Batumelebi | მითები და რეალობა ორსულობაზე მითები და რეალობა ორსულობაზე – Batumelebi
RU | GE  

მითები და რეალობა ორსულობაზე

 

ორსულობის პერიოდთან დაკავშირებით უამრავი შეხედულება და ცრურწმენა არსებობს. ამ საკითხზე “ბათუმელების” შეკითხვებს მედიცინის დოქტორმა, მეან-გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა სოფო ხარძეიშვილმა უპასუხა. 

ქალბატონო სოფო, რამდენად საზიანოა ორსულისთვის თმის შეღებვა ან ფრჩხილის ლაქის წასმა? რამდენად რეალურია ის მოსაზრება, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ნაყოფამდე აღწევს და საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას?

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თმის საღებავში შემავალ ნივთიერებებს კანი შეიწოვს მინიმალური რაოდენობით, ამიტომ მას პრაქტიკულად არ აქვს მავნე ზემოქმედება ნაყოფზე, თუმცა, უფრო მეტი სიფრთხილისთვის, ნაჩვენებია თავშეკავება თმის შეღებვისგან პირველ ტრიმესტრში (ორსულობის 13 კვირამდე). ორსულებმა უნდა გამოიყენონ მაქსიმალურად ნატურალური შემადგენლობის თმის საღებავი. სასურველია კანის მცირე მონაკვეთზე წინასწარ დაიტანონ საღებავის მცირე რაოდენობა და დააკვირდნენ, რომ გამოირიცხოს ალერგიული რეაქცია. სახლის პირობებში შეღებვისას ორსულს ხელზე უნდა ეკეთოს რეზინის ხელთათმანი, ოთახი კი უნდა ნიავდებოდეს. გარდა ამისა, საღებავი არ უნდა გაიჩეროს თმაზე განსაზღვრულზე მეტ ხანს და ბოლოს, გულდასმით უნდა ჩამოირეცხოს თავიდან გამდინარე წყლით.
რაც შეეხება ფრჩხილის ლაქის გამოყენებას ორსულობის დროს, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ფრჩხილის ლაქში შემავალი ქიმიური ნივთიერებები – ფორმალდეჰიდი და ტოლუინი, სახიფათოა როგორც ნაყოფისთვის, ასევე დედის ჯანმრთელობისთვის; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით შეისუნთქავ. ამ მხრივ შედარებით მაღალი რისკის ქვეშ არიან სალონში მომუშავე ორსულები. თუმცა ასეთი ლაქის იშვიათი გამოყენება არ იწვევს უარყოფით ზეგავლენას ნაყოფზე. და მაინც, უსაფრთხოების მიზნით ნაჩვენებია იმ მანიკურის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს ფორმალდეჰიდსა და ტოლუინს. მის მოსაშორებლად აცეტონის პერიოდული მოხმარებაც ასევე უსაფრთხოა.

რამდენად რეალურია, რომ ორსულისთვის საფრთხეს წარმოადგენს სახლში კატის ყოლა და რომ იმ ვირუსის გამო, რომელსაც კატა ავრცელებს, ორსულს შესაძლოა ნაყოფი მოშორდეს?

კატები დიდ როლს თამაშობენ ისეთი პარაზიტის გავრცელებაში, როგორიცაა ტოქსოპლაზმა. აღნიშნული პარაზიტი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ნაყოფს, როდესაც დედა პირველად ინფიცირდება ორსულობამდე 6 თვის განმავლობაში ან უშუალოდ ორსულობის დროს. იგი, როგორც წესი, აზიანებს ნაყოფის მხედველობის ორგანოს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას. თუკი ქალს ტოქსოპლაზმოზი გადატანილი აქვს ორსულობამდე 6 თვით და მეტი ხნით ადრე, მას უყალიბდება იმუნიტეტი, რომელიც იცავს ნაყოფს პარაზიტის ზემოქმედებისგან, ამიტომ ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, სასურველია გაკეთდეს სისხლის სეროლოგიური ანალიზი, ტოქსოპლაზმისადმი იმუნური სტატუსის განსაზღვრის მიზნით. თუკი ორსულს არ გააჩნია აღნიშნული იმუნიტეტი, მან აუცილებლად უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები კატის მოვლისას: კატის ტუალეტს უნდა მოუაროს ოჯახის სხვა წევრმა. დამხმარეს არყოლის შემთხვევაში იხმაროს ერთჯერადი ხელთათმანი, შემდგომ ხელები გულდასმით დაიბანოს თბილი წყლითა და საპნით. კატის ტუალეტი უნდა გამოიცვალოს ყოველდღიურად. საკვებად მიეცეს მზა, ქარხნულად დამზადებული და არა უმი ხორცი; გყვავდეთ ცხოველი შინ; არ მოიყვანოთ ორსულობის პერიოდში სახლში ახალი, განსაკუთრებით მაწანწალა კატა.

არის თუ არა რაიმე შეზღუდვა ორსულებისთვის ზღვაში ბანაობასთან დაკავშირებით?

ზოგადად, ცურვა ორსული ქალისათვის ძალიან სასარგებლოა. დადებითად მოქმედებს დედის ძვალ-სახსროვან, კუნთოვან, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ზღვაში ცურვა აბსოლუტურად დასაშვებია, თუმცა აქაც საჭიროა გარკვეული უსაფრთხოების დაცვა. თავიდან უნდა იქნას აცილებული წყლის ყლაპვა, რათა ორგანიზმში არ მოხვდეს ნარჩენები, ტოქსიკური ნივთიერებები და სხვადასხვა მიკროორგანიზმი. დაუშვებელია ცურვა ღელვის დროს, ერთბაშად ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, დიდი ხნით მზის გულზე გაჩერება.

თუ არსებობს რაიმე შეზღუდვები ორსულობის დროს სქესობრივ კავშირთან დაკავშირებით?
ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს, სქესობრივი კონტაქტი დასაშვებია მთელი ორსულობის მანძილზე. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა: პლაცენტის წინმდებარეობა, საშვილოსნოს ყელის უკმარისობა, ყელის გახსნა, სისხლიანი გამონადენი საშოდან, მოსალოდნელი აბორტი და ნაადრევი მშობიარობა, სანაყოფე გარსების მთლიანობის დარღვევა ე.წ. წყლების დაღვრა, ჭარბი გამონადენი საშოდან, სქესობრივად გადამდები ინფექციების არსებობა და ა.შ.

რამდენად მავნეა ნაყოფისთვის სიგარეტის მოწევა ორსულობის პერიოდში?
ნაყოფზე ისეთი მავნე ნივთიერებების გავლენა, როგორიცაა ნიკოტინი, ალკოჰოლი, მარიხუანა, ოპიატები, კოკაინი, მეტამფიტამინები, შესწავლის საგანია 60-80-იანი წლებიდან მოყოლებული. ცნობილია, რომ ყველა ეს ნივთიერება პლაცენტურ ბარიერს გადის, აკუმულირდება პლაცენტაში, სანაყოფე წყლებსა და ნაყოფის პლაზმაში და უარყოფით გავლენას ახდენს მასზე. ორსულობის რვა კვირამდე – ემბრიონულ პერიოდში მათ აქვთ ტერატოგენული ზემოქმედება, ხოლო შედგომ – ფეტალურ პერიოდში იწვევენ ზრდის მომწიფებისა და განვითარების შეფერხებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია ფრანგიშვილი