კვირის ამბები

განცხადება ენმ-ის მხარდაჭერების ბათუმის მერიიდან გათავისუფლებაზე

14.04.2015
განცხადება ენმ-ის მხარდაჭერების ბათუმის მერიიდან გათავისუფლებაზე

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

„მიმდინარე წლის 2 აპრილს, ჩვენი ოფისის სამართლებრივი დახმარების ცენტრს ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსიდან“ გათავისუფლებულმა სამმა მოქალაქემ მიმართა. დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა კილაბერიამ, ამხანაგობის ყოფილმა კოორდინატორებმა თომა ხალვაშმა და ირაკლი მექვაბიშვილმა ორგანიზაციის იურისტებთან საუბრისას ეჭვი გამოთქვეს, რომ „ბათუმის კორპუსიდან“ 1 აპრილს მათი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, კერძოდ, ყოფილი თანამშრომლები ფაქტს 21 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობის მიღებას უკავშირებენ.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებთან საუბარში გათავისუფლებულმა პირებმა განაცხადეს, რომ „ბათუმის კორპუსის“ დირექტორმა ზურაბ ნაკაიძემ 20 მარტს, 17:00 საათზე თათბირი ჩაატარა, სადაც თანამშრომლებს მოსალოდნელი ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ ბრძანება გააცნო. ამასთან, ზურაბ ნაკაიძემ დაქვემდებარებულ პირებს პოლიტიკური აქტივობისგან თავშეკავება ურჩია. დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ბრძანების შინაარსის გაცნობა ორგანიზაციის თანამშრომლებმა ხელმოწერით იმავე დღეს დაადასტურეს. თათბირს და მოულოდნელ რეორგანიზაციას სამივე პირი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტს გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირებს. პოლიტიკური აქტივობისგან თავშეკავების გაფრთხილების მიუხედავად, ლაშა კილაბერიამ, თომა ხალვაშმა და ირაკლი მექვაბიშვილმა ოპოზიციური პარტიის საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემაც დაადასტურა.

 

31 მარტს, თქვენ 226-ე ბრძანებას მოაწერეთ ხელი, რომლითაც „ბათუმის კორპუსის“ საშტატო განრიგში ცვლილებები შევიდა: ლაშა კილაბერიას, თომა ხალვაშისა და ირაკლი მექვაბიშვილის მიერ დაკავებული პოზიციები გაუქმდა, 1 აპრილს კი ეს პირები სამსახურიდან დაითხოვეს.

 

აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად, მხოლოდ ლაშა კილაბერიას, თომა ხალვაშისა და ირაკლი მექვაბიშვილის მიერ დაკავებული პოზიციები გაუქმდა. ასევე შეიქმნა „ამხანაგობების კორდინატორების განყოფილება“, სადაც 13 თანამშრომელი დასაქმდა. „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის ზურაბ ნაკაიძით თქმით, ამ განყოფილების უფროსად ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი დავით კასრაძე დაინიშნა.

 

ზურაბ ნაკაიძე „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოსთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 2015 წლის 20 მარტს, თათბირი მართლაც ჩაატარა, თუმცა 21 მარტის პოლიტიკური აქცია არ უხსენებია. ნაკაიძე ხაზს უსვამს იმას, რომ თათბირი მხოლოდ იმიტომ მოიწვია, რომ მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლები გაეფრთხილებინა.

 

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების გათავისუფლების საფუძვლებად ბრძანებაში მითითებულია შრომის კოდექსის 37.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას თუ სახეზე გვაქვს ისეთი ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც „აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“. თქვენს ბრძანებაში ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ არ არის დასაბუთებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა, უფრო მეტიც, ბრძანებით 13 ერთეულით იზრდება ორგანიზაციის საშტატო ოდენობა, რაც წარმოქმნის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

 

ასევე „ბათუმის კორპუსმა“ გათავისუფლებულ პირებს არ მისცა შესაძლებლობა, ესარგებლათ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, რომლითაც მხარე ვალდებულია  ხელშეკრულების  შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებული გააფრთხილოს 30 კალენდარული დღით ადრე. ამ პირობის შეუსრულებლობის სანაცვლოდ, მათი გათავისუფლების ბრძანებაში ჩაიწერა, რომ კომპენსაციის სახით 2 თვის შრომისა და ასევე გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას მიიღებენ. შედეგად, „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის მხრიდან, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის გაუთვალისწინებლობამ საბიუჯეტო რესურსის დამატებითი ხარჯვა გამოიწვია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებთან საუბარში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვერ დაასაბუთა, თუ რა გადაუდებელი აუცილებლობით იყო განპირობებული მსგავსი მიდგომის გამოყენება მაშინ, როცა შეიძლებოდა პროცესის ჩვეულებრივ სამართლებრივ ჩარჩოში წარმართვა და მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხების დაზოგვაც.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოგმართავთ, რათა ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა გამოიკვლიონ მოქალაქეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერების საფუძვლები და გააკეთონ შესაბამისი განმარტება“. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: