კვირის ამბები

ცოტა რამ ყველაზე კეთილი ჯადოქრობის შესახებ

11.12.2014
ცოტა რამ ყველაზე კეთილი ჯადოქრობის შესახებ

 

ჯოან როულინგის ლეგენდარული პოტერიადა მშვენიერი, ხელშესახები მაგალითია იმისა, როგორ ცვლიან წიგნები უკეთესობისკენ – რა ასაკის მკითხველმაც არ უნდა წაიკითხოს ეს წიგნები, შეუძლებელია, არ იგრძნოს, როგორ გახდა ცოტა უფრო კეთილი, ცოტა უფრო თანაგრძნობით სავსე, ცოტა უფრო მეგობრული…

 

ჰარი პოტერზე უამრავი თქმულა და დაწერილა. ალბათ, კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ, დიდხანს იარსებებენ ადამიანები, რომლებიც მოერიდებიან ამ წიგნის წაკითხვას, მაგიაზე აქცენტის გამო, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მაგრამ თუ ის ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ერიდებიან ჰარი პოტერის წაკითხვას და შვილებს უკრძალავენ ამ წიგნის ხელში აღებას, ოდესმე მას გადაშლიან, ნახავენ, რომ ერთადერთი მაგია, რომელიც აქ მოქმედებს, უზომო სიყვარულია. კიდევ, თავდადებული მეგობრობა, სინათლე და სიკეთე.

 

პოტერიადა შვიდ წიგნს აერთიანებს, მაგრამ მათ წასაკითხად ერთ კვირაზე მეტი, ალბათ, არ დაგჭირდებათ. და საოცარი შეგრძნებაა, როცა წიგნის გმირები თქვენს თვალწინ გაიზრდებიან ნელ-ნელა, პატარა ბავშვებიდან ჯერ თინეიჯერებად, შემდეგ ზრდასრულ ადამიანებად, ბოლოს კი მშობლებად გარდაიქმნებიან და ეს ყველაფერი ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს მრავალი წელი გაატარეთ მათთან ერთად.

 

მთელი შვიდივე წიგნი არის ერთი დიდი ბრძოლის ისტორია. ჰო, ჯადოქრები იბრძვიან, მაგრამ ხომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმას, რისთვისაც იბრძვიან? ისინი ყველაფერს სწირავენ იმისთვის, რომ ქვეყნად იყოს მეგობრობა, სიყვარული და მხიარული სიცილი, რომ არსებობდეს ერთგულება და სიმშვიდე, რომ ბავშვებს მუდამ შეეძლოთ იზეიმონ შობა და მშვიდად ითამაშონ, იბრძვიან ყველაფერ მშვენიერისთვის და როგორ შეიძლება, ამ ყველაფრისთვის ბრძოლა შავბნელი იყოს, ან რომელიმე რელიგიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს?

 

ძალიან ხშირად იმასაც ამბობენ, ჰარი პოტერი არასერიოზული ლიტერატურააო. მართალია, აქ ვერ შეხვდებით ფილოსოფიურ მოსაზრებებს, რთულ და ჩახლართულ მსჯელობებს საკამათო საკითხებზე, ვერც ბევრ უცხო ტერმინს შეხვდებით (შელოცვების გარდა), მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრჯერ იტირებთ სიხარულით და სევდით, უფრო მეტად დააფასებთ თქვენს მეგობრებს, მეტად გაგიხარდებათ ყოველდღიური წვრილმანები და რაც მთავარია, არასდროს დაგავიწყდებათ ბიჭი, რომელიც გადარჩა…

 

ჰარი პოტერი ცხოვრებას ამშვენიერებს. ლიტერატურის ფუნქციაც სხვა რაღაა?!

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.