კვირის ამბები

ბათუმში პატიმრების სავარაუდო წამებაზე პროკურატურამ ძიება დაიწყო

06.03.2015 • 1581
ბათუმში პატიმრების სავარაუდო წამებაზე პროკურატურამ ძიება დაიწყო

 

პატიმრების წერილები
პატიმრების წერილები

პატიმრები „ბათუმელების“ რედაქციაში გამოგზავნილი წერილების ასლებს პარალელურად უგზავნიან მთავარ პროკურატურას, პრემიერ-მინისტრს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, პარლამენტარ ეკა ბესელიას და იუსტიციის მინისტრს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პატიმრების საჩივრების საფუძველზე უწყების გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.


გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ხუთი პატიმრის საქმეზე. თუმცა რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხულნი არიან თუ არა ციხის თანამშრომლები, ხომ არ მიუციათ ვინმე პასუხისგებაში – ამ კითხვებს პროკურატურამ არ უპასუხა.


პატიმრები „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ უკვე მოინახულა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ჯაბა ზერეკიძემ. მისი ინფორმაციით, ზოგიერთ პატიმარს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, პატიმრების განცხადებით თვითონ მიიყენეს თვითდაზიანებები, რითაც გამოხატეს პროტესტი დაწესებულების დირექტორის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ საჩივრებსა თუ განცხადებებში დასმულ საკითხებზე რეაგირება არ ყოფილა. საია სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე პატიმარს გაუწევს სამართლებრივ დახმარებას.

იური კალაძე 36 წლისაა, ის სასჯელს ახლა მესამე დაწესებულებაში იხდის. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს 23 წლის ასაკში სამუდამო პატიმრობა 23-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. სასჯელის ვადა 2021 წელს ეწურება. როგორც „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში ის წერს, ეს არის მისი პირველი წერილი, რომელიც საჯაროობის მიზნით დაწერა. ამბობს, რომ არასოდეს მიუმართავს არავისთვის დახმარების თხოვნით. „მე არ ვარ ამაყი იმის გამო, რომ ერთი ადამიანი დავჭერი, მეორე მოვკალი, თუმცა ქვეყანაში, სადაც სამართალი არ იყო, სხვა გზა არ მქონდა“, – წერს პატიმარი წერილში. მისი მიზანია, გაიგოს ყველამ – მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და მთელმა ქვეყანამ თუ რა ხდება ბათუმის მე-3 დაწესებულებაში.

 

პატიმარი კალაძე წინა ხელისუფლების პერიოდში გადატანილ წამებაზეც წერს: „აქ ბევრი პატიმარი ცემისგან ეტლს მიეჯაჭვა. მე ფეხზე დავდივარ, მაგრამ ოპერაცია მჭირდება, დისკოზი მაქვს… ჩვენ ტკივილგამაყუჩებელს არ გვაძლევდნენ და თავი დავიზიანე, რომ საავადმყოფოში გადავეყვანე. თავის დაზიანების გამო სასჯელი დამიმატეს „ოცნების“ მთავრობის დროს. არავის უკითხავს, რატომ დავიზიანე თავი რკინის მეტალით. ყველას მივწერე, ეკა ბესელიას, თეა წულუკიანს. მხოლოდ გერბიანი ფურცელი მოვიდა, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო… ახლა ბათუმის მესამე საპყრობილეში ვარ. მე ადმინისტრაციასთანაც მომიწია შელაპარაკება, დამაბეს და ფეხები მირტყეს. სიცივეში ჩამსვეს კარცერში, მცემეს“…

 

პატიმარი სულხან ბერიძე: „2015 წლის 23 იანვარს ვიმყოფებოდი სამარტოო საკანში, რომლის ზემოთ არის ე.წ. ანტივანდალური საკანი. დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე მომესმა პატიმრის ყვირილი: „ნუ მირტყამთ“. როგორც შემდგომში გაირკვა ეს პატიმარი იური კალაძე იყო. ე.წ. კარცერში ჩამოიყვანეს კალაძე. როგორც იურიმ მითხრა, მას ასე იმიტომ მოექცნენ, რომ დედასთან დარეკვას ითხოვდა, ადმინისტრაცია კი ამის უფლებას არ აძლევდა. დამამცირებელია ისიც, რომ როცა კარცერში ჩამოიყვანეს, მას შარვალი არ ეცვა~.
პატიმარი თემურ ტაკიძე: „სასჯელს ვიხდი 2007 წლის 28 აპრილიდან, 2015 წლის 5 ივნისს ვთავისუფლდები პატიმრობიდან. ჩემი სისხლის სამართლის საქმე სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში… შეწყალების კომისიას მივმართე, მაგრამ რატომ მეთქვა უარი, ჩემთვის გაუგებარია… დღესაც ძალიან ბევრი თანამშრომელი მუშაობს დაწესებულებაში, ვინც მხილებულია ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენაში. როგორ შეიძლება გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დროინდელი ბადრაგი მუშაობდეს აქ (ჯიქია და ვეკუა მე-3 დაწესებულების ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე ბრალდებულები არიან პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში – ავტ.). თქვენ ალბათ ბევრი პატიმარი გწერთ, რომ ცუდ დღეშია, ზოგი ზოგის კარნახით წერს, ზოგი საბოტაჟის მიზნით აკეთებს ამას… მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. მინდა ქართველმა ხალხმა გაიგოს – „ოცნებას“ ამოფარებული ჯალათები მუშაობენ დღეს ისევ ციხეებში.

 

პატიმარი გიორგი ოქროპირიძე: „გთხოვთ დამეხმაროთ. მას შემდეგ, რაც რამდენიმე თანამშრომელი ვამხილე დანაშაულის ჩადენაში, ჩემ მიმართ იმატა ზეწოლის ფაქტებმა. ჩემი წამების საქმეებს იძიებს აჭარის პროკურატურა. მათ აქვთ უამრავი დამადასტურებელი დოკუმენტი როგორ ძალადობენ ჩემზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ ვარ ნაცემი. მე მივმართავ მათ არ დააფარონ ხელი ჯალათებს, გაიზიარონ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ექსპერტიზის დასკვნები. მინდა, ჩემი უფლებები დაიცვან, დამეხმარეთ“…

 

ბათუმის საპყრობილე
ბათუმის საპყრობილე

„ბათუმელების რედაქციაში კიდევ ოთხი პატიმრის წერილი შემოვიდა. იმის გამო, რომ საქმე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, რედაქციამ გადაწყვიტა, მათი ვინაობა მხოლოდ ინიციალებით დაწეროს. აი, რას წერენ პატიმრები (მ.გ; გ.მ.; თ.მ და ჯ.მ): „ბათუმის მესამე დაწესებულებაში სასჯელის მოხდა გვიწევს გაუსაძლის პირობებში. ვართ სხვადასხვა დაავადებით ინფიცირებულები. ეს იცის მთავარმა ექიმმა, ზურაბ ორაგველიძემ ჩვენი სამედიცინო ბარათებიდან. გვესაჭიროება გამოკვლევები და მკურნალობის დაწყება. ვითხოვთ ისეთ ადგილას გადაგვიყვანონ, რომ დაავადებები პატიმრებს ერთმანეთისგან არ გადაგვედოს. ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი მანამ არ გადაიყვანეს ჩვენგან, სანამ სისხლის ღებინება არ დაეწყო. წამლები არ გვაქვს, ამბობენ დეპარტამენტი არ გვაწვდისო. აფთიაქი გვჭირდება, რომ ჩვენი ხარჯებით შევძლოთ წამლების ყიდვა. ჩვენს საკანში არის სინესტე, საკვები არ არის ვარგისიანი. საპირფარეშოში არ მოდის წყალი, არ გვაძლევენ ტელეფონზე დარეკვის უფლებას. გთხოვთ შეგვხდეთ და თქვენი თვალით ნახეთ, აქ რა ხდება. ჩვენი წერილიც ასე უფრო დასაბუთებული იქნება“.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ამბობენ, რომ პატიმრების ბრალდებები საბოტაჟის მცდელობაა და ამ მეთოდით ისინი ცდილობენ ციხის ადმინისტრაციის მართვას.

 

პატიმრები ბათუმის მესამე დაწესებულებაში რამდენჯერმე მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. სახალხო დამცველის აპარატი პატიმრების საქმეს სწავლობს, კონკრეტულად იური კალაძის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით კი, ომბუდსმენმა გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: