კვირის ამბები

ვინ აგებს პასუხს სოფლის უსაფრთხოებაზე

25.09.2014 • 2755
ვინ აგებს პასუხს სოფლის უსაფრთხოებაზე

ჩანჩხალოელი დათო დუმბაძე ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც სოფელში მშენებარე გვირაბის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. დათოს სახლი ინგრევა, ყველა კედელი დაბზარულია. სახლი მეორე სართული ხისაა, რომელიც გადახრილია, ეზო და ახლოს მდებარე საყანე ნაკვეთი კი ორმოებითაა დაქსელილი.

„რაც გვირაბის მშენებლობა დაიწყო, იმის შემდეგ დაიხსნა სახლის კედლები. მშენებლობის დაწყებამდე კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ. სარდაფის კედლებზე „სკოჩები“ მიაკრეს და მითხრეს თუ ეს გაიხა, საშიშიაო. პირველივე აფეთქებაზე დაიხა. სახლში შესვლა აგვიკრძალეს და მეზობელ სახლში გადაგვიყვანეს“, –  ამბობს დათო.

დათო დუმბაძე საკუთარი სახლის კედელთან. სოფელი ჩანჩხალო, შუახევის მუნიციპალიტეტი

სახლი, სადაც ახლა დათო ცხოვრობს, მისი ძველი სახლიდან 10 მეტრითაც არ არის დაშორებული. დათო ამბობს, რომ არც იმ სახლში გრძნობს თავს უსაფრთხოდ. იმ ადგილიდან, სადაც მეწყერსაშიში კერა გაჩნდა, ჩანჩხალოს სკოლა დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. მოსახლეობა ამბობს, რომ შვილების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ.

„არ ვიცი, ჩემს სახლში კედელი როდის ჩამოინგრევა. ზეწოლას ახდენენ ხალხზე, რომ სკოლაში სწავლა განახლდეს, მაგრამ ხალხი რომ განსახლებას საჭიროებს, ამაზე არ ფიქრობენ. მოვითხოვთ, მოგვცენ ან კომპენსაციები, ან ბინა აგვიშენონ და წავალთ სოფლიდან,“,  – ამბობს მავილი მიქელაძე.

ეს ორმო დათო დუმბაძის ეზოში მას შემდეგ გაჩნდა რაც შუახევი ჰესისთვის საჭირო გვირაბის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ჩანჩხალოში უკვე სამი ათეული წელია მეწყრული პროცესები მიდის. არსებობს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც სოფელი  წითელ ზონაში მდებარეობს. სოფელში ახსოვთ 1985 წელს განვითარებული მეწყერი, რომლის შედეგადაც ჩანჩხალოს მოსახლეობის ნაწილი სოფლიდან გადასახლდა.

„როცა მე პატარა ვიყავი, მამაჩემმა ვერ იზრუნა ჩემზე, ახლა ისე აღარ არის. ახლა ყველანი ვზრუნავთ ჩვენს პატარებზე, ჩვენ აქ აღარ გვეცხოვრება. გვინდა ერთი საერთო საცხოვრებელი“, – ამბობს ჩანჩხალოს მკვიდრი გუგული მახარაძე.

სოფელ ჩანჩხალოში ორი კვირაა მოსახლეობა ყოველდღე იკრიბება და ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ, ხოლო ბავშვებს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამ დრომდე ჩანჩხალოელებთან მოსალაპარაკებლად მხოლოდ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან იყვნენ წარმომადგენლები. განათლების მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე ამბობს, რომ მან ჩანჩხალოელებს პრობლემის მოგვარების სამი გზა შესთავაზა – მანამ, სანამ აფეთქება შეჩერებულია, სწავლის გაგრძელება სკოლის არსებულ შენობაში, ბავშვების გადაყვანა დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ან ფართობის ქირაობა და დროებით იქ გადასვლა.

„სამივე შეთავაზებაზე თქვეს კატეგორიული უარი. ერთ-ერთმა მოქალაქემ ვეღარ მოითმინა და ორ-სამჯერ გაიმეორა, ბავშვები სკოლაში რომ შევიყვანოთ, ყურადღებას არავინ აღარ მოგვაქცევსო. ამიტომ ძალიან ცუდი დასკვნა გავაკეთე ჩემთვის – ბავშვებს იყენებენ და ეს ძალიან ცუდია. ახლა მდგომარეობა არის ასეთი: დამპირდნენ, სამი დღის შემდეგ სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთო. ვფიქრობ, კვირას კიდევ ერთხელ შევხვდები და  იქნებ ბავშვების სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღოთ. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, სამართალდამცავებს ვთხოვ, რომ ბავშვებისთვის ნორმალური განათლების პირობები შეიქმნას“, – ამბობს სულიკო თებიძე.

„შემოგვთავაზეს ბავშვების გადაყვანა შუახევის სკოლაში, ღამე სად წავიყვანოთ? გზაზეც საშიშია, ქვები მოგორავს. რომ დაეცეს იმ მარშუტკას, მერე რა ვქნა? მთავრობის ხალხი შეხვედრას თავს არიდებს და განათლების ხალხს აგზავნის, რომ რამენაირად სკოლა გახსნას. სკოლის შენობა საშიშია და ვერ შევუშვებთ ბავშვებს. შვილები იმისთვის არ გაგვიზრდია, რომ სინკარებში მოყვნენ“, –  ამბობს ჩანჩხალოს მკვიდრი ნანი მახარაძე.

„ჩვენთან იყო ვიღაც კაცი მოსული და იმას ვკითხე, თავის შვილს ასეთ სკოლაში თუ ასწავლიდა? პასუხი არ გაუცია, მაგრამ ამბობენ, სწავლა აუცილებლად უნდა განაახლოთო. მეც მინდა გავაგრძელო სწავლა, ოღონდ არა ამ სკოლაში, მეშინია“,- ამბობს ნათია დარჩიძე, ჩანჩხალოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე და სკოლას გვათვალიერებინებს.

„აი ნახეთ, ეს სულ ახალი ბზარებია. სწავლა რომ დავამთავრეთ, მაშინ არ იყო. ამ დაბზარული კედლის მიღმა სკოლის მუზეუმია, გვერდით კი – ბუფეტი“, – გვიხსნის ნათია და შეღებილ, კრემისფერ კედელზე გაჩენილ ბზარს გვაჩვენებს.

საკლასო ოთახი ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში

„აქციაზე მშობლებს უთხრეს თქვენს ბავშვებს ფარად იყენებთო. ვერავინ დაამტკიცებს, რომ მშობლები ასე იქცევიან, უბრალოდ, ეშინიათ. მშობლებს არ ჰყავთ შვილზე ძვირფასი არავინ და ვერ შეუშვებენ ისეთ ადგილას, სადაც საფრთხე დაემუქრებათ. მე, მაგალითად, უმცროსი ძმა მყავს სკოლაში და ჩემზე მეტად მეშინია მას არაფერი მოუვიდეს. მეზობელ კლასში სწავლობს, ძმაა, მიყვარს და მეშინია, არ მინდა არც ბინა, არც არაფერი, ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად“, – ამბობს ჩანჩხალოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნესტან ზოიძე.

„ბათუმელები“ შეწყვეტილ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარისთვის  დაუკავშირდა საქართველოს განათლების სამინისტროს, საიდანაც ისევ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადმოგვამისამართეს.

ჩანჩხალოს საჯარო სკოლა

ნარგიზ შაქარაძის სახლი ჩანჩხალოში ზუსტად იმ მთაზე დგას, რომელი მთის ძირშიც „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გვირაბი გაჰყავს. როგორც ნარგიზი ამბობს, სახლის გვერდით მდებარე ყანა გვირაბის მშენებლობის დაწყების შემდეგ შუაზე გაიხსნა. მოგვიანებით კი მიწის ერთმა მხარემ ნახევარი მეტრით დაიწია. შაქარაძეებს საგვარეულო სასაფლაოც სახლთან ახლოს აქვთ, გახსნილია საფლავებიც.

„ორი საფლავი გადახრილია. ერთი საფლავი კი გაიხსნა, ბოსტანი ჩავარდა, ყანა შუაზე გაიხლიჩა. შეხედეთ, პირდაპირ სახლის ქვეშ გადის გვირაბი. აფეთქებების დროს ყველაფერი ზანზარებს“, –  ამბობს ნარგიზ შაქარაძე და სახლის ქვემოთ მშენებარე გვირაბისკენ გვითითებს.

არის თუ არა საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი ის სიტუაცია, რაც დღეს ჩანჩხალოშია. „ბათუმელები“ ენერგეტიკის სამინისტროს დაუკავშირდა. აქ გაგვიმარტეს, რომ მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც კომპანიას ავალდებულებს აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და  მშენებლობის პროცესში განახორციელოს მონიტორინგი.

„იმ შემთხვევაში, თუ  სამშენებლო სამუშაოების მიზეზით, ადგილობრივი მოსახლეობის ქონებას საფრთხე დაემუქრება, ინვესტორს აქვს ვალდებულება მოსახლეობას მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაუროს და გასცეს კომპენსაცია. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არის გარანტი იმისა, რომ ინვესტორი  ყველა აღებულ ვალდებულებას ზედმიწევნით შეასრულებს“, – განაცხადეს ენერგეტიკის სამინისტროში.

აპირებს თუ არა ხელისუფლება შესაბამისი სტრუქტურების ჩართვას, ჩანჩხალოში ჩასვლას და სიტუაციაში გარკვევას, ან ვინ აიღებს იმ შემთხვევაში პასუხისმგებლობას, თუ ჩანჩხალოში აფეთქების შედეგად უფრო დრამატულად განვითარდება მოვლენები. ამ კითხვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს მივმართეთ. პრესსამსახურში გაგვიმარტეს, რომ არ იციან, არის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი საქმის კურსში.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა „აჭარისწყალი ჯორჯიას“:

აპირებს თუ არა კომპანია აიღოს სოციალური ვალდებულებები იმ ოჯახებთან მიმართებაში, ვისი სახლიც დაზიანდა გვირაბის მშენებლობის დროს განხორციელებული აფეთქებების შედეგად?  იყო თუ არა რისკები გათვლილი?  ამჟამად რამდენად უსაფრთხოა სოფელში ცხოვრება? კონკრეტულად იმ მონაკვეთების გეოლოგიურ მდგომარეობას თუ სწავლობს კომპანია, სადაც აფეთქებებმა ნიადაგი და სახლები დააზიანა? – ეს არის იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლითაც „ბათუმელებმა“ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიმართა. კომპანიიდან პასუხი არ მიგვიღია.

ჩანჩხალოს სკოლის სპორტდარბაზი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: