კვირის ამბები

ისინი იარსებებენ დამოუკიდებლად, ექნებათ საკუთარი წარმოება და საკუთარი შემოსავალი

10.08.2015 • 1403
ისინი იარსებებენ დამოუკიდებლად, ექნებათ საკუთარი წარმოება და საკუთარი შემოსავალი

 

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება სოციალური საწარმოები, მცირე საწარმოები, მიგრანტთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აშენდება ჰიგიენის სახლები ე.წ. „ოცნების ქალაქში.“ გარდა ამისა „ინტელექტი“ გაუწევს სამართლებრივ დახმარებას მიგრანტებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიული განათლების მიღებაში.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სოციალური სახლის მცხოვრებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ერთად შეკრებილიყვნენ „ინტელექტის“ წარმომადგენლებთან შესახვედრად. მათ საერთო ინტერესი აერთიანებდათ: რისთვის მოდიან? რას გვეტყვიან? რა სარგებელი გვექნება?

 

შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარემ ლევან გობაძემ პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ პრეზენტაციით გახსნა. აღნიშნული პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.

 

შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ სახლში 49 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის 48 ეკომიგრანტია, ხოლო ერთი _ სოციალური მიგრანტი. ისინი სოციალურ სახლში სოფლებიდან: ბუთურაულიდან, ნიგაზეულიდან, ახალდაბიდან, ნაღვარევიდან, ჟანივრიდან, უჩამბიდან და ცინარეთიდან იძულებით მოვიდნენ. მათ სტიქიით დაზარალებულთა I და II კატეგორია აქვთ გეოლოგების მიერ მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი საერთოდ არ გააჩნიათ (I კატეგორია) ან, სახლი აქვთ, მაგრამ ეკოლოგიური პროცესების შედეგად იმდენად არის დაზარალებული, რომ ცხოვრება შეუძლებელია (II კატეგორია).

 

შუახევის სოციალური სახლის მცხოვრებთაგან 12 მოქალაქეა დასაქმებული – 10 სანდასუფთავების სამსახურში მუშაობს, ხოლო 2 -პროფილაქტიკაში. ამბობენ, რომ შემოსავალი მცირე აქვთ და ოჯახის შესანახად არასაკმარისი. უმრავლესობას სამუშაო არ გააჩნია და ძიების პროცესშია. ერთ-ერთი დაბრკოლება კი მათთვის პროფესიისა და კვალიფიკაციის არქონაა. პროექტი „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ სწორედ აღნიშნული კატეგორიის მიგრანტების – ამ შემთხვევაში ეკომიგრანტების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ადაპტირებას, დასაქმებას და მომავალში დამოუკიდებლად კაპიტალის მოპოვება-დაგროვებას ისახავს მიზნად. პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური სახლების მცხოვრებლებს, აღარ იყონ ადგილობრივ თვითმმართველობაზე დამოკიდებული. “ინტელექტი“ პროექტის – „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში იმუშავებს აჭარის რეგიონში მცხოვრებ იმ ეკომიგრანტებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მოტივაცია და ნებისყოფა, რომ საკუთარი შრომითა და ნიჭით დასძლიონ სიღარიბე და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

 


შუახევის სოციალური სახლის მცხოვრებლები თავდაპირველად ნეგატიურად აფასებდნენ პროექტს „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“. მათ გაუჭირდათ იმ აზრის გაზიარება, რომ სოციალური საწარმოები უნდა შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნება რამდენიმე ეკომიგრანტი და სოციალური მიგრანტი ოჯახი და ერთად მოუწევთ მუშაობა. ისინი მცირე საწარმოების ინდივიდუალურ დაფინანსებას ითხოვდნენ, რასაც პროექტი არ ითვალისწინებს. დეტალურად გაეცნენ რა პროექტს შუახეველი ეკომიგრანტები, აზრი შეიცვალეს და სამომავლო გეგმების დასახვა დაიწყეს.

 

პროექტს „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ პროტესტს ყველაზე აქტიურად 27 წლის რუსლან მამულაძე უცხადებდა. იგი სოციალურ სახლში ცხოვრობს. მას არც სამსახური აქვს და არც არანაირი სამუშაო გამოცდილება. „პირადი“ მიზეზების გამო ვერ მიიღო უმაღლესი განათლება და არც პროფესიული განათლება აქვს. ოჯახის შესანახად სეზონურად მეზობელი თურქეთის რესპუბლიკაში მიდის და ჩაის კრეფს. სოციალური საწარმოს ჩამოყალიბების იდეა თავდაპირველად არ მოეწონა: „ასე საქმე არ გამოვა. საზიარო არ გვინდა. ერთმანეთს უნდა დაგვაპირისპიროთ ისედაც გაჭირვებული ხალხი? გვეგონა ინდივიდუალურად დაგვეხმარებოდით, თანხას გამოგვიყოფდით…“ პროექტის მიზნებისა და საქმიანობების დეტალურად გაცნობის შემდეგ რუსლანმა არა მარტო აზრი შეიცვალა, არამედ იდეაც მიაწოდა თავის მეზობლებს ერთობლივი განვითარებისთვის: „იქ, სადაც ჩვენი სოციალური სახლია, 300 კვადრატული მეტრი ფართობის უფუნქციო ავტოსადგომია. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ შენობას დაგვითმობენ, შეიძლება იქ რაიმე სახის დანადგარების დადგმა და საწარმოს ჩამოყალიბება, მაგალითად ავეჯის. პირადად მე მზად ვარ გადავემზადო ნებისმიერი მიმართულებით და მივიღო პროფესიული განათლება. მართალია, უმაღლესი არ დამიმთავრებია, მაგრამ ფიზიკური მუშაობა შემიძლია, ხელობასაც ადვილად ვითვისებ.“

 

რუსლანის იდეამ გამოხმაურება ჰპოვა მეზობლებში. ავეჯის საწარმოს გახსნის იდეა სოციალურ სახლში მცხოვრებთა უმრავლესობას მოეწონა. დაფიქრდნენ და განაცხადეს, რომ მსგავსი საწარმო შუახევის მუნიციპალიტეტში არ არის და იმედი გამოთქვეს, რომ ეს საქმე „სარფიანი“ იქნება. სამეზობლოში დურგალიც აღმოჩნდა – ზურაბ მამულაძე.

 

მეწყრული პროცესებისგან დაზარალებული ზურაბ მამულაძე ოჯახთან ერთად სოციალურ სახლში ცხოვრობს. მის სამსულიან ოჯახს მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. ისინი სოციალური შემწეობის იმედად არიან.

 

ზურაბ მამულაძე თვითნასწავლი დურგალია. ვიდრე მეწყერი შეაწუხებდა მას და მის ოჯახს, სოფელში, საცხოვრებელ სახლთან ხის გადასამუშავებელი დაზგა ედგა და პატარა, ყავისთვის განკუთვნილ მაგიდებს ამზადებდა. „პატარა მაგიდების გარდა სკამების გაკეთებაც შემიძლია. ჩემს ცოდნას მეზობლებსაც გავუზიარებ და ადგილობრივი ხელისუფლება თუ ამ ავტოფარეხს დაგვითმობს, ერთი კარგი საწარმოს გაკეთება შეიძლება. როგორც გავიგეთ, ინტელექტი პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში” ფარგლებში პროფესიულ განათლებასაც დაგვიფინანსებს. მისი დახმარებით პროფესიონალებად ჩამოვყალიბდებით და სხვადასხვა სახის ავეჯის – კარადების, კამოდების, მაგიდების, რბილი ავეჯის და ა. შ. დამზადებას შევძლებთ. თუ მეზობლები კარგად დავფიქრდებით, სწორად გავიაზრებთ ყველაფერს და შრომა არ დაგვეზარება, ავამოქმედებთ ავეჯის საწარმოს, რომელიც დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება და ჩვენ – სოციალური სახლის მცხოვრებლებს აღარ გვექნება ხელი გაწვდილი სახელმწიფოსკენ სოციალური დახმარების მისაღებად, ჩვენი ფინანსური შემოსავალი გაგვიჩნდება და დამოუკიდებლად ცხოვრებას შევძლებთ.“ – ამბობს ზურაბი.

 

მამულაძეების გვერდით დგანან სხვა მეზობლებიც: „როგორც ვუყურებთ „ინტელექტის“ პროექტი ძალიან კარგია და გამოსადეგი. ვინ იცის, იქნებ ჩვენთან ერთად კიდევ ცხოვრობენ რომელიმე ხელობის მცოდნე ხალხი და არ ვიცით. ახლა მოვიკითხავთ და გავარკვევთ… ჩვენს პირობებში ფერმის გაკეთებაც კარგი იქნება. თანაც შუახევის მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მიმღებ-გადასამუშავებელი საწარმო არ არსებობს, ამაზეც ღირს დაფიქრება…“

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტისა“ და შუახევის მუნიციპალიტეტის სოციალურ სახლში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრას სოციალური საწარმოს ჩამოყალიბების საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები _ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

 

„ჩემი აზრით, „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ძალინ კარგი პროექტია. ამ პროექტის განხორციელება შუახეველი, და არამარტო შუახეველი ეკომიგრანტებისათვის, დიდი შეღავათი იქნება. ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად იარსებონ სოციალურ სახლში და აღარ იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოზე. რადგან მოსახლეობის ამ კატეგორიას სამეწარმეო გამოცდილება არ აქვს, კარგი იქნება სანამ უშუალოდ სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებაზე გადავალთ, მანამდე შრომისუნარიანი ეკომიგრანტების გადამზადება მოხდეს. პროფესიის მიღების შემდეგ თუ იფიქრებენ პროექტებზე, მათი იდეები უფრო რეალური და ჩვენს მუნიციპალიტეტზე მორგებული იქნება. შედეგად ისინი იარსებებენ დამოუკიდებლად, ექნებათ საკუთარი წარმოება და საკუთარი შემოსავალი“, – აღნიშნა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ზაზა ზოიძემ. იგი სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებას დადებითად აფასებს: „ის, რომ საწარმოში რამდენიმე ოჯახი უნდა იყოს გაერთიანებული, კარგია. გუნდური პრინციპით მუშაობა უფრო გამართლებული იქნება“.

 

ვიდრე შუახევის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლების ბინადარნი სამომავლო გეგმებზე ფიქრობენ, რათა ბიზნესიდეის სახით ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტს“ მიაწოდონ, მანამდე „ინტელექტის“ თანამშრომლები აჭარის რეგიონის – ხულოსა (სოციალური სახლის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება. ამჟამად მიმდინარეობს იმ ეკომიგრანტთა სიის დაზუსტება, რომლებიც გეოლოგების დასკვნის მიხედვით I და II კატეგორიას განეკუთვნებიან. სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით „ინტელექტი“ ხულოელ ეკომიგრანტებს ზემოთ აღნიშნული სიის დაზუსტებისთანავე შეხვდება) და ქედის მუნიციპალიტეტების სოციალური სახლების მცხოვრებლებთან განიხილავენ პროექტს „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“.
აჭარის რეგიონში „ინტელექტი“ სულ სამი სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებას გეგმავს ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ სახლებთან. საწარმოს საქმიანობას თავად ეკომიგრანტები განსაზღვრავენ, მუნიციპალიტეტის რელიეფიდან, საკუთარი შრომითი შესაძლებლობებიდან და არსებული საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე. უპირატესობა მიენიჭება საწარმოს ჩამოყალიბების იმ იდეას, ბიზნესგეგმას, რომლითაც შესაძლებელი იქნება მეტი ეკომიგრანტის დასაქმება.

 

ჩანართი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

 

ჩანართის რედაქტორი თეონა კაკაციძე

მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის 13

ტელ: 24 16 40; ფაქსი: 24 16 50

მობ: 592 57 18 00

ელფოსტა: info@intellect.org.ge

ვებგვერდი: www.intellect.org.ge

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი