კვირის ამბები

სკოლის ჟურნალი და სიები კედელზე უნივერსიტეტში

17.11.2014 • 2198
სკოლის ჟურნალი და სიები კედელზე უნივერსიტეტში

 

 

 

 

აღმაშფოთა იმ ფაქტმა, რომ სემინარების დაწყებისთანავე ლექტორები ნიშნებს თავიანთ ე.წ. „სკოლის ჟურნალში“ იწერდნენ. სკოლასა და უნივერსიტეტს შორის სხვაობა რაღაც კუთხით ხომ უნდა არსებობდეს“, – ამბობს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ცხოიძე. ის ბათუმში თბილისის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტიდან მობილობით გადმოვიდა. „სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული დამხვდა. ვფიქრობ, ასეთი მარტივი საკითხები ისეთ უნივერსიტეტს, როგორიც ბსუ-ა, მოგვარებული უნდა ჰქონდეს. უხერხულია ნიშანი ლექტორის ჟურნალში ეძებო“, – ამბობს მარიამი.

 

მარიამის წუხილს იზიარებენ სხვა სტუდენტებიც. მარიტა დიასამიძე ამბობს, რომ მისთვისაც არაკომფორტულია დერეფნის კედლებზე საკუთარი შედეგების ძებნა: „დერეფანში ვეძებთ ცხრილსაც და ქულებსაც. ხანდახან, როცა ფურცელი, რომელზეც ქულებია, ჩამოხსნილი გვხდება და დროულად ვერ ვიგებთ ქულებს, ან კიდევ საგამოცდო შუალედებისას უნივერსიტეტში მოვრბივართ, რომ წინა გამოცდის ქულა გავიგოთ. ამას სახლიდან უნდა ვახერხებდეთ. ხუთი წელია მესმის ეს დაპირება, მაგრამ ვერა და ვერ გააკეთეს“.

 

უნივერსიტეტში ირწმუნებიან, რომ სულ რამდენიმე თვეში გადავლენ ელექტრონულ სისტემაზე. „ტემპუსის“ გრანტი მართვის ინტეგრირებული სისტემაზე გადასასვლელად უნივერსიტეტმა 2012 წელს მოიპოვა, გრანტის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული ელექტრონული ჟურნალის ფორმირება, თუმცა, როგორც ლელა თურმანიძე, „ტემპუსის“ პროგრამის კორდინატორი ამბობს, რექტორის თხოვნით ჯგუფი ელექტრონული ჟურნალის შესაქმნელად დამატებით სამუშაოების გაწევს. „ამ პროგრამის დაწერაზე ვინც იმუშავებს, მიიღებს დამატებით პრემიას უნივერსიტეტისგან. თავის დროზე უნივერსიტეტმა გადაიხადა 30 თუ 35 ათასი ლარი, რომელიც ითვილისწინებდა ელექტრონული მართვის სისტემის შექმნას, მაგრამ ის არ იყო ჩვენს უნივერსიტეტზე მორგებული. მნიშვნელოვანია პროგრამა, რომელიც ინდივიდუალურად მოერგება უნივრესიტეტს“, – ამბობს ლელა თურმანიძე.

 

მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანისთვის საჭირო სამუშაოებს უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ლექტორები და სტუდენტები ასრულებენ, ელექტრონული ჟურნალი ამ სისტემაში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტია. „ეს სისტემა ჟურნალსაც მოიცავს, პედაგოგისა და სტუდენტის შესახებ ინფორმაციას, ცხრილს. სტუდენტებისა და ლექტორების პირადი ბარათები უკვე მოვაწესრიგეთ, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებიც გამართულია სისტემაში. ვმუშაობთ ელექტრონული ჟურნალის ფორმირებაზე. ვფიქრობთ, შუალედური გამოცდების შემდეგ ჟურნალი და საერთოდ ეს სისტემა ამუშავდება“, – ამბობს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი გულადი ფარტენაძე.

 

დეკანის თქმით, ამ სასწავლო წელს მხოლოდ პირველი კურსელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი აღნიშნული სისტემა, მომავალი სასწავლო წლიდან კი პროგრამით მეორე კურსელებიც ისარგებლებენ. „ყველაფრის ნახვა შეეძლებათ ნებისმიერი წერტილიდან სტუდენტებს,  –  ქულები, ცხრილი, ტესტირების შედეგები… ვფიქრობ, მომავალი წლიდან წერითი ნამუშევრების დასკანერებულ ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი. მეორე სემესტრში დავამატებთ ალბათ მეორე კურსს, მესამე და მეოთხე კურსი ნამდვილად ვერ შევა ამ სისტემაში, ვერც კურსდამთავრებულების მონაცემები“, – ამბობს გულადი ფარტენაძე.

ირაკლი ბარამიძე, რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ამბობს, რომ უნივერსიტეტი აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე მას შემდეგ ზრუნავს, რაც ელექტრონული გამოცდის სისტემა შეიქმნა: „ჯიპიაის“ ავტომატურად დაითვლის, სისტემა მიებმება საგამოცდო ცენტრს, რაც გაამარტივებს მუშაობას“.
ამჟამად უნივერსიტეტში ლექტორები ჩვეულებრივი ჟურნალებით მუშაობენ, ჟურნალების შემდეგ კი ქულები უწყისში შეაქვთ. უნივერსიტეტში არ უარყოფენ, რომ ეს მოძველებული სისტემა ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ ახალ სისტემაზე გადასვლასაც მომზადება სჭირდება. „ვნახოთ, რამდენად მარტივი იქნება გამოსაყენებლად, როგორ აუწყობენ ფეხს ჩვენი თანამშრომლები. ვფიქრობ, დაგვჭირდება ტრენინგების ჩატარება იმათთვის, ვინც გახდება ამ პროგრამის მომხმარებელი“, –  ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

„პროგრამული პაკეტის შექმნაში სტუდენტებიც გვეხმარებიან. თანხა არ სჭირდება ამ პროგრამის განხორციელებას – უნივერსიტეტის კომპიუტერულ დეპარტამენტში არის ის ადამიანური რესურსი, რომელიც საჭიროა ამ სამუშაოების ჩასატარებლად. გრანტის ფარგლებში მხოლოდ ხდება უცხოური გამოცდილების გაზიარება, ვიყავით გერმანიაში, ბელორუსსა და პოლონეთში“, –  ამბობს გულადი ფარტენაძე.

 

„ტემპუსის“ გრანტის ფარგლებში უნივერსიტეტი კომპიუტერული მეცნიერებათა დეპარტამენტისთვის 15 ათას ევროს ღირებულების ლაბორატორიას მიიღებს, რომელიც მოემსახურება უნივერსიტეტის პერსონალის გადამზადებას სხვადასხვა ინტეგრირებული სისტემის ათვისებაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: