კვირის ამბები

10 შვილის დედა ჟუჟუნა: ერთჯერად დახმარებას მე რატომ არ მაძლევენ

02.04.2015 • 1350
10 შვილის დედა ჟუჟუნა: ერთჯერად დახმარებას მე რატომ არ მაძლევენ

 

საჩუქარი დედის დღეზე საკუთარი თავისთვის არც ჟუჟუნას გაუკეთებია, იმიტომ, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ 200 ლარია: მეფრინველეობის ფერმაში მუშაობს – კვერცხებს აგროვებს.

 

ჟუჟუნა საითაძე ამბობს, რომ წელს – დედის დღეზე არავის გახსენებია, რომ ის 10-შვილიანი დედაა. ვერ ხვდება სახელმწიფო უკვე მესამე წელია რატომ არ ასაჩუქრებს მრავალშვილიანი დედებისთვის დაწესებული ერთჯერადი დახმარებით – 1000 ლარით.

 

ზოგადად კი, ჟუჟუნას ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო შემწეობით გააქვთ თავი.

 

ჟუჟუნას სახლში წყალი ჩაუდის – სახურავი აქვს დამპალი და იმიტომ.  ცოტა ხნის წინ მისი სახურავის ამბით ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რის შემდეგაც გამგეობიდან მივიდნენ და სახურავი გაზომეს. მერე წავიდნენ და აღარ გამოჩენილან – ჟუჟუნას სახლში კი მთელი ზამთარი, ყოველ გაწვიმებაზე წყალი ჩადის. მაგრამ ჟუჟუნა არ ნებდება.

 

ჟუჟყნა საჯარო სივრცეში მარტო იბრძვის – მასთან ერთად არც მისი შვილები ჩანან და არც მეუღლე. ამბობს, რომ ბევრგან იყო მეუღლე ავტობუსის მძღოლად რომ დაენიშნათ, მაგრამ ვერაფერს გახდა. „ბიჭი კიდევ წელმოწყვეტილი დაბრუნდა თურქეთიდან – ქვების დატვირაზე მუშაობდა, მძიმე სამუშაოზე“.

 

ჟუჟუნამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ წელს 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას, როგორც მრავალშვილიან დედას, სახელმწიფო აღარ მისცემს – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ თანხით მხოლოდ იმ მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარებიან, რომლებსაც ხუთი შვილი მაინც ჰყავთ არასრულწლოვანი. როგორც უკვე ვთქვით, ჟუჟუნას მხოლოდ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

 

რაც შეეხება სახლის სახურავს – მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სახურავები შეისყიდეს, მაგრამ ჟუჟუნას არ შეხვდა, სხვა კიდევ უფრო გაჭირვებულებს გადასცეს და იმიტომ. გამგეობაში ამბობენ, რომ სახურავების შესყიდვის პროგრამა ისევ გრძელდება და წესით ჟუჟუნას სახლს სახურავი შეხვდება, წელს თუ არა მომავალში, მომავალში თუ არა – იმის შემდგომ…

გადაბეჭდვის წესი


ასევე: