კვირის ამბები

როგორ ამოვიცნოთ ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა

16.09.2015 • 60708
როგორ ამოვიცნოთ ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა
  • ქალბატონო ნინო, რა რაოდენობის კალციუმი უნდა მიიღოს ადამიანმა დღეში, არის თუ არა ნორმა განსაზღვრული?

კალციუმი მინერალია, რომელიც ძვლოვანი სისტემისა და კბილების უმთავრესი შემადგენელი ნაერთია. განსაკუთრებით დიდია მისი როლი ნერვული სისტემის, კუნთოვანი სისტემის ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში, შესაბამისად აუცილებელია მისი დღიური ნორმის შევსება. კალციუმის შეწოვის პროცესში მონაწილეობს ვიტამინი D. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ მოწოდებულია კალციუმისა და ვიტამინ D-ს დღიური ნორმა, რომელიც გათვალისწინებულია ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით: 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 200 მგ კალციუმი დღეში, 6-12 თვის ასაკში – 260 მგ, 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 700 მგ, 4–8 წლის ასაკისთვის – 1000 მგ., 9–დან 18 წლის ასაკში კალციუმის დღიური დოზა – 1300 მილიგრამია, 19–50 წლამდე – 1000, 50 წლიდან კი – 1200 მილიგრამი დღეში.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მოზრდილთა ასაკში რეკომენდებულია 1000 მგ. კალციუმი დღეში, იმავე პერიოდში თინეიჯერთა ასაკში რეკომენდებულია –  1300 მგ. კალციუმი დღეში.

  • როდის იზრდება კალციუმის დეფიციტის განვითარების რისკი? რას უნდა მიექცეს ყურადღება?

არსებობს პაციენთა ჯგუფი, დაავადებათა ჩამონათვალი, როდესაც მაღალია რისკი კალციუმის დეფიციტის განვითარებისა, კერძოდ: ლაქტულოზას მიმართ ინტოლერანტობა, როდესაც ლიმიტირებულია რძის პროდუქტების მიღება; ოსტეოპოროზი; ხანგრძლივი დროის მანძილზე კორტიკოსტეროიდების მიღება; ვეგეტარიანული დიეტა; საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები, რომლებიც ხელს უშლის კალციუმის შეწოვას; თირეოიდულ ჰორმონთა შენაცვლებითი თერაპია, რკინის პრეპარატი, გარკვეული სახეობის ანტიბიოტიკი და დიდი რაოდენობით კოფეინი.

  • როგორი სიმპტომები ვლინდება კალციუმის დეფიციტის დროს?

კალციუმის დეფიციტი ჩვილ ბავშვებში იწვევს რაქიტს, საკვებთან ერთად კალციუმის არასაკმარისი მიღება ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის სიმყარეს, ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, მაგნიუმის დეფიციტი, თავის მხრივ, ხელს უწყობს კალციუმის დონის შემცირებას. ჰიპოკალცემიას ახასიათებს შემდეგი ჩივილები: კუნთებისა განვითარების ჩამორჩენა, სისუსტე, კრუნჩხვა, გულის რითმის დარღვევა, მადის გაუკუღმართება, აგზნებადობის მომატება, ოფლიანობა, კანის სიმშრალე და ფრჩხილების მტვრევადობა.

  • რა ლაბორატორიული კვლევით შეიძლება დადგინდეს კალციუმის დეფიციტი?

კალციუმის მხოლოდ 1% ცირკულირებს სისხლში, დანარჩენი ნაწილი ძვლებშია წარმოდგენილი. საერთო კალციუმის ანალიზი რუტინულად ინიშნება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას, მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ ამ ტესტის ჩატარება საკმარისი არ არის. უპირატესობა იონიზებული კალციუმის ანალიზს ენიჭება, რადგან არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ საერთო კალციუმის დონე შეცვალონ, მაგრამ იონიზებული კალციუმის რაოდენობა შესაძლოა მაინც უცვლელი დარჩეს. იონიზებული კალციუმის ტესტს უპირატესობა ენიჭება: როდესაც პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვს, როდესაც სისხლში ალბუმინის დონე დაბალია, ახალშობილებში ნეონატალური ჰიპოკალცემიის მონიტორინგისთვის და სხვა დაავადებების დროს.

  • როგორ უნდა შეივსოს კალციუმის ნაკლებობა ადამიანმა, რომელი პროდუქტები შეიცავს მას ყველაზე დიდი რაოდენობით?

კალციუმი ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილი არის შემდეგ ბუნებრივ პროდუქტებში: ყველი, რძე, ხმელი ლობიო, სოიო, ისპანახი, ფორთოხალი, მწვანილი, პომიდორი, თევზი და ბროკოლი.

  • კალციუმის შემცველი მედიკამენტების მიღება, ექიმის დანიშნულების გარეშე საფრთხის შემცველია? იწვევს თუ არა მათი ჭარბი რაოდენობით მიღება რაიმე გართულებებს?

კალციუმი არასარეცეპტო პრეპარატთა ნუსხაშია, თუმცა სასურველია ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდეს დანიშნულება. ჭარბი რაოდენობით კალციუმის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები. კვლევების თანახმად კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში შესაძლოა გახდეს გულსისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების მიზეზი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: