კვირის ამბები

საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში “ოცნებას” ოპოზიცია დაეხმარა

02.12.2014 •
საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში “ოცნებას” ოპოზიცია დაეხმარა

 

ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

15 ხმით ხუთის წინააღმდეგ გასულ ხუთშაბათს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე თანამდებობიდან ფარული კენჭისყრით გადააყენეს. მიზეზი – თავმჯდომარის ოპოზიციაში გადასვლა გახდა. ასლან კახიძე, როგორც მან “ბათუმელებთან” საუბარში თანამდებობაზე არჩევის შემდეგ თქვა, უპარტიოა, თუმცა საკრებულოში ირაკლი ალასანიას პარტია “თავისუფალი დემოკრატების” კვოტით შევიდა. პარტიის ლიდერის ოპოზიაში გადასვლის შემდეგ მას პარტია “ქართულ ოცნებაში” გადასვლა ურჩიეს. მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.

 

ფრაქცია “ქართულ ოცნებას” საკრებულოში 10 წევრი ჰყავს, ამას ემატება “ქართული ოცნება – მრეწველები და კონსერვატორების” სამწევრიანი ფრაქცია. “თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების” სამწევრიანი ფრაქციიის თავმჯდომარე აბელ ბექტაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურაში მის ფრაქციას მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” თავმჯდომარის გადაყენებაში ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” სამწევრიანი ფრაქცია დაეხმარა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ გადააყენებდნენ.

 

“როგორ გამოთვალეთ? – სწორია, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ალასანია ჩემი კონკურენტი იყო და რადგან ოპოზიციაში გადავიდა, მოყვარე გახდა თუ? – არ გაგიგიათ ძაღლი მგელს მისდევდა და მეორე რომ გამოჩნდა, მანაც მგელს დაუწყო დევნაო? – ჰო, ასე გამოვიდა, რომ მმართველ პარტიას დავეხმარეთ, აბა ისე რა მაქვს ასლანის საწინააღმდეგო, მეზობელია ჩემი”,- უთხრა ფრაქციის თავმჯდომარემ იაშა გვიანიძემ “ბათუმელებს”.

 

სამართლიანი იყო თუ არა თავმჯდომარის გათავისუფლება იმ მიზეზით, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა? – კითხვას საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი იოსებ ბოლქვაძე ვერ პასუხობს. ის არც იმას ამხელს, დაუჭირა თუ არა თავად მხარი თავმჯდომარის გადაყენებას. “ეს ჩემი საქმეა” – უთხრა მან “ბათუმელებს”.

იოსებ ბოლქვაძე 2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს წევრი და განათლების კომისიის თავმჯდომარე იყო. თავდაპირველად “რესპუბლიკელი” მმართველ პარტიაში, ანუ “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩა მას შემდეგ, რაც ამ პარტიის ხელმძღვანელებმა `ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მუშაობაზე უარი თქვეს.

2007 წლის 8 ნოემბერს იოსებ ბოლქვაძემ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ცემის ფაქტი დაგმო, `ნაციონალური მოძრაობა” ტირანიაში დაადანაშაულა და პარტია დატოვა. ხელვაჩაურის საკრებულომ კენჭი უყარა იოსებ ბოლქვაძის საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. მაშინ იოსებ ბოლქვაძესთან ერთად მის გათავისუფლებას აპროტესტებდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე. საკრებულოს სხდომას კი, სხვა გულშემატკივრებთან ერთად, “რესპუბლიკელების” რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამჟამად ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეც ესწრებოდა.

 

ახლა იოსებ ბოლქვაძე ხელვაჩაურის საკრებულოში იმ ფრაქციის წევრია, რომელმაც ასლან კახიძე იმავე მიზეზით გაათავისუფლა, რისთვისაც ოდესღაც თვითონ – ოპოზიციაში გადასვლის გამო.

ასლან კახიძის გადაყენებას მხარი დაუჭირა თუ არა არ ამხელს, თუმცა იოსებ ბოლქვაძე სხდომაზე საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა. რატომ? – ეს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია. “ბათუმელებს” კი იმავე კითხვაზე უპასუხა: “ჩავთვალე, რომ ადრე იყო ამ საკითხის გამოტანა, ჯერ მზად არ ვიყავით. რაც შეეხება მაშინდელ სიტუაციას, როცა მე გადამაყენეს, მაშინ სხვა დრო იყო”, – განმარტა იოსებ ბოლქვაძემ.
ხელვაჩაურის 26-წევრიან საკრებულოში სხდომას, რომლის დღის წესრიგშიც პირველ ნომრად თავმჯდომარის გადაყენების საკითხი იყო შეტანილი, საკრებულოს სრული შემადგენლობა ესწრებოდა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ოთხმა წევრმა.

 

“ჩვენ სხდომაზე ვერ მივიღეთ პასუხი, გადავიდა თუ არა თავმჯდომარე ოპოზიციაში. მას ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია”, – განმარტა `ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრმა ნუგზარ ბოლქვაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მიზეზად სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსის შესახებ 34-ე მუხლიც ახსენეს. ამ მუხლის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

 

თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ არ გადაწყვიტა თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, იმავე პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

“ბათუმელებს” კონფიდენციალურმა წყარომ მოაწოდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ასეთ წერილობით მოთხოვნას საკრებულოს 14-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი, მათ შორის არიან იოსებ ბოლქვაძე და აბელ ბექტაშვილიც. ამ დოკუმენტში თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსის გარდა საკრებულოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-10 პუნქტია ნახსენები, რაც იმავე შინაარსის ჩანაწერს გულისხმობს, რასაც კოდექსის 34-ე მუხლი.
საკრებულოს გადაყენებულმა თავმჯდომარემ მედიას უთხრა, რომ “მშვენივრად იცხოვრებს, სხდომებს დაესწრება და ხმამაღლა ილაპარაკებს”.

 

რა იგულისხმა “ხმამაღლა ლაპარაკში”? – “ამ დრომდე გუნდურობის პრინციპით ვხელმძღვანელობდი, ახლა ოპოზიციაში ვარ”.
ასლან კახიძის თქმით, ის ვერც იმაში ხედავდა პრობლემას, საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე რომ ჰყოლოდა.
ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჯერ არ აურჩევიათ. მოვალეობას მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ასრულებს, უმრავლესობის წევრები პირად საუბარში ადასტურებენ, რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ის გახდება.

რა ხდება რეგიონის სხვა საკრებულოებში?

ქობულეთის საკრებულოს “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარის ივერი გუგუნავას ინფორმაციით, ის პარტიას ტოვებს. ფრაქციას და პარტიას ტოვებს კიდევ ერთი წევრი. შესაბამისად, “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქცია ქობულეთის საკრებულოში დაიშლება. ივერი გუგუნავა ამბობს, რომ ისინი საკრებულოს უპარტიო წევრებთან ერთად შექმნიან ფრაქციას.

 

ქედის საკრებულოში “თავისუფალ დემოკრატებს” მხოლოდ ერთი წევრი ჰყავთ, თემურ ავალიანი. ის პარტიაში რჩება.
ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ოთარ ცეცხლაძე. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით მისი გადაყენების საკითხი არ დგას, მომავალში რა იქნება, ჯერ არ იცის. “უმრავლესობაში მითხრეს, როგორც პარტია დაგვავალებს, ისე მოვიქცევითო”, – უთხრა ოთარ ცეცხლაძემ `ბათუმელებს.”

სავარაუდოდ თვის ბოლოს დაიშლება `თავისუფალი დემოკრატები-კონსერვატორების” ფრაქცია შუახევის საკრებულოში. ამ ფრაქციის ხელმძღვანელის, არმაზ ბახტაძის ინფორმაციით, ფრაქციას “კონსერვატორი” წევრები ტოვებენ. არმაზ ბახტაძე პარტიაში რჩება.

რა ბედი ელით თანამდებობის პირებს, რომლებიც “თავისუფალი დემოკრატების” წევრები არიან? – “ბათუმელების” ამ კითხვამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და უმაღლესი საბჭოს წევრი თემურ კახიძე გააღიზიანა: `რამდენი თავისუფალი დემოკრატი იცით ბათუმში თანამდებობაზე? – საკრებულოებში იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, მე ვესაუბრე ამის თაობაზე მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს და პრობლემები არ არის”.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: