კვირის ამბები

პროსტატის კიბო საწყის სტადიაში განკურნებადია

17.04.2015 • 19125
პროსტატის კიბო საწყის სტადიაში განკურნებადია

 

ონკოლოგი თემურ გოგიტიძე ამბობს, რომ პროსტატის კიბოთი, ძირითადად, 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცები ავადდებიან, თუმცა ყველაზე “სარისკო” 50-დან 60 წლამდე ასაკია. “ამ ასაკში განვითარებული პროსტატის კიბო ბევრად უფრო აგრესიულია, ვიდრე გვიან ასაკში, რადგან კიბოს უჯრედებს მამაკაცური ჰორმონები – ტესტესტერონები კვებავს, ხანდაზმულებში კი, ტესტესტერონების დონე სულ უფრო და უფრო იკლებს და უკვე ბიოლოგიური მკურნალობა მიმდინარეობს. შესაბამისად, ბევრი სიმსივნე ამ ჰორმონალური ბუნების გამო ვეღარ ვითარდება, მაგრამ 50-60 წლის ადამიანს ბევრი ტესტესტერონი აქვს და ამიტომ ამ ასაკში მისი აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”,- ამბობს ექიმი.


თემურ გოგიტიძის თქმით, ამ რისკჯგუფში არიან ის პაციენტები, რომელთაც გადატანილი აქვთ პროსტატის დაავადებები (ანთება, ჩაუტარებიათ ოპერაცია პროსტატატაზე
და ა.შ.). პროსტატის კიბოს შემთხვევაში მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორიც და იმ ადამიანებმა, რომელთა ოჯახის წევრებსაც (მამას, ბაბუას, ძმას) ჰქონიათ ასეთი დიაგნოზი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დაავადების დროულ დიაგნოსტირებას.

პროსტატის კიბო საწყის სტადიაში 100%-ით განკურნებადია. პროსტატის კიბოს აღმოჩენა პირველი ნიშნების გაჩენამდეა შესაძლებელი, რისთვისაც ეროვნული სკრინინგცენტრი უკვე ოთხი წელია პროსტატის კიბოზე, PSA ტესტის მეთოდით, უფასო გამოკვლევის პროგრამას ახორციელებს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 50-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს. ტესტის მიზანია სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენების (PSA) დონის დადგენა. თემურ გოგიტიძის თქმით, PშA-ს დონის მკვეთრი მომატება პროსტატის კიბოს არსებობის მაღალ რისკზე მიუთითებს, თუმცა ეს ტესტი შესაძლოა იყოს “ცრუ დადებითი” და ანტიგენების მაღალი დონე რეალურად გამოწვეული იყოს გადატანილი ანთებით, ტრავმითა თუ სხვა მიზეზით. ონკოლოგის თქმით, მიუხედავად ანტიგენების მაღალი მაჩვენებლისა, დიაგნოზის დასასაბუთებლად, უმეტეს შემთხვევაში, საჭირო ხდება დამატებითი კვლევები – ექოსკოპია და ბიოფსია.

ეროვნული სკრინინგცენტრის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ამ პროგრამის ფარგლებში გამოკვლევა ჩაუტარდა 4 449 მამაკაცს, რომელთაგან დასაშვებ
ნორმაზე მეტი ანტიგენი 809 ადამიანს, ანუ 18.1%-ს აღმოაჩნდა. ბათუმში პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართულნი არიან: ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”, საზღვაო ჰოსპიტალი, ონკოლოგიურ ცენტრი და ბათუმის სამშობიარო სახლი.

ონკოლოგის თქმით, სკრინინგის პროგრამა არ ითვალისწინებს დამატებით კვლევებს – ექოსკოპიასა და ბიოფსიას, ექოსკოპიის ფასი საშუალოდ 40 ლარია, ბიოფსია კი 500 ლარი ჯდება.

დღეისთვის პროსტატის კიბოს სამი მეთოდით მკურნალობენ – ოპერაციული მეთოდი, ჰორმონალური თერაპია, სხივური თერაპია და იშვიათად ქიმიოთერაპია. „დღეს მკურნალობის ყველა მეთოდი კარგადაა შემუშავებული და მათ სახელმწიფოც აფინანსებს. შესაბამისად, ისე არ ხდება, რომ დიაგნოზის დასმის შემთხვევაში ადამიანმა ვერ იმკურნალოს”, – ამბობს თემურ გოგიტიძე.

ეროვნული სკრინინგცენტრის რეკომენდაციით, ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ: გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით ღამით), გაძნელებული შარდვა
ან შარდვის გახანგრძლივება, ასევე ტკივილი შარდვის დროს. თუმცა, ამ სიმპტომების არსებობა, ხშირად, არ ნიშნავს, რომ კიბო გაქვთ. თუმცა პროსტატის კიბო ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რომ არ გამოგეპაროთ, მნიშვნელოვანია გამოკვლევა (PSA ტესტი) დროულად ჩაიტაროთ.

იმისთვის, რომ PSA ტესტის პასუხი იყოს ზუსტი:

 

  •  უმჯობესია ტესტი გაიკეთოთ დილით უზმოზე.
  •  არ უნდა გქონდეთ საშარდე გზების ინფექცია.
  •  ტესტამდე 48 საათით ადრე არ უნდა გქონდეთ სქესობრივი კავშირი.
  •  ტესტამდე 48 საათით ადრე არ უნდა გქონდეთ მიღებული ალკოჰოლი.
  •  ტესტამდე 48 საათით ადრე თავი აარიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას.
  •  ტესტამდე ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ ჩატარებული პროსტატის რექტალური გამოკვლევა.
  •  ტესტამდე 6 კვირის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ ჩატარებული პროსტატის ბიოფსია
 
 
 
 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: