Batumelebi | „მანდარინობა“ არითმეტიკაში „მანდარინობა“ არითმეტიკაში – Batumelebi
RU | GE  

„მანდარინობა“ არითმეტიკაში

 

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა საზოგადოებას მთავრობის ორწლიანი მოღვაწეობის ანგარიში წარუდგინა. „ირაკლიმ ისე ადვილად აუღო ალღო ყველაფერს, ისე ღრმად ჩავიდა დეტალებში“, ადრე ივანიშვილი გააოცა, წელს ფანჯიკიძე, ხოლო არითმეტიკის ცოდნით – მთელი აჭარა. ნუ, კარგი, მთელი თუ არა, აჭარის მოსახლეობის ის ნაწილი მაინც, ვისთვისაც ციტრუსი, განსაკუთრებით მანდარინი, უფრო მეტია, ვიდრე ხილი. ვისთვისაც მანდარინის კარგი მოსავალი და მისი რეალიზება არის იმედი, რომ  ზამთარს თბილად გადააგორებს, მშიერი არ დარჩება ოჯახი, შეიძლება რაღაც ტექნიკაც შეიმატოს სახლში და რაც მთავარია, უჩნდება განცდა, რომ შრომა დაფასდა, ღირს წვალება. 

არჩილ კახაძე
არჩილ კახაძე

„წლის მოსავალი“, – ასე უწოდებენ მას ქობულეთში, ჩემს ოჯახში, ჩემი მეზობლები, თანასოფლელები. ყველა ამ ადამიანს ღარიბაშვილმა უთხრა, რომ სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან ერთად მანდარინის რეალიზაცია 1040 პროცენტით გაიზარდა (!!!) მას შემდეგ, რაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაშიო.

მჯერა, რომ პრემიერიც ადამიანია, შეიძლება ყოველთვის გამართულად ვერ თქვას წინადადება, სიტყვა, ციფრი ან სხვამ მიაწოდოს შეცდომით, მაგრამ ამის გამოსწორების ერთადერთი გზა, რაც კაცობრიობას მოუგონია – აღიარებაა იმისა, რომ შეგეშალა და პრობლემაც ამოიწურება მარტივად. სხვა შემთხვევაში ამას ციფრების რახა-რუხი და ხალხის დაცინვა ჰქვია. იმ წუთში, როცა პრემიერმა 1040 წარმოთქვა, მე ეს დაცინვა საკუთარ თავზე მივიღე, სხვამაც, რადგან ის კამერით გვიყურებდა თვალებში, ლაპარაკობდა ჩვენზე, ჩვენი ოჯახების გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გვატენიდა სტატისტიკას, რომლის გამოც ჩვენ მომავალში მას ხმა უნდა მივცეთ.

რა თქმა უნდა, სახალხო ანგარიშების დროს ციფრებით მანიპულირების არც პირველი შემთხვევა ყოფილა ქართულ რეალობაში და არც პირველი პოლიტიკოსია  ღარიბაშვილი, მაგრამ ამდენი მთავრობის ცვლასთან ერთად ფორმა, წესი და ლექსიკა  ხომ მაინც უნდა შეიცვალოს?

ვერც ერთმა ვერ ისწავლა ხალხის ენაზე საუბარი, ვერ გაიგო, რომ ციფრებში ეკონომიკის, ექსპორტის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის, მხოლოდ მათემატიკური სიმბოლოების კრებულია, ვერ ვხვდებით, არც გვჭირდება. ყველას ავიწყდება, რომ ჩვენ დავიქირავეთ წარსული გამოცდილების, სტატისტიკისა და სხვა მონაცემების ანალიზით, რომ თქვენ დაგეგმეთ ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ამაში გიხდით ჩვენ შემოსავლებთან შედარებით გაცილებით დიდ ხელფასებს, პრემიებს, გიწყობთ ცხოვრებას.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ ისტორიაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის სახე ჟურნალისტებთან – დაბნეული, შეშინებული თვალებით, რომელმაც მართალია არ იცოდა, საიდან მოიტანა პრემიერმა ეს ციფრი, მაგრამ ვერ უარყო, ვერც ვერანაირი არითმეტიკით ვერ გამოიყვანა ის მონაცემი და შედარებით ნაკლებად უაზრო ციფრებით გადაფარა.

სინამდვილეში გაცილებით მარტივად იყო ყველაფერი, ნებისმიერი ფერმერი დამემოწმება, რომ: ქობულეთში შარშან მართლა იყო მანდარინის რეკორდული მოსავალი. ალბათ 100-200 პროცენტით მეტიც, ვიდრე ბოლო წლებში მოდიოდა. დაპირებული ოცი პავილიონის ნაცვლად რეალურად მუშაობდა სამი, რიგები იყო უსაშველო და მოსახლეობის უმეტესობამ ვერ ჩააბარა. ადრე დაზამთრდა, მოსავლის ნახევარი თოვლმა და ყინვამ გააფუჭა, ხოლო რაც დარჩა, განსხვავებით ბოლო 6-7 წლისგან, ყველაზე იაფად – საშუალოდ 30 თეთრად(!) გაიყიდა. ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინზე კი დაპირებული სუბსიდიის ნაცვლად უმეტესობამ მიიღო ტომრებით შაქარი.

აღარ დავიწყებ იმის ახსნას, რომ მოსავლის რაოდენობა თუ არ გაიზარდა 10-ჯერ მაინც, მისი რეალიზაცია ამდენითვე ვერ გაიზრდებოდა. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ პროცენტებით კამერებთან, მთავრობის წევრებთან, დიპკორპუსთან, საქართველოს მოქალაქეები კი ყოველთვის იმის მიხედვით შეგაფასებენ, რამდენი ლარი შევა მის ოჯახში თქვენი მეცადინეობით, რამდენად უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს და რამდენად ჩათვლით მათ თქვენი ხელისუფლების წყაროდ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
არჩილ კახაძე