კვირის ამბები

რა სიახლეებს გეგმავს სამშობიარო სახლის ახალი დირექტორი

09.11.2014 • 1595
რა სიახლეებს გეგმავს სამშობიარო სახლის ახალი დირექტორი

 

ნუკრი ბეჟანიძე

 

ბატონო ნუკრი, რა პრობლემების წინაშე დგას ამ ეტაპზე ბათუმის სამშობიარო სახლი და პირველ რიგში რის შეცვლას აპირებთ?

 

– უნდა შევინარჩუნოთ ის ძველი დიდება, რაც ბათუმის სამშობიარო სახლს ჰქონდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ სამშობიარო სახლში რაღაც განსაკუთრებული რეორგანიზაცია იგეგმება, ეს არ არის საჭირო – აქ ძირძველი კოლექტივია და ყველა ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობს. საუბარია იმაზე, რომ დღეს სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღეს ჩვენს საქმეში (მეანობა) ერთობ გაზრდილია კონკურენცია, ბევრი სამშბიარო სახლი გაიხსნა ბოლო პერიოდში, ამიტომაც კონკურენციის პირობებში შესაძლოა გარკვეული მიმართულებები და მიდგომები შეიცვალოს. ამას ისე ნუ განიხილავთ, რომ აი, კონკურენტები გამოჩნდნენ და შევშინდით. არა, უბრალოდ, დღევანდელობიდან გამომდინარე, ჩვენ თავად ვუყენებთ ჩვენს თავს უფრო მეტ მოთხოვნას, ვუსახავთ მეტ მიზანს. მართალია, კონკურენციამ იმატა, მაგრამ ბათუმის სამშობიარო სახლში პაციენტების რაოდენობის მაჩვენებელი იგივე რჩება  –  ყოველწლიურად აჭარაში დაბადებულთა 65% ბათუმის სამშობიარო სახლშია დაბადებული. გარდა ამისა, ჩვენი დაწესებულება, პირველ რიგში, პაციენტზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდებით ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ პაციენტისთვის უფრო მეტი კომფორტი შევქმნათ.

 

თქვენი სამოქმედო გეგმის მიხედვით რა სიახლეები იქნება სამშობიარო სახლში?

 

– სიახლე არის ის, რომ ბათუმის სამშობიარო სახლში კიდევ ერთი განყოფილების გახსნას ვგეგმავთ. ეს იქნება ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება, სადაც დღენაკლული ბავშვების მომსახურება იქნება შესაძლებელი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ სადაზღვევო კომპანიებთან გარკვეული პრობლემა გვაქვს, კერძოდ, მათ ჩვენი დიდი დავალიანება მართებთ. სერიოზულად ვმუშაობთ იმაზე, რომ ამოვიღოთ ეს თანხა, სხვა შემთხვევაში ფინანსურად [ამის განხორციელება] გაგვიჭირდება. ადამიანურ რესურსს რაც შეეხება, ჩვენ გვყავს ამის რესურსი და ამ განყოფილებისთვის ახალი კადრების აყვანა არ დაგვჭირდება, საამისოდ მაქსიმალურად იქნება მობილიზებული ჩვენი შიდა ძალები. მართალია. სხვა ბევრი პროექტიც გვაქვს, მაგრამ ამაზე ასე წინასწარ საუბარი ჯერ ადრეა.

 

თანამშრომლების ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც ხომ არ იგეგმება ცვლილებები?

– დღეისთვის ბათუმის სამშობიარო სახლს 280 თანამშრომელი ჰყავს და ანაზღაურებას ისინი გამომუშავებით, დატვირთვიდან გამომდინარე იღებენ. რასაკვირველია ვგეგმავთ ხელფასების მომატებასაც, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს პირდაპირ კავშირშია სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობაზე, კერძოდ იმ თანხის ამოღებაზე, რომელიც მათ ჩვენ მიმართ მართებთ.

 

  როგორ ფიქრობთ, ხმის მიცემის დროს თქვენმა თანამშრომლებმა დირექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმებით იხელმძღვანელეს თუ პირადი სიმპათიებით?

 

– ალბათ, უფრო პირადი სიმპათიებით, რადგან სამოქმედო გეგმა ორივეს, პრაქტიკულად, ერთი და იგივე გვქონდა.

გადაბეჭდვის წესი