Batumelebi | პოლიციელების ცვლილებებით გამოწვეული მოლოდინი აჭარაში პოლიციელების ცვლილებებით გამოწვეული მოლოდინი აჭარაში – Batumelebi
RU | GE  

პოლიციელების ცვლილებებით გამოწვეული მოლოდინი აჭარაში


აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. დავით მამულაშვილი აჭარაში იმერეთიდან გადმოიყვანეს, მისი წინამორბედი თემურ კუპატაძე კი მცხეთა-მთიანეთში დანიშნეს საპატრულო პოლიციის უფროსად. აჭარაში ახალი შეფი ჰყავს პოლიციის მთავარ სამმართველოსაც.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის მაღალჩინოსნების ერთი რეგიონიდან მეორეში გადაყვანას ხსნიან მოკლე კომენტარით – „ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება“. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ჭიკაიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით თამაზაშვილი სამუშაოდ თბილისში გადაიყვანეს, მის ნაცვლად კი, 30 წლის ბესიკ ამირანაშვილი დანიშნეს. მას შემდეგ, რაც მან მუშაობა ბათუმში დაიწყო, ცვლილებებია აჭარის მთავარ სამმართველოში, „ბათუმელების“ ინფორმაციით, 13 მარტს ამირანაშვილი თბილისში იმყოფებოდა. ცვლილებებს ელოდებიან მისი თანამშრომლები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი თანამდებობაზე დანიშვის შემდეგ ლევან ხარაბაძე, რომელიც ამირანაშვილის წინამორბედის დავით თამაზაშვილის გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სინამდვილეს – შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ კითხვას არ პასუხობენ. წინასწარი ინფორმაციით, ამირანაშვილი აჭარაში არსებულ ექვსივე სამმართველოს ხელმძღვანელს შეცვლის. 

 

დავით მამულაშვილი
დავით მამულაშვილი

დავით მამულაშვილი აჭარაში საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობს. აჭარაში გადმოყვანამდე ის იმერეთში მუშაობდა საპატრულო პოლიციის უფროსად. მამულაშვილი 34 წლისაა, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 2014 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით აქვს 80 კვ.მ ბინა მცხეთაში და მსუბუქი ავტომანქანა „მერსედესი“. „საქართველოს ბანკში“ საკრედიტო ბარათზე – სამი ათასი ლარი. 2013 წელს დავით მამულაშვილს ხელფასის სახით 36 783 ლარი მიუღია, მის ცოლს – მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის განყოფილების წამყვან სპეციალისტს კი, ხელფასის სახით – 5880 ლარი.

 

ქონებრივი დეკლარაცია მამულაშვილს 2013 წელსაც შეუვსია. ამ წლის მონაცემებით, `რესპუბლიკა ბანკიდან~ კრედიტის სახით 2500 ლარი, „საქართველოს ბანკიდან“ – 3000 ლარი, „თი ბი სი ბანკიდან“ – 1000 ლარი გამოუტანია. ინტერნეტში დავით მამულაშვილის შესახებ მხოლოდ ორი ვიდეო იძებნება. აქედან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი იმერეთში მუშაობის პერიოდში აქვს გავრცელებული – ის მაშინდელი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის წამოწყებულ აქციას შეუერთდა. აქციის ფარგლებში სოციალურად დაუცველებს თანამშრომლებთან ერთად ფასიანი საჩუქრები დაურიგა. მეორე ვიდეო კი, მისი თბილისში მუშაობის პერიოდს ასახავს – მამულაშვილმა ჟურნალისტებს 2013 წელს ჩიორა თაქათაქიშვილისა და სერგო რატიანის ცემის გამო ბრალდებულ გელა მამალაძის დაკავების შესახებ აცნობა.


დაქვეითებული პოლიციელები

 

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის დავით თამაზაშვილის ინიციატივით, გასული წლის ბოლოს თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალდებული პოლიციელები _ დავით რიჟვაძე და არჩილ ანთაძე დანაშაულის ჩადენის შემდეგ დააწინაურეს. სტატია ამ თემაზე გაზეთმა „ბათუმელებმა“ მოამზადა. სტატიის მზადების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ საქმეს გენერალური ინსპექცია იკვლევს. 13 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მხილებული, დაწინაურებული პოლიციელები „დააქვეითეს“, თუმცა რაში გამოიხატება დაქვეითება, ამ კითხვაზე სამინისტროში არ უპასუხეს.

 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ დაუკავშირდა პოლიციის მე-2 განყოფილებას ტელეფონის ნომერზე – 27 71 02. აღნიშნულ ნომერზე ერთი საათის განმავლობაში არავინ პასუხობდა. დავით რიჟვაძე სწორედ მე-2 განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
დავით რიჟვაძე და არჩილ ანთაძე დანაშაულის სტატისტიკის გაყალბებაში იყვნენ ბრალდებულები: შარშან ზაფხულში ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში შეტყობინება შევიდა – მოქალაქემ პოლიციას აცნობა, რომ მას ველოსიპედი მოპარეს. შეტყობინების ადგილზე გავიდნენ განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე და მისი მოადგილე დავით რიჟვაძე. ორივე თანამდებობის პირმა გადაწყვიტა, რომ ეს შეტყობინება შს სამინისტროს სტატისტიკაში არ უნდა ასახულიყო, როგორც დანაშაული – შეტყობინება გაფორმდა, როგორც ნივთის დაკარგვა. დანაშაულის ჩადენა ორივე პოლიციელმა აღიარა. საქმეში ჩაერთო პროკურატურა, რის შემდეგაც ორივე თანამდებობის პირთან გაფორმდა განრიდება. ამის მიუხედავად, ბრალდებული არჩილ ანთაძე ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსობიდან ბათუმის განყოფილებაში უბნის ინსპექტორის უფროსის თანამდებობაზე, დავით რიჟვაძე კი, რომელიც ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში მოადგილედ მუშაობდა, ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსად დანიშნეს.

 

კანონმდებელი ასე ლმობიერად არ მოექცა ორ პატრულს: გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე ბათუმში საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი გასული წლის ზაფხულში მისცეს პასუხისგებაში. პატრულის თანამშრომლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზეზი გახდა ის, რომ მათ მოქალაქეს ჯარიმა არ გამოუწერეს.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 8 სექტემბერს პატრულირებისას თურქეთ-საქართველოს საზღვართან, სარფში, ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც სანომრე ნიშნები საქარე მინაზე ჰქონდა მიმაგრებული. პატრულის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ ეს კანონდარღვევაა და მძღოლი სიტყვიერად გააფრთხილეს. სამართლებრივი დოკუმენტი, ან ოქმი გაფრთხილების შესახებ პატრულის თანამშრომლებს არ შეუდგენიათ და სწორედ ეს გახდა მათი სამართლებრივი დევნის მიზეზი. ბრალდებულებს პოლიციაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვთ, ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების განჩინების ასლში წერია, რომ პატრულის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს ქმედება, არ არის აღწერილი. `ბათუმელების~ ინფორმაციით, პატრულის ამ თანამშრომლებს პროკურატურამ განრიდებაზე უარი უთხრა. მათ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო ახლაც განიხილავს.


ბესიკ ამირანაშვილი
ბესიკ ამირანაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილი 2014 წლის დეკემბრიდან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად, 2013 წლის აპრილიდან – 2014 წლის დეკემბრამდე კი, შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2012-2013 წლებში ამირანაშვილი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2011-2012 წლებში კი _ შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2009-2011 წლებში თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს I განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად, ხოლო 2008-2009 წლებში შსს თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს გამომძიებლად მუშაობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა