კვირის ამბები

საინფორმაციო შეხვედრა ნარკომანიის პრობლემებისა და ნარკოდამოკიდებულთათვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ

27.06.2015 • 2254
საინფორმაციო შეხვედრა ნარკომანიის პრობლემებისა და ნარკოდამოკიდებულთათვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ

 

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, აჭარის ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, საჯარო სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, სპორტსმენები, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის და ,,თანადგომა“-ს წევრები.

 

ზუსტი სტატისტიკა მოსახლეობის, თუ რამდენი პროცენტი მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს არ არსებობს, თუმცა აჭარის ნარკოლოგიური ცენტრის, ლია ჯინჭარაძის თქმით, მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოშიც, ნარკოტიკების მოხმარების ასაკი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. მისივე თქმით, სხვადსხვა სახის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე წვდომა აქვთ 12-13 წლის მოზარდებსაც. ასევე საგრძნობლად გაზრდილია ნარკოტიკების მოხმარება ქალებში, თუმცა ლია ჯინჭარაძის თქმით, ნარკოდამოკიდებული ქალების მომართვიანობა ისევ ძალიან დაბალია, რისი ძირითადი მიზეზიც ამ ქალებისადმი საზოგადოებაში არსებული სტიგმაა – “შარშან მაგალითად ჩანაცვლების თერაპიაში სულ რვა ქალი გვყავდა, იმათგან კი მხოლოდ სამი იყო ბათუმელი. წელს ჩანაცვლების თერაპიაში, მხოლოდ ერთი ქალი პაციენტი გვყავს, რომელიც ბათუმელი არ არის. დეტოქსიკაციის პროგრამაში კი წელს არც ერთი ქალი არ გვყავს” – ამბობს ის.

 

საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის, ორი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება – ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა, ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის, რომელიც თანადაფინანსებით ხორციელდება, და რომლის ფარგლებშიც თვეში პაციენტს 110 ლარი აქვს გადასახდელი. თუმცა, აჭარის რეგიონში ამ პროგრამით სარგებლობას პაციენტებისთვის სრულად აფინანსებს “გლობალ ფონდი” – “გარდა ამისა, პროგრამა უფასოა აივ ინფიცირებული და სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის” – ამბობს ჯინჭარაძე.

 

ასევე, საქართველოში ხორციელდება სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც აჭარის ნარკოლოგიური ცენტრიც არის ჩართული. “პროგრამის ფარგლებში პაციენტი ორი კვირის განმავლობაში სტაციონარში მკურნალობს, შემდგომი ორი კვირის განმავლობაში კი მას ფსიქოლოგის მონაწილეობით უტარდებაამბულატორიული რეაბილიტაცია, ფიზიოთეაპიული პროცედურები, მასაჟი და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტით” – ამბობს ლია ჯინჭარაძე. პროგამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან – ამ პროგრამასთან დაკავშირებით სიახლეა ის, რომ თუ ადრე იგი მხოლოდ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის იყო, შარშან წლის ბოლოს, პროგრამაში ჩართვა და დახმარების მიღება შეუძლია იმ ადამიანებსაც, რომლებიც დამოკიდებული არიან სხვა ისეთ ნივთიერებებზე (ფსიქოტროპული მედიკამენტები თუ სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები), რომლებიც არ არის ოფიციალურად ნარკოტიკების სიაში, მაგრამ მათი მოხმარება და მათზე დამოკიდებულება არა ნაკლებ სავალალო შედეგების მომტანია” – ამბობს ჯინჭარაძე.

 

ორივე პროგრამის ფარგლებში მკურნალობა კონფიდენციალურია.

გადაბეჭდვის წესი