კვირის ამბები

რა უნდა ვიცოდეთ კბილების გათეთრების შესახებ

30.05.2015 • 11164
რა უნდა ვიცოდეთ კბილების გათეთრების შესახებ

კბილების გათეთრების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ლაზერული და გათეთრება სახლის პირობებში, რომელთაც წინ კიდევ ერთი, აუცილებელი სტომატოლოგიური პროცედურა – კბილების გაწმენდა უძღვის, რაც კბილებიდან ნადებისა და ქვების მოშორებას გულისხმობს. სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტალ გალერეას“ ხელმძღვანელი, სტომატოლოგი რომან თურმანიძე ამბობს, რომ კბილების გაწმენდა ხშირად ეშლებათ კბილების გათეთრებაში, რეალურად კი, ეს ორი სრულიად სხვადასხვა პროცედურაა: „კბილებიდან ნადების მოშორება უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც შესაძლოა გაკეთდეს ულტრასომის მცირე ვიბრაციით ან AIR FLOW მეთოდით – სხვადასხვა არომატიზებული კრისტალური წვრილი ფხვნილის მეშვეობით“ – ამბობს სტომატოლოგი.

სახლის პირობებში კბილების გასათეთრებლად სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. „პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება მისი კბილების ფორმის კაპები, რომელსაც სხვა დროსაც გამოიყენებს. კაპებზე პაციენტმა უნდა მოათავსოს სპეციალური გელი და დაიფიქსიროს ზედა და ქვედა ყბაზე ღამით, 6-8 საათის განმავლობაში“ –  განმარტავს რომან თურმანიძე. გელის ნაკრები 8 შპრიცისგან შესდგება და პაციენტი პროცედურებს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იტარებს. სტომატოლოგის თქმით, კბილების გათეთრების ეს მეთოდი კბილის ემალს უფრო მეტად აღიავებს, ვიდრე ეს ლაზერული გათეთრებითაა შესაძლებელი.

კლინიკა „ინდიგოს“ ჰიგიენისტი, პარადონტოლოგი ოლია შონუსი ამბობს, რომ კბილების ლაზერული გათეთრება მათ კლინიკაში „Beyond Polus“-ის აპარატით კეთდება, რომელიც ასეთივე აპარატების ძველი მოდელებისგან განსხვავებით, სრულიად უსაფრთხოა. „სხივი, რომელიც გამოიყოფა აპარატიდან, არის ჰალოგენური ანუ ლაზერული სხივია და მას აქვს მრავალჯერადი მფილტრავი ლინზა და არ იწვევს დამწვრობას, პიგმენტაციას, არ ახასიათებს პროცედურის შემდეგ ტკივილი და ზოგადად, ემალისთვის არ არის სტრესი“ –  ამბობს ოლია. მისივე თქმით, კბილების ლაზერული გათეთრებისთვის კბილების ზედაპირზე ათავსებენ სპეციალურ გელს, რომელზეც აპარატის ლამპას ასხივებენ: „კბილების ზედაპირზე გელს ვათავსებთ 3-ჯერ და 10-10 წუთის განმავლობაში ვასხივებთ. ვუსვამთ გელს, ვასხივებთ, შემდეგ ამ გელს ვაცილებთ, ვასვენებთ და ვიმეორებთ პროცედურას კიდევ ორჯერ. ამ შუქით ხდება აქსელერაცია ანუ აქტივაცია გელის, რომლის შემადგენლობაშიც შედის წყალბადის ზეჟანგი და ხდება გათეთრება ანუ დენტინის გაღიავება“.

კბილების ლაზერული გათეთრების პროცესი საშუალოდ საათ-ნახევარს გრძელდება და 400 ლარი ღირს, კბილის ემალის სახლის პირობებში გაღიავებისათვის საჭირო კაპებისა და გელის ფასი კი 350 ლარია.

კბილების გათეთრება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კბილის ემალზე აღენიშნება პიგმენტაცია (აჭრელებულია) ან თუ იგი გახეთქილი და გაბზარულია. „არ ვურჩევ კბილების გათეთრებას იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ბჟენები (ე.წ. პლომბები), რადგან ფერს შეიცვლის მხოლოდ კბილი, ბჟენი კი ისევ მუქ ფერზე დარჩება“ – ამბობს რომან თურმანიძე.

იმის გამო, რომ კბილების გათეთრების ორივე პროცედურას შეიძლება თან ახლდეს დროებით მომატებული მგრძნობელობა კბილებზე, არსებობს მითი, თითქოს ამ დროს კბილის ემალის ზედა ფენის მოშორება ხდება, რაც ექიმების განმარტებით, არ შეესაბამება რეალობას. რომან თურმანიძის თქმით, თუ პაციენტის კბილები ჯანმრთელია, ემალი არის სქელი და მასზე არ არის დაზიანებები, მაშინ მგრძნობელობის მომატების რისკი დაბალია. ოლია შონუსი ამბობს, რომ მგძნობელობა გარკვეული პერიოდით უფრო მეტად სახლის პირობებში გათეთრების მეთოდს ახასიათებს: „დიოდის შემთხვევაში, მართალია უფრო მაღალი კონცენტრატის გელი გამოიყენება, მაგრამ უფრო ხანმოკლე პროცედურაა, სახლის პირობებში კი ორი კვირის განმავლობაში ვიყენებთ ამ გელს, რის გამოც პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს მგძნობელობის მომატება, თუმცა როგორც წესი, ყველაფერი 2-3 დღეში გადადის.“

რომან თურმანიძე
რომან თურმანიძე

რამდენად ეფექტურია კბილის გათეთრების ხალხური მეთოდები (ლიმონი, სოდა, ნახშირი და ა.შ.) – რომან თურმანიძე ამბობს, რომ გარკვეული ხანმოკლე ეფექტი ხალხურ საშუალებებსაც აქვთ, თუმცა ეს არ არის ის შედეგი, რაც კლინიკაში მიიღწევა. „ხანმოკლეა ასეთი ეფექტი, რადგან როცა ლამპით ხორციელდება გელის აქტივაცია, იგი უფრო ღრმად აღწევს და უშუალოდ დენტინს აღიავებს, ხალხური საშუალებები კი დროებით გამათეთრებელ ეფექტს იძლევა, რადგან ისინი მხოლოდ ზედაპირულად აშორებენ ნადებს“ – ამბობს ის.

სტომატოლოგების მიერ ჩატარებული კბილების გათეთრების ეფექტის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პაციენტის პირის ღრუს ჰიგიენაზე. `გამომდინარე იქედან, ეწევა თუ არა ადამიანი სიგარეტს, სვამს ყავას ან იღებს სხვა, ფერად საკებს, გათეთრების ეფექტი 1-დან 6 წლამდე ძლებს“ – ამბობს ოლია შონუსი.
ჯანმრთელი და ქათქათა კბილებისათვის ზრუნვა კი, სტომატოლოგების თქმით, ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება.

რომან თურმანიძე: „იმისთვის, რომ კბილები ჯანმრთელი იყოს, ნაყოფის ჩასახვის შემდეგ მომავალმა დედამ უნდა მიიღოს კალცით მდიდარი საკვები (მაგალითად, რძის ნაწარმი). ზრდასრული ადამიანისთვის ყველაზე კარგი პროფილაქტიკა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა, კერძოდ კი, კბილების გამოხეხვა დილით და დაწოლის წინ 10-10 წუთის ხანგრძლივობით. ასევე, ყველა ორ თვეში ერთხელ კბილის ჯაგრისის შეცვლა და კბილის პასტის სტომატოლოგის რეკომენდაციით შერჩევა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: