კვირის ამბები

დამტვრეული ატრაქციონები ბათუმში

08.11.2014
დამტვრეული ატრაქციონები ბათუმში

 

ლეონიძის ქუჩის #6-ში მცხოვრები ნათია ელბაქიძე ამბობს, რომ საბავშვო ატრაქციონი, რომელიც მათ ეზოში რამდენიმე წელია დაამონტაჟეს, ახლა დაზიანებულია და ერთი წელია ატრაქციონით ბავშვები ვერ სარგებლობენ. „დაზიანების გამო ბავშვებიც ხშირად შავდებიან“, – ამბობს ის. იმავე ქუჩაზე მცხოვრები მანანა ახმედოვა ამბობს, რომ საქანელების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ძირითადად ახალგაზრდები არიან. „სრულწლოვანი ბიჭები სხდებიან საქანელებზე, რის გამოც მწყობრიდან გამოდის ატრაქციონი. ჩემმა შვილმა მცირედი დაზიანება მიიღო, გატეხილი სასრიალოდან ჩამოვარდა და ფეხი გაიკაწრა“, – ამბობს მანანა.

 

ბათუმში საბავშვო ატრაქციონებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების შესაძენად 2007 წლიდან გასული 2013 წლის ჩათვლით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მილიონ ორასი ათასი ლარი გამოიყო. ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე არჩილ ვანაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის მიერ შეძენილი ატრაქციონები და ტრენაჟორები კორპუსების ამხანაგობების კუთვნილ ტერიტორიაზეა განთავსებული, თუმცა ამ ქონების შენახვაზე პასუხისმგებლობის აღება ამხანაგობებს არ სურთ.

 

დღეისთვის ამ ქონების მოვლა და შენახვა ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციის ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ მოვალეობაა. ორგანიზაციის დირექტორი, არმაზ ვარშალომიძე ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათთან ასამდე განცხადებაა შესული დაზიანებული ატრაქციონების შესახებ. საბავშვო ატრაქციონების, სპორტული მოედნებისა და ფანჩატურების შესანახად ბათუმის ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარია გამოყოფილი. დღეის მონაცემებით, „ბათუმის კორპუსმა“ უკვე შეაკეთა ოთხი ატრაქციონი, გამოცვალა 62 საქანელა და გაამაგრა ათამდე სავარჯიშო ტრენაჟორი. არმაზ ვარშალომიძის თქმით, საბავშვო ატრაქციონების სრულად აღდგენა ვერ ხერხდება: `რადგან ატრაქციონები ისეთი მასალებისგან არის გაკეთებული, რომლის აღდგენაც არ ხერხდება, სათადარიგო ნაწილები კი საქართველოში არ იყიდება, ამას სპეცდაკვეთა სჭირდება, რაც საკმაოდ რთულია. ჩვენი დაანგარიშებით, სათადარიგო ნაწილის შეძენა ახალი ატრაქციონის ფასი ჯდება.“
არმაზ ვარშალომიძე ამბობს, რომ საბავშვო ატრაქციონები კარგი ხარისხისაა, თუმცა იგი ათ წლამდე ბავშვების წონაზეა გათვლილი და არა ზრდასრულ ადამიანებზე. „ზოგადად, საზოგადოებაშია პრობლემა, საზოგადოების რაღაც ნაწილი უდიერად ეპყრობა ამ ქონებას, საზოგადოების დანარჩენი ნაწილი კი ინდიფერენტულია ამ საქციელის მიმართ. გვერდით მსხდომ ასაკოვან ადამიანს შეუძლია შენიშვნა მისცეს იმ ბიჭებს, რომლებიც ამას აკეთებენ და უთხრას, რომ ამის დანიშნულება არის სხვა, მაგრამ ხმას არავინ იღებს“, – ამბობს ის.

 

ასევე ხშირად ზიანდება ის 48 სავარჯიშო ტრენაჟორი, რომლებიც მერიამ სამი წლის წინ დაამონტაჟა ქალაქში. ტრენაჟორები მოზრდილი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქციის ნახატი ვერსიები თითოეულ მათგანზე დაკრულია, ბავშვები და მოზარდები ტრენაჟორებს მაინც არასწორად იყენებენ და მწყობრიდან გამოჰყავთ მექანიზმი: „ჩვენ გვაქვს ფოტოები, სადაც მოზრდილები სპეციალურად აზიანებენ ტრენაჟორებს, კერძოდ, უკიდებენ ცეცხლს. გვაქვს ისეთი ფოტოც, როცა ტრენაჟორის დასაჯდომ პლასმასზე დაჭედებულია ლურსმანი. საბავშვო ატრაქციონების პლასმასებს კი უმეტესად ფეხითა და ქვებით აზიანებენ“, – ამბობს არმაზ ვარშალომიძე.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით აქამდე სავარჯიშოებისა თუ საბავშვო ატრაქციონების დაზიანებისთვის არავინ დაუჯარიმებიათ. „ინფორმაცია მსგავს ფაქტთან დაკავშირებით ჩვენთან არ შემოსულა. თუ იქნება შეტყობინება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირებაც“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში.

 

ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, არჩილ ვანაძის თქმით, როცა სამომავლოდ ბიუჯეტიდან ახალი ატრაქციონებისა თუ ტრენაჟორების შესაძენად თანხას გამოყოფენ, პასუხისმგებლობას მათ მოვლაზე უშუალოდ ამხანაგობებს დააკისრებენ: „სამომავლოდ აუცილებლად იქნება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ვინ უნდა დაიცვას ეს ქონება. სავარაუდოდ, მათზე პასუხისმგებელი ამხანაგობა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის სურვილი არ აქვთ. როცა მატერიალურად იქნებიან პასუხისმგებლები, უფრო მოუფრთხილდებიან“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: