Batumelebi | ბათუმი – ქალაქი ბულვარი ბათუმი – ქალაქი ბულვარი – Batumelebi
RU | GE  

ბათუმი – ქალაქი ბულვარი

 

ოციოდე წლის წინ, ბათუმს გემით ბულგარეთის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ჩემი ბულგარელი მეგობარი ჟენი კიტანოვა ხელმძღვანელობდა, ქ. ბლაგოევგრადის მცხოვრები და თანამდებობის პირი. დავათვალიერებინეთ ქალაქი, გავასეირნეთ პარკსა და სანაპირო ბულვარში, როდესაც გოგებაშვილის ქუჩაზე გამოვედით, ჟენი მეკითხება:
-ესეც ბულვარია?

-არა, ეს უკვე ქალაქის ქუჩაა-მეთქი.

– მე კი ბულვარი მეგონა, ძალიან ჰგავსო.

 

  

ეთერ მანელიშვილი

წინათ ნამდვილად შეიძლებოდა ჩვენს კოპწია, მშობლიური ქალაქისთვის ბულვარი გეწოდებინა, მართლაც ბაღნარს ჰგავდა: უნიკალური ჯიშის ხეები, ეგზოტიკური ბუჩქები და ნარგავები, ყვავილნარში ჩაფლული ქუჩები, კოხტა, ლამაზი სახლები, წვიმის დროსაც სუფთა, ქათქათა ქუჩები…

 

ბოლო ათეულ წლებში გაჩაღებულმა და დღესაც რომ ბოლო არ უჩანს, უგეგმო და უხარისხო მშენებლობებმა მთლიანად შეცვალა ქალაქის იერსახე, გაქრა ევროპული ტანდემი, არც თანამედროვე-ძველებური, არც აზია-ევროპა, რაღაც გაურკვევლი ბაროკო-მაროკოს სტილი, მხოლოდ პირადი ახირებით და “გემოვნებით”. დაირღვა ერთობლიობა, არქიტექტურულად დახვეწილ სახლებს შორის უსახური მაღლივი საცხოვრებლი კორპუსებია მიყრილ-მოყრილი, დაუნდობლად, ძირფესვიანად ჭრიან ასწლოვან ხეებს, იკაფება ნარგავები, ყვავილოვანი გაზონები ფილებით იფარება, ჰაერში ცემენტისა და გაჯის ბუღი დგას, მოსახლეობასთან ერთად ბუნებასაც არ ინდობენ. სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ ასეთი სულის ადამიანები? ბუმერანგის ბზრიალიც გაიხსენონ, ყველა ქმედებას უკუქმედება მოჰყვება.

 

მსოფლიოს ყველა ქალაქის ცენტრი სანახაობრივ მუზეუმადაა ქცეული. კატეგორიულად იკრძალება სახლების ნგრევა და შენება, მხოლოდ კარგად გათვლილი რესტავრაცია, შენობების მოვლა-პატრონობა. მაღლივი კორპუსები გარეუბნებში შენდება.

 

ბათუმი არ იყო მხოლოდ გასართობი და საკურორტო ქალაქი, მაღალ დონეზე განვითარებულ სამრეწველო პოტენციალთან ერთად, კულტურის ცენტრი გახლდათ დასავლეთ საქართველოში. ასიათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. გაუქმდა ორგანიზაციები, დაინგრა შენობები, ჯერი კულტურულ კერებზეც მიდგა, ხალხი დღესაც გაოგნებულია. მრავალი წელი კინოთეატრიც არ არსებობდა, ერთი ახლა ძლივს აღადგინეს.

 

ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს კინოთეატრებში, კულტურის სახლებში, რომლებიც მრავლად იყო ქალაქში, პრემიერები ეწყობოდა, სულ ანშლაგი იყო…
კოხტად მორთულ-მოკაზმული ბათუმელები სამსახურის შემდეგ, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად, დადიოდნენ კინოში, სეირნობდნენ ბულვარში, ქალაქი სავსე იყო უიაფესი კაფეებით, ქუჩები სავსე იყო მხიარული ხალხით.
ახლა ქუჩებში კანტი-კუნტი გამვლელია, სამაგიეროდ მომრავლებული ავტომობილები სეირნობენ ქუჩებსა და ტროტუარებზე.
ბათუმელები ცოტანი დავრჩით, მიმოიფანტნენ, ზოგი სად და ზოგი სად, ერთმანეთი უკვე ნათესავები გვგონია, შეხვედრა და ნახვა გვიხარია.

 

მინდა ყველამ ვისეირნოთ ჩვენ ქალაქ-ბულვარში მიუხედავად დროისა და სეზონისა, ისევ ჩვენ უნდა მივხედოთ და მოვუაროთ, შევინარჩუნოთ ის მაინც, რაც დაგვიტოვეს ჩვენი ქალაქიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ მანელიშვილი