კვირის ამბები

ვინ და როგორ დააკვირდება მასწავლებლებს

08.04.2015 • 2944
ვინ და როგორ დააკვირდება მასწავლებლებს

 

ირინა ჟვანია
ირინა ჟვანია

ქალბატონო ირინა, რა ფორმით გეგმავთ საკლასო ანუ გარე დაკვირვებას?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საკლასო დაკვირვება. ვმუშაობთ ინსტრუმენტზე, რის მიხედვითაც უნდა ჩავატაროთ საკლასო დაკვირვება და შემდგომ შევაფასოთ საკლასო დაკვირვების შედეგად მიღებული მასალა. ამ მომენტისთვის შეთანხმებული ვართ და შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილებაც მიღებულია – გაკვეთილებს ჩავიწერთ. ვიდეოფირზე აღიბეჭდება უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილები და ამ ჩაწერილ გაკვეთილებს დააკვირდებიან შემდგომ შემფასებლები. შემფასებლების მიერ დაკვირვება უშუალოდ გაკვეთილის პროცესში არ განხორციელდება.

 

ვინ უნდა ჩაწეროს ვიდეოზე გაკვეთილი, როგორი იქნება პროცესი?

ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრომ ყველა სკოლაში უნდა უზრუნველყოს ერთი საკლასო ოთახის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ტექნიკით. ნებისმიერ მასწავლებელს, რომელიც გადაწყვეტს, რომ უნდა გაიაროს გარე დაკვირვება, ექნება ამის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, დირექციასთან შეთანხმებით. დირექციამ მხარი უნდა დაუჭიროს და უნდა დაეხმაროს ამის უზრუნველყოფაში. მასწავლებელს შეუძლია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატაროს ამ საკლასო ოთახში გაკვეთილები. შემდეგ შეუძლია შეარჩიოს ორი ან სამი გაკვეთილი, რომელსაც თვითონ ჩათვლის, რომ საუკეთესოა და გამოუგზავნოს  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. ამის შემდეგ უკვე ცენტრის შემფასებლები შეაფასებენ ამ გაკვეთილს. საქართველოს ყველა მასწავლებელს, ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან ექნება საშუალება, რომ გაიაროს გარე დაკვირვება. რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, მათ მხოლოდ მას შემდეგ მოუწევთ გარე დაკვირვების გავლა, როცა გახდებიან უფროსი მასწავლებლები.

 

ვინ იქნებიან ის შემფასებლები, ვინც უფროსი მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილს შეაფასებენ?

დღეს ძნელია იმის თქმა, თუ ვინ იქნებიან შემფასებლები. იქნებიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ და მეტ-ნაკლებად იცნობენ სკოლის ცხოვრებას. ძალიან კარგი იქნება, თუ ესენი იქნებიან თავად პედაგოგები. შეიძლება არ იყვნენ პედაგოგები, მაგრამ იყვნენ განათლების ექსპერტები. ყოველ შემთხვევაში ესენი უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მჭიდრო შეხება აქვთ ამ პროცესთან. შემდეგ მათ, ჩვენი ცენტრის დახმარებით, უნდა გაიარონ ინტენსიური ტრენინგი.   შემფასებელი – ეს იქნება ადამიანი, რომელმაც კარგად უნდა იცოდეს შეფასების რუბრიკა.

 

რა არის შეფასების რუბრიკა და რა კომპონენტებისგან შედგება?

ძირითადად, ორ სფეროს მოიცავს შეფასების რუბრიკა – ეს არის საკლასო გარემო, ანუ როგორ ზრუნავს პედაგოგი საკლასო გარემოს შექმნაზე გაკვეთილის მსვლელობისას და სწავლება, რომელშიც შედის მოსწავლეებთან კომუნიკაცია, სწავლების სტრატეგიები, შეფასების კომპონენტი, მოტივაცია. თითოეული ეს სფერო კომპონენტებად არის დაყოფილი.

 

საკლასო გარემოში შედის სამი კომპონენტი – ეს არის ურთიერთპატივისცემაზე აგებული გარემოს შექმნა, საკლასო პროცედურები და ქცევის წესები. მესამე კომპონენტი არის ფიზიკური გარემო. თუმცა ფიზიკურ გარემოსთან დაკავშირებით ჩვენ თვითონაც ბევრი შეკითხვა გვაქვს. ვინაიდან სკოლებში ფიზიკური გარემოს შექმნა მასწავლებლებზე არ არის დამოკიდებული და ამიტომ მასწავლებლის შეფასების პროცესში ამას ნამდვილად ვერ გავითვალისწინებთ. ამიტომ შეიძლება ეს კომპონენტი საერთოდ ამოაკლდეს, ან ძალიან შევამციროთ. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც დაკვირვების პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი და შემდგომ შეფასებისთვის. ამჟამად ვიწყებთ შეფასების რუბრიკის პილოტირების პროცესს.  გამოჩნდნენ მოხალისე პედაგოგები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ მათი გაკვეთილები ჩავიწეროთ. ეს გაკვეთილები ამ ეტაპზე არ იქნება შესაფასებლად. ეს იქნება იმისათვის, რომ შეფასების რუბრიკა დაიხვეწოს. ბევრი მოხალისე მასწავლებელი გამოჩნდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. შემოდგომისთვის უკვე გვექნება შეფასების რუბრიკა საბოლოო სახით.

 

გასაჩივრების მექანიზმი თუ იქნება და როგორ შეძლებენ მასწავლებლები არასასურველი შეფასების მიღების შემთხვევაში აპელაციას?

ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ გასაჩივრების შესაძლებლობა მასწავლებლებს ექნებათ. შესაფასებელი გაკვეთილების ვიდეოზე ჩაწერაც სწორედ ამიტომაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. მასწავლებლებს შემფასებლებთან თუ კომისიებთან ერთად ექნებათ შესაძლებლობა კვლავ ნახონ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი და ამის საფუძველზე გაასაჩივრონ, ვიდეოგაკვეთილი მისცემს ამის შესაძლებლობას.

 

რუბრიკის პილოტირების პროცესში აჭარიდან თუ არიან მასწავლებლები ჩართული?

პილოტირება გულისხმობს შეფასების რუბრიკის დახვეწას. ჩვენ უნდა ვნახოთ რამდენად მუშაობს, რაიმე შეცვლას ხომ არ საჭიროებს. ამისთვის გვჭირდება ბევრი მასალა – ჩვენი მასალა არის ვიდეოგაკვეთილები. ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ პედაგოგებს, რასაკვირველია სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზე, რომ ჩაგვეწერა მათი გაკვეთილები. მნიშვნელოვანია ამ შეფასების რუბრიკის შემუშავებაში პრაქტიკოსი პედაგოგების მონაწილეობა. მათთან თანამშრომლობით ჩვენ უკეთეს ინსტრუმენტს შევქმნით. ეს არის ჩვენთვის ამ ეტაპზე ღირებული ინფორმაცია. ჩვენ ვთავაზობთ თანამშრომლობას, ვთხოვთ მათ, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ბუნებრივია, ეს მათ ინტერესშიც არის – ყველას მოუწევს ამ ინსტრუმენტის საკუთარ თავზე გამოცდა. შესაბამისად, იმ პედაგოგების გაკვეთილებს, რომლებსაც ეს სურთ, რესურსცენტრთან და სკოლასთან შეთანხმებით ჩაწერენ ჩვენი ცენტრის თანამშრომლები.

ეს ინფორმაცია მივაწოდეთ პედაგოგებს ბათუმშიც, უკვე გამოგვეხმაურნენ მასწავლებლები კახეთიდან, შიდა ქართლიდან. იმედი გვაქვს, აჭარიდანაც გამოგვეხმაურებიან. მოხალისე მასწავლებლების გაკვეთილები, რასაც ჩვენ ჩავიწერთ, იქნება სრულიად ანონიმური. იმ გაკვეთილებს, რომელიც ჩაიწერება და ჩვენამდე მოვა, მხოლოდ და მხოლოდ უყურებს ის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ამ გაკვეთილს სხვა ვერავინ ნახავს. გარდა ამისა, პედაგოგი მიიღებს უკუკავშირს ჩვენგანაც. პილოტირების პროცესში ჩართვით ერთგვარ რეპეტიციასაც გადიან პედაგოგები და მომავლისთვის ემზადებიან.

 

იმ პედაგოგს, რომელიც პილოტირების პროცესში ჩაერთვება, წინასწარ ეცნობება როდის ჩაწერენ მის გაკვეთილს?

რა თქმა უნდა, იქნება გაფრთხილებული. ამასთან, ეს გაკვეთილი არ საჭიროებს არანაირ წინასწარ მომზადებას.

ეს არის ჩვეულებრივი გაკვეთილი, რასაც მასწავლებელი ყოველდღე თუ კვირაში სამჯერ ატარებს. ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილის ბუნებრიობა არ დაიკარგოს. სკოლაში როდესაც სხვა ორგანიზაციის თანამშრომლები შედიან, სკოლამ უნდა იცოდეს ამის შესახებ და ჩვენც უნდა ვიცოდეთ იმის შესახებ, რომელ საათზე აქვს გაკვეთილი. ამდენად მასწავლებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: