კვირის ამბები

ვინ დადო მარიხუანა ტაქსის სავარძლის ქვეშ?

06.10.2014 • 2005
ვინ დადო მარიხუანა ტაქსის სავარძლის ქვეშ?

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

 

 

„ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებული მიემალება გამოძიებას, მან შესაძლოა დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, ის გამომძიებელს ურევდა გზას, ირწმუნება, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, ამიტომ ვითხოვ მის დაკავებას“, – დაახლოებით ასეთი შინაარსის შუამდგომლობა ჰქონდა პროკურორ შოთა ხორავას სასამართლოში.

 

ბრალდებულის ადვოკატი გურამ ნაკაშიძე იცავდა. მან მოსამართლე დავით მამისეიშვილს უთხრა, რომ ბრალდებულს სამი შვილი ჰყავს და სამი შვილიშვილი (ერთი შვილი არასრულწლოვანია); დაკავებული ტაქსის მძღოლი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და ამიტომაც აღკვეთის სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა, გირაოს თანხა ხუთი ათასი ლარი, გადახდის ვადად კი 20 დღე ითხოვა. შემამსუბუქებელ გარემოებად ადვოკატმა ის ფაქტი დაასახელა, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი არ არის.

 

მოსამართლემ ბრალდებულს გირაოს სახით რვა ათასი ლარის გადახდა დააკისრა, გადახდის ვადად 22 დღე განუსაზღვრა.
მოსამარლე დავით მამისეიშვილმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი არ არის, აქვს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და არის ოჯახის მარჩენალი. გირაოს თანხის 60% გადახდის შემდეგ პატიმარს საპყრობილიდან გაათავისუფლებენ.

 

ახლა ნათესავები გირაოსთვის თანხას აგროვებენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული კვირაში ერთხელ გამოცხადდება გამომძიებელთან, პირადობას და პასპორტს ასევე გამომძიებელს ჩააბარებს. ეს იმიტომ, რომ მან საზღვრის დატოვება ვერ მოახერხოს.

 

დაკავებულს სასამართლო პროცესზე არაფერი არ უთქვამს, თუმცა მოსამართლემ თქვა, რომ პატიმარი დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებში მიუთითებს, რომ მარიხუანა მისი საკუთრება არ იყო და მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა: „ეს ფაქტიც გამოსაძიებელია. სასამართლო ამაზე შეფასებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიციელებმა დაარღვიეს თქვენი უფლება, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ კომპენსაცია, როგორც მატერიალური, ასევე – მორალური“.

 

მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა დაკავების დროს პროცესუალურ დარღვევებზე; მაგალითად, დაკავების ოქმში დაკავების დროდ მითითებულია – 20:27 საათი, ხოლო ჩხრეკის ოქმში – 19:55 წუთი. რატომ არის მსგავსი სხვაობა დროის თვალსაზრისით საქმის მასალებში დაფიქსირებული? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სასამართლოში პროკურორს მოუწევს.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი კლიენტმა გამოიძახა, გამოძახების ადგილზე მისული კი პოლიციამ შეაჩერა და მანქანაში, სავარძლის ქვემოთ „მარიხუანა“ უპოვეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: