კვირის ამბები

აჭარის პრეზენტაცია ევროპის საბჭოში

27.03.2015 • 1278
აჭარის პრეზენტაცია ევროპის საბჭოში

 

„სპეციალურ სტენდზე რეგიონის ტურისტული, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალებია გამოფენილი. წარმოდგენილია რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო, ტრადიციული ადგილობრივი ღვინოები: ჩხავერი, ცოლიკაური და საწური. ასევე საკონდიტრო და კულინარიული ნაწარმი. პარალელურად მონიტორზე რეგიონის შესახებ ვიდეო რგოლებს აჩვენებენ,“ – ამბობს ნათია სირაბიძე, აჭარის მტავრობის პრეს სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ნათია სირაბიძის ინფორმაციიით, 25 მარტს ევროპის საბჭოს შენობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალურმა დელეგაციამ სპეციალური მიღება გამართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს, ასამბლეაზე დამსწრე საზოგადოებას და დიპლომატებს პირადად გააცნო რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი. მიღებაზე მოწვეულ ევროსაბჭოს წევრებს არჩილ ხაბაძესთან ერთად კონგრესის პრეზიდენტი ბატონი ფრეკონი მიესალმა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა ქართული ღვინო და კერძები დააგემოვნეს“.

 

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა გავიცნოთ აჭარის ტრადიციები. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ხაბაძეს, რათა მოგვცა საშუალება გავცნობოდით აჭარის რეგიონის მდიდარ კულტურას. ეს ღონისძიება არა მხოლოდ აჭარის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვანია ზოგადად ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებისთვის. ვინაიდან გლობალიზაციის პირობებში, კულტურული ურთიერთდამოკიდებულება და მრავალფეროვნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში საერთო სტანდარტებისა და ამავე დროს განსხვავებათა პატივისცემის დამკვიდრებაში“ – აღნიშნა ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა.

 

„მიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე აჭარა ღირსეულად არის წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რათა შედეგად ქვეყანაში მივიღოთ ევროპული სტანდარტის დემოკრატიული ინსტიტუტები, ევროპული მოდელის საბაზრო და ეკონომიკური სტანდარტები და ეფექტური, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობითი სისტემა ყველა დონეზე. დღეს წარმოდგენილი საინფორმაციო მასალა და ქართული სამზარეული ხელს შეუწყობს რეგიონის მიმართ ინტერესის ამაღლებას. 47 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება კონგრესს და შეიძლება ითქვას ამდენივე ქვეყანა გაიგებს თუ რა მდიდარი კულტურის და ტრადიციების მატარებლები ვართ.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული სიმდიდრის და ტურისტული პოტენციალის ამსახველი გამოფენა გუშინ დასრულდა.

 

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და უმაღლესი საბჭოს წევრები. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: