კვირის ამბები

სიყვარული ჟამიანობის დროს

26.10.2014
სიყვარული ჟამიანობის დროს

 

 

„სიყვარული ჟამიანობის დროს“ მარკესის სასწაულთაგან უდიდესი სასწაულია. საერთოდ, ასეთ მწერლებზე წერა ძალიან რთულია – უკვე იმდენი ითქვა, იმდენი აზრი გაჩნდა… „მაგრამ „სიყვარული“ არ არის მარკესის მორიგი წიგნი. ის საერთოდ არ ჰგავს არც მარტოობის ას წელიწადს, არც პოლკოვნიკს, არც გენერალს, არც პატრიარქს, არც მეძავებს… არც ერთს. ეს წიგნი თავიდან ბოლომდე გიჟურ, თავგანწირულ, საზღვრებს გადასულ, ცოტა უცნაურ სიყვარულზეა. და ლათინურ ამერიკაზე.

 

რამდენი წიგნი შეიძლება ვიცოდეთ მოხუცების სიყვარულზე? ალბათ, რამდენიმე. რამდენი წიგნი შეიძლება ვიცოდეთ მოხუცების, ღრმად მოხუცების ვნებიან, ეროტიზმით სავსე სიყვარულზე? არც ერთი. ჰოდა, „სიყვარული ჟამიანობის დროს“ სწორედ მოხუცების  ასეთ სიყვარულზეა, უფრო სწორად, სიყვარულსა და გრძელ გზაზე, მოხუცებულობამდე.

 

ექიმ ხუვენალ ურბინოს, მიუხედავად თანაცხოვრების სირთულეებისა, ძალიან უყვარს თავისი მოხუცი ფერმინა დასა. ფერმინა დასასაც უყვარს თავისი ქმარი მისი პროთეზით, სახსრების ტკივილით, ვერშეკავებული შარდით, სახლის ფლოსტებით… უყვარს იმ მრავალი პრობლემური წლისა და ქარიშხლისშემდგომი, ბებრული სიმშვიდის გამო. მაგრამ ფერმინა დასა კიდევ ერთ კაცს უყვარს, თანაც, 50 წელზე მეტი ხანია.

 

ჩვენს მკითხველს ზოგჯერ ფამუქის „უმანკოების მუზეუმიდან“ ქემალის გიჟური, მანიაკალური სიყვარულისა უკვირს ხოლმე. ქემალის სიყვარული მოსატანიც კი არ არის ფლორენტინო არისას ნახევარსაუკუნოვან, დაჟინებულ, გაუხარელ სიყვარულთან.

 

როცა 18 წლის ხარ, გგონია,  30 წლის შემდეგ ცხოვრება მთავრდება. მაგრამ 80 წელს მიღწეულ ადამიანებს ზუსტად ისევე ახარებთ ცხოვრება, როგორც 18 წლის ასაკში. ზუსტად ისევე უნდათ, ვინმე  უყვარდეთ და თავადაც იყვნენ საყვარელნი. ჰოდა, მოხუცების სასიყვარულო სამკუთხედი როგორი წარმოსადგენია? კომიკურად და საძრახისად ჟღერს? სულაც არა.  ძალიან ლამაზია სიყვარული ჟამიანობის დროს. ლამაზია 80 წლის მოხუცების სიყვარული, რომლებიც დღედღეზე ელიან სიკვდილს და ამის გამო მაშველი რგოლივით ებღაუჭებიან ყოველ წამს და ყოველ სიკეთეს, რომელსაც ეს წამი გადმოუგდებთ.

 

ჰოდა, დაუმატეთ ამ ყველაფერს ლათინური ამერიკა, მულატები და თეთრკანიანები, ლამაზი ქალები, ყველაფერზე წამსვლელი, თავზეხელაღებული ხალხი, თუთიყუშები და მაიმუნები, ზარმაცი და წმინდათაწმინდა სიესტები და ეს წიგნი აუცილებლად გახდება თქვენი უდიდესი სიყვარული. სიყვარული ჟამიანობის, სირთულეებისა და განსაცდელის დროს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.