კვირის ამბები

ყველაზე მაღალი და დაბალი რეიტინგის მქონე სპეციალობები უნივერსიტეტში

27.09.2014 • 4510
ყველაზე მაღალი და დაბალი რეიტინგის მქონე სპეციალობები უნივერსიტეტში

 

„სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია უნივერსიტეტში. მასში ისეთი სპეციალობებია გაერთიანებული, რომელიც ყოველ წელს არის მოთხოვნადი, როგორიცაა, მაგალითად, სამართალმცოდნეობა, ბიზნესი და ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები. წელსაც სწორედ ამ სპეციალობებზეა მოთხოვნა გაზრდილი“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე, რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.

 

ბათუმის უნივერსიტეტი
ბათუმის უნივერსიტეტი

 

ფაკულტეტში შემავალ სპეციალობათა შორის ყველაზე პოპულარული სამართალმცოდნეობაა. აქ სამოც ვაკანტურ ადგილზე 1000-ზე მეტი აბიტურიენტი ცდილობდა მოხვედრას,  387 აბიტურიენტს კი ეს სპეციალობა პირველ ნომრად ჰქონდა მითითებული. 

 

თითქმის იდენტური ვითარებაა ფინანსების მიმართულებითაც. აქ სამოც ვაკანტურ ადგილზე ორასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. „წელს საერთაშორისო ურთიერთობებზე გაიზარდა მოთხოვნა, ოც ვაკანტურ ადგილზე ასზე მეტი აბიტურიენტი მოდიოდა. საბოლოო ჯამში, ამ ფაკულტეტზე, რიგ სპეციალობებზე არის ასეთი დიდი კონკურენცია, მაგრამ ამავე ფაკულტეტზე არის სპეციალობები, რომელთა შევსებაც სრულად ვერ მოვახერხეთ, მაგალითად, მარკეტინგზე გვქონდა ოცი ადგილი და მივიღეთ ცხრა სტუდენტი“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

გასულ წელს ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, ყველაზე მოთხოვნადი ტურიზმის ფაკულტეტი იყო. ამ ფაკულტეტს არც წელს არ ჰქონია დაბალი რეიტინგი, ერთ ვაკანტურ ადგილზე აქ ოცი აბიტურიენტი მოდიოდა.

 

„უკვე მეორე წელია, რაც სახელმწიფო აფინანსებს გარკვეულ სპეციალობებს. შემიძლია ვთქვა, რომ წელს ამ მხრივ ძვრები შეინიშნება, მაგალითად, აგრონომიის მიმართულებით, სადაც ტრადიციულად ჭირდა კონტიგენტის შევსება. ერთ წელს საერთოდ ვერ მივიღეთ სტუდენტები, წელს 50 ადგილიდან 35 შეივსო, ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პროგრამის შედეგია“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე, რომლის თქმითაც, ტრადიციულად მძიმე მდგომარეობაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით: „ქიმიაზე გვქონდა გამოცხადებული 15 ადგილი და შეივსო რვა, ბიოლოგიაზე – 30 ადგილი და 14 სტუდენტი გვყავს, ფიზიკაზე 15 ადგილი იყო და შეივსო ოთხი. წელს კომპიუტერულ მეცნიერებებშიც ცუდი შედეგი გვაქვს, 50 ადგილი გვქონდა და მხოლოდ 12 სტუდენტი გვყავს ამ სპეციალობაზე“.

 

ბათუმის უნივერსიტეტში შედეგით უკმაყოფილო არ არიან. ირაკლი ბარამიძის თქმით, მათ უფრო ცუდი მოლოდინი ჰქონდათ: „როცა პირველ გამოცდაზე აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 11 პროცენტი ჩაიჭრა, ვფიქრობდით, რომ წელს 900-ზე ნაკლებ სტუდენტს მივიღებდით, საბოლოო ჯამში მივიღეთ 1052 სტუდენტი, ამდენივე სტუდენტი მივიღეთ შარშან. დარჩენილი 198 ადგილის შევსება შესაძლებელია მობილობის საშუალებით. რეგიონში შეუცვლელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვართ, უკონკურენტოც, სპეციალობებიდან გამომდინარე“.

 

ბათუმის უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი გრანტით ორი პირველკურსელი ჩაირიცხა, ცხრა სტუდენტმა მოიპოვა 70-პროცენტიანი, ხოლო 66-მა სტუდნეტმა 50-პროცენტიანი დაფინანსება. ამის გარდა, სტუდენტებს წელსაც შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამებით, რომელთა საშუალებითაც დაფინანსების მოპოვება სწავლის პროცესშიც შეუძლიათ.

 

წლის ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი კი ახალი სასწავლო წლიდან სამ, ცალკე ფაკულტეტად ყალიბდება. ცალ-ცალკე იქნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი.

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გააერთიანებს საერთაშორისო ურთიერთობის, ევროპისმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამებს და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გააერთიანებს ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ეკონომიკისა სპეციალობების საბაკალავრო პროგრამებს, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამებს და ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ფულის მიმოქცევა და კრედიტის და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებს. იურიდიულ ფაკულტეტში კი შევა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა და სამართლის სამაგისტრო პროგრამები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: