ მოვამზადოთ ბიზნესგეგმა გამარტივებული ფორმით, მაგალითები მოგვყავს, რა არის შეცდომა, რას მიაქციონ ყურადღება და ა.შ.“, – ამბობს მაია შიშნიაშვილი.

 

პროექტის კოორდინატორის თქმით, ტრენინგების შემდეგ ბენეფიციარებს შეუძლიათ დაწერონ ბიზნესგეგმა და დასაფინანსებლად წარადგინონ.

 

„ბიზნესგეგმის წარდგენა ეტაპობრივად ხდება. იდეის ავტორებს ტრენინგიდან 12 დღის განმავლობაში შეუძლიათ წარმოადგინონ ბიზნესგეგმა. როცა ტრენინგიდან მიდის ბენეფიციარი, მას თითქმის დაწერილი აქვს გეგმა, მხოლოდ კომპიუტერზე აწყობა რჩება.“

 

პროგრამის ფარგლებში სააგენტო ერთი მეწარმის ბიზნესიდეას 5 000, ორი მეწარმის (ამხანაგობას) – 10 000 ლარით, სამის კი – 15 000 ლარით დააფინანსებს. დაფინანსების მისაღებად მეწარმემ თანადაფინანსების თანხის მინიმუმ 20% ინვესტიცია უნდა განახორციელოს ბიზნესიდეაში.

 

მაია შიშნიაშვილი ამბობს, რომ ბინზესგეგმის დაფინანსება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და ყველა შერჩეული ბიზნესგეგმა 2015 წლის ბოლომდე დაფინანსდება.

 

„თვის ბოლოს დავიწყებთ დაფინანსებას, თუმცა მანამდე ადგილზე განვახორციელებთ მონიტორინგს, რის შემდეგაც დაიდება ხელშეკრულება და ბენეფიციარი თავის თანხას ხარჯავს, შემდეგ იღებს დაფინანსებას. როდის მიიღებს დაფინანსებას, ეს ბენეფიციარზეც არის დამოკიდებული, თუ რა პერიოდში გაეცნობა ხელშეკულებას ის, დახარჯავს თავის თანხას, დაფინანსების გაცემა წელს დასრულდება“, – განმარტავს მაია შიშნიაშვილი.

 

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, თუმცა რამდენი დაიხარჯება აქედან აჭარის რეგიონზე, განსაზღვრული არ არის. პროექტის კოორდინატორი აჭარაში აცხადებს, რომ არც თანხა არის ლიმიტირებული და არც ბიზნესგეგმა, ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა კარგი ბიზნესგეგმა დაფინანსდება: „დასაფინანსებელი ბიზნესგეგმები ლიმიტირებული არ არის, სამი რეგიონიდან შემოსული ბიზნესგეგმიდან ის მოიპოვებს დაფინანსებას, რომელიც იქნება საუკეთესო. სამართლიანობის პრინციპი დაცული იქნება, ვინც კარგ იდეას მოიფიქრებს, მოტივირებულია და აქვს უნარი განახორციელოს იდეა, ის მიიღებს დაფინანსებას“.

 

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

7 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებიდან სააგენტოში დასაფინანსებლად 100 მომზადებული ბიზნესგეგმა შევიდა, მაია შიშნიაშვილის თქმით, სოფლებიდან ბევრი ისეთი ბიზნესგეგმა მიიღეს, რაც სოფლის მეურნეობასთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული, ბიზნესგეგმები კვების ობიექტების, საწყობების, სამრეცხაოებისა და ამ ტიპის დაწესებულებების მოწყობას გულისხმობს.

 

მაია შიშნიაშვილის თქმით, „შემოსული ბიზნესგეგმებიდან დაახლოებით 40% იქნება, რაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მოიცავს“.
მაია ბოლქვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, მცირე საწარმოს გახსნას გეგმავს დაფინანსების მიღების შემთხვევაში. „ოჯახის წევრებთან ერთად ამ ეტაპზე მცირე წარმოებას ვეწევი, ვაფქვევ ყავას და პარკებში ვათავსებ, გვინდა წარმოება გავაფართოვოთ, ამისთვის 15 000 ლარი გვჭირდება. ტრენინგს დავესწარით, სადაც გვასწავლეს ბიზნესგეგმის დამუშავება, საუკეთესო ტრენერი გვყავდა და ფაქტობრივად ყველაფერი გვასწავლეს, იმედია დაფინანსებას მივიღებთ,“ – ამბობს მაია.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მცხოვრები მინდია შერვაშიძე პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში არსებული სწრაფი კვების გაფართოებას გეგმავს. ბიზნესგეგმა დასაფინანსებლად უკვე წარადგინა.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნინო ანტოშკინამ კი ბიზნესგეგმის წარდგენა გადაიფიქრა, ფიქრობს, რომ მისი პროექტი შემოსავალს არ მოიტანს, რადგან ტურისტული სეზონი დასრულდა. „მინდოდა ქობულეთში საკონდიტრო გამეხსნა, სადაც ყველა სახის პურფუნთუშეულს დავამზადებდით, მაგრამ ამ ეტაპზე საკონდიტროს გახსნა ქობულეთში მომგებიანი არ იქნება. ზაფხული რომ იყოს, ტურისტულ სეზონზე მოგებას დამიტოვებდა. გარდა ამისა, დოლარის კურსმაც აიწია და საკონდიტროს მოწყობა ძვირი დამიჯდება,“ – ამბობს ნინო და დასძენს, რომ თუ მსგავსი პროექტი გაზაფხულზე განხორციელდება, კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.



გადაბეჭდვის წესი


ასევე: