Batumelebi | იტალიაში მოღვაწე ქართველი წარმატებული კარდიოქირურგი, 22-წლიანი სამუშაო სტაჟი და 4 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია იტალიაში მოღვაწე ქართველი წარმატებული კარდიოქირურგი, 22-წლიანი სამუშაო სტაჟი და 4 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია – Batumelebi
RU | GE  

იტალიაში მოღვაწე ქართველი წარმატებული კარდიოქირურგი, 22-წლიანი სამუშაო სტაჟი და 4 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია

 

კარდიოქირურგი ბუბა კალანდაძე იტალიაში 22-წლიანი სამედიცინო მოღვაწეობის შემდეგ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კარდიოქირურგიულ ოპერაციებს იტალიელ კოლეგებთან ერთად წარუძღვება.

 

ბუბა კალანდაძე
ბუბა კალანდაძე

წარმატებული კარდიოქირურგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ყოველთვიურად ჩამოვა და პაციენტების კონსულტაციებისა და ოპერაციების პარალელურად თავის გამოცდილებას ადგილობრივ ქირურგებს გაუზიარებს. ბუბა კალანდაძე სამედიცინო კორპორაცია `ევექსის~ ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიის განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულების ხელმძღვანელია. იგი ამბობს, რომ სულ მალე ქსელის ჰოსპიტალებში უცხოური გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ევროპული დონის კარდიოქირურგიული ცენტრები ჩამოყალიბდება. კარდიოქირურგს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალი მეთოდის დანერგვასა და მის პროფესიულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

ბატონო ბუბა, რას გვეტყვით ახალი მეთოდის შესახებ, რომელიც ახლა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ინერგება?

 

მეთოდი, რომლის დანერგვასაც პირველად ბათუმში, რეფერალურ ჰოსპიტალში ვგეგმავთ, არის მინიინვაზიური ტექნოლოგია. ამ მეთოდით კარდიოქირურგიული ოპერაცია საქართველოში არსად ტარდება. ეს მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: მკერდის ძვლის დიდი განაკვეთის ნაცვლად შესაძლოა თორაკოტომიიდან გაკეთდეს ძალიან პატარა განაკვეთები, სადაც ვიდეოთვალით – სპეციალური ხელსაწყოებით შევალთ. ასე უფრო ნაკლებ ტრავმას იღებს ადამიანი ოპერაციის დროს, უფრო მალე გამოჯანმრთელდება და მალე გაეწერება საავადმყოფოდან. ამ მეთოდისკენ მიდის კარდიოქირურგია და მთელი მედიცინაც, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ინვაზიური გახდეს ყველა სახის მკურნალობა. პირველი ოპერაცია ბათუმში ახალი მეთოდით უახლოეს ორ თვეში ჩატარდება, საამისოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა მოვამზადოთ.

 

მალე გერმანიაში მივდივარ, ლაიფციგში, სადაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ ამ ტექნოლოგიის და იქ გავაკეთებ ოპერაციებს. კარდიოქირურგია ისეთი დარგია, რომ არასოდეს არ უნდა გაჩერდე, უნდა წახვიდე იქ, სადაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ, რომ ეს ცოდნა შეიძინო, ამიტომ მათთან ოპერაციების ჩატარება ძალიან საინტერესო იქნება. 

სად მიიღეთ განათლება?

დავამთავრე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. შემდეგ ჩავაბარე მოსკოვში, იქ არსებობდა ერთადერთი ცენტრი საბჭოთა კავშირში, სადაც ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციები ტარდებოდა. მოსკოვის კარდიოვასკულარული ქირურგიის ცენტრში ოთხი წელი ვიმუშავე და შემდეგ მიმიწვიეს იტალიაში, ქალაქ ბეგრამოში, სადაც ბავშვთა და დიდების კარდიოქირურგიის ძალიან დიდი ცენტრია. მას შემდეგ უკვე 22 წელია იტალიაში ვმუშაობ და პროექტის ფარგლებში, ყოველ თვეში ჩამოვდივარ საქართველოში.

როგორც ვიცით, სხვა ქვეყნების კლინიკებშიც გაქვთ მუშაობის გამოცდილება

პროფესიული ზრდის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანაში მიიღო გამოცდილება. პირადად მე ისეთ კლინიკებში მივიღე გამოცდილება, როგორიცაა: Alder Hey Children’s Hospital (ლივერპული, დიდი ბრიტანეთი), Hospital San Gaudenzio (ნოვარა, იტალია), Royal Children’s Hospital (მელბურნი, ავსტრალია), International Heart School (ბერგამო, იტალია) და Policlinico di Monza (იტალია, მონცა). ამჟამად ვთანამშრომლობ მილანის `სანდონატოს~ ცენტრთან, სადაც კეთდება როგორც დიდების, ისე ბავშვთა კარდიოლოგიური ოპერაციები, ასევე ბერგამოს კლინიკასა და `სამედიცინო კორპორაცია ევექსის~ ჯუფთან.

რა რთულ შემთხვევას გაიხსენებდით თქვენი პრაქტიკიდან?

ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული შემთხვევა რაც მახსოვს, ქართველ პაციენტს უკავშირდება, როცა პატარა ბიჭს თბილისში უთხრეს, რომ ის არაოპერირებადი იყო, რადგან რთული გულის მანკისგან განვითარებული ჰქონდა ფილტვების ჰიპერტენზია. ეს ბავშვი მილანში წავიყვანე, `სანდონატოს~ კლინიკაში, სადაც ვთანამშრომლობ დოქტორ ფრიჯოლასთან და იქ გავუკეთეთ ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ ბავშვი გულის დამხმარე სისტემაში დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში იყო ჩართული, ღია გულ-მკერდით იწვა რეანიმაციაში, შემდეგ თანდათან მოვხსენით გული დამხმარე აპარატიდან, დავკეტეთ გულმკერდი და უკვე ორი წელიწადია ის სრულიად ჯანმრთელია, დარბის, თამაშობს და იზრდება ისე, როგორც მისი დანარჩენი თანატოლები.

კარდიოქირურგ ბუბა კალანდაძის მომავალი ვიზიტი აჭარაში დაგეგმილია ნოემბრის დასაწყისში. ნებისმიერ მსურველს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება კონსულტაციის მიღება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
რეკლამა