კვირის ამბები

ცხოვრება მაგისტრალზე

12.05.2015 • 3175
ცხოვრება მაგისტრალზე

ციცო გოგიტიძე 32 წლისაა. პროფესიით ბებიაქალია, თუმცა არასდროს უმუშავია. ციხისძირის ცენტრალურ მაგისტრალზე ათი წელი მისი დედამთილი ვაჭრობდა, ახლა კი თვითონ ცდილობს ოჯახის რჩენას. „ხუთი წელია ვვაჭრობ. ვყიდი ბამბუკის ავეჯს, ცოცხებსა და სხვადასხვა ნაკეთობებს. ყვავილებსაც, თუმცა იშვიათად იყიდება. ეს არის ჩემი ოჯახის შემოსავალი“.

ციცოს მაგისტრალთან მოსვლამდე სამასი მეტრის გამოვლა უწევს. საღამოს, გაუყიდავ ნივთებს პატარა ფარდულში ინახავს და ისევ ოჯახში ბრუნდება.
„ძალიან მიჭირს მთელი დღე აქ დგომა. ვიღლები, მაგრამ არსებობის სხვა წყარო არ გვაქვს. ლარის ინფლაციის შემდეგ ვაჭრობაც შემცირდა“.
ციცო ამბობს, რომ სხვა ქვეყანაში წასვლას საკუთარ ქვეყანაში, თუნდაც ასეთ პირობებში მუშაობა ურჩევნია.

ციცოს გარდა გზის გაყოლებაზე კიდევ რამდენიმე ქალი ვაჭრობს. ისინიც ბამბუკისგან დამზადებულ ნივთებს ყიდიან.
ჟუჟუნა ჯოხაძე-მაისურაძე – ასე გვაცნობს თავს 63 წლის ქალი. ის 20 წელია ამ მაგისტრალზე დგას: „ზამთარში ციტრუსს ვყიდი, ზაფხულში – ცოცხებს, საფერფლეებს. ოროთახიან ბინაში ცხრა სული ვცხოვრობთ. შვილიშვილები, შვილები, რძლები… რჩენა ხომ გვინდა. ზოგჯერ ისე გავა ოთხი დღე, შეიძლება არაფერი გაიყიდოს. ახლა, როცა ეკონომიკურად ჩავარდა ქვეყანა, ამასაც აღარ ყიდულობენ. უჭირს ხალხს. ოცნებით ვიყავით, ცხოვრება გამოსწორდებაო, მაგრამ ახლა ეს ოცნებაც დავკარგეთ“ – ამბობს ის.

55 წლის ნინელის ოჯახიც მაგისტრალზე ვაჭრობით ირჩენს თავს. წლების წინ რკინიგზაში მუშაობდა, იქედან წამოსვლის შემდეგ კი ამ მაგისტრალზე დგას. „ოცი წელია უკვე ვვაჭრობ. ცოტაა შემოსავალი, მაგრამ რა ვქნათ“ – ამბობს ნინელი.

საუბარში ჟუჟუნა ჯოხაძე გვერთვება: „ჩვენი საშველი არ არის, პურს ვყიდულობთ და ეგ არის, ჩაცმაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია“.
„მთავრობის იმედი ნამდვილად არ გვაქვს. შეხედეთ ჩვენს ხელებს“ – ამბობს ნინელი და შრომისგან დაკოჟრილ ხელებს გვაჩვენებს: „ბამბუკებს ჯერ ვასუფთავებთ, შემდეგ მავთულებს ვჭრით, ვახვევთ და ვკერავთ. ასეა ყველა დღე“.

ლარის გაუფასურებისა და ეკონომიკური ჩავარდნის გამო ქალები ხელისუფლებას აკრიტიკებენ: „ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე, პრემიებზე ზრუნავს. ახლა ავტობანი დასრულდება და მოძრაობა იქეთ გადავა. ამ მაგისტრალზე ავტომანქანების ნაკადი რომ შემცირდება, მყიდველიც აღარ გვეყოლება.“

რუსიკო მესხიძეც ციხისძირელია. ათი წელია ყვავილებითა და სხვადასხვა მცენარეებით ვაჭრობს. ზოგიერთი მცენარე თვითონ გამოჰყავს, ზოგიერთსაც ყიდულობს. „ჩვენთან აივნებისა და ეზოების ყვავილებით გალამაზების კულტურა ნაკლები იყო, თუმცა ბოლო წლებია უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა. მთელი წელი რომ ყვავის, ისეთ ყვავილებზეა უფრო მოთხოვნა“ – ამბობს ის.

ყვავილები რუსიკოს ოჯახური ბიზნესია და დილის ცხრა საათიდან თითქმის მთელი ოჯახი გზის ნაპირზე დგას. „ვისაც ეყვავილება, ყიდულობს, ვისაცა არა, ის ყიდის“- გვეუბნება რუსიკოს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

გულნაზ აბუსელიძეც მაგისტრალზე ვაჭრობს. ის დიასახლისია. დახლზე მასაც ბამბუკის ნაკეთობები უწყვია: კიბეები, ცოცხები, საფერფლეები. ყველაზე მეტად, როგორც გულნაზი გვეუბნება, ბამბუკის ნაკეთობებით თურქი და აზერბაიჯანელი ტურისტები ინტერესდებიან: „აზერბაიჯანელები უფრო. ზოგჯერ შეკვეთებსაც კი გვაძლევენ“.

პეტრას ციხესთან მისვლამდე, 500 მეტრში, ბამბუკს თაბაშირი ენაცვლება. გზაზე ფერადი ნაკეთობები რამდენიმე მეტრზეა გაფენილი: მეყვავილე გოგონები, არწივები, პატარა თიკნები და სხვადასხვა აქსესუარები. თვალში საცემია ნიჟარისგან გაკეთებული ნივთები. ამ ნაკეთობებით ჯუმბერ დუმბაძე ვაჭრობს. „დილიდან დილამდე ვმუშაობ. ძალიან ძნელია. ჩემი შვილი მეხმარება მათ დამზადებაში. იცით ახლა რამხელა მტვერში მუშაობს? ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია. ცალკე საკითხია მაგისტრალი, მთელი დღე ავტომანქანების გამონაბოლქვი უნდა ისუნთქო. ნახევარ სიცოცხლეს ვკარგავთ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის“ – ამბობს ჯუმბერი.

ჯუმბერ დუმბაძე მძიმე ცხოვრების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს: „ევროკავშირში შესვლა უნდათ, მაგრამ იქ უმუშევარი ადამიანს იმდენს უხდიან თვეში, რომ თავი ირჩინოს, აქ კი შვიდ კაპიკად არ უღირხარ არავის. ინფარქტი სამჯერ მივიღე, მაგრამ რა ვქნა, მაინც უნდა ვიშრომო. ახლა ლარიც გაუფასურდა და ამასაც არავინ ყიდულობს. მთავრობას კი მარტო ის აინტერესებს, იქნებ რამე დააშავო, რომ დაგიჭირონ ან დაგაჯარიმონ. აშენებაზე და სამუშაო ადგილის შექმნაზე არავინ ფიქრობს“.

ჯუმბერ დუმბაძე ამბობს, რომ კრიმინალიც გახშირდა: „ამათი გაყიდვა კინაღამ სიცოცხლის ფასადაც დამიჯდა. ხან ვინ მოდის, ხან ვინ. გადმოვლენ მანქანებიდან და „მე იცი ვინ ვარ? მაჩუქე“ – გეუბნებიან. ასეთი გიჟი კვირაში რამდენჯერმე მოდის. თითქოს ის არ მეყოფა, რომ მთელი დღე ამ გზაზე მიწევს დგომა“.

„სწავლა მაინც იყოს უფასო, ყველაფერს როგორ გავწვდე“ – ამბობს მოვაჭრე და თავის ნახელავს უბრუნდება.
ციხისძირის მიმოხვეულ მაგისტრალზე კი, მსუბუქი ავტომანქანები და ტრაილერები დაუსრულებლად მოძრაობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: