კვირის ამბები

ლილე იროელის ამბები

15.07.2014 •
ლილე იროელის ამბები

ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი
ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი

ლილე იროელის ციკლი ძალიან კარგი ქართული ფენტეზია. ცუდია, რომ ფენტეზის ბევრი მკითხველი არასერიოზულ ჟანრად აღიქვამს და საბავშვო საკითხავად მოიხსენიებს, ეს არასწორი მიდგომაა. ფენტეზი ძალიან კარგი საშუალებაა, მკითხველის გულამდე ადვილად და ძალდაუტანებლად მივიდეს ყველაზე რთული და ფილოსოფიური აზრები და შეხედულებები.

ლილე იროელის შესახებ ისტორიები კი ძალიან ადვილად შესაყვარებელია. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ნაცნობი და ზოგჯერ მშობლიური ტოპონიმია – თითქმის ყველა ადგილი, სოფელი, მთა რეალურად არსებობს. სახელები და გმირებიც ნაცნობია – ქართული მითოლოგიის პერსონაჟები, რომლებზეც ისტორიებს ბებიები გვიყვებოდნენ – დევები, ავსულები, ღვთისშვილები…

ლილე იროელის ამბებში სამყარო ყოველთვის განსაცდელშია, დიდი საფრთხე ემუქრება სიკეთეს, ადამიანობას, სიყვარულს, ყველაფერს, რაც ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებთ. ამ დროს ჩნდება ლილე – ბიჭი, რომელსაც სხვა ბევრი უნარის გარდა, ორი მთავარი თვისება აქვს – ყურადღებით მოსმენა შეუძლია და ძალიან უყვარს ადამიანები. ძალიან სჯერა ადამიანების. ლილეს ეს რწმენა მკითხველზეც გადმოდის და რაც უნდა ცუდად იყოს საქმე, რაც არ უნდა სასო წარგვეკვეთოს, ბოლომდე არის იმედი, რომ საბოლოოდ, მაინც სიკეთე გაიმარჯვებს, ლილე მოახერხებს და ყველა სირთულეს დაძლევს.

ლილე იროელი, სხვა ფენტეზი რომანების მთავარი გმირებისგან განსხვავებით, არ არის განსაკუთრებული სუპერშესაძლებლობების მქონე, ყოვლისშემძლე ადამიანი. რასაკვირველია, მას აქვს ბევრი ისეთი რამ, რაც გამოარჩევს, რჩეულია ბოლოსდაბოლოს. მაგრამ მისი მთავარი ძალა მისსავე სამართლიანობაში და სიკეთეში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ გახდება ალბათ ლილე იროელი ქართველი ბავშვებისთვის  და უფროსებისთვისაც  საყვარელი გმირი – ძალიან ადვილია მასთან საკუთარი თავის გაიგივება, რაღაც საერთოს პოვნა…

შეუძლებელია ლილეს ამბების დავიწყება – არ შეიძლება, სამუდამოდ არ დაგვამახსოვრდეს ღვთისშვილების ბრძოლა სამსალას ბოროტების წინააღმდეგ „ამბავი ლილე იროელისაში“; წარმოუდგენელია, ცრემლები შევიკავოთ „ფრთოსანი ლომებიდან“ იმის წარმოდგენაზე, როგორ ბრუნდებიან ფაფარაშლილი ლომები და კი არ მოდიან, მოფრინავენ; შეუძლებელია, ძალიან ბევრჯერ არ დაგვესიზმროს მოტირალი დები „ოთხი მხარე და ოთხი სვეტიდან“… ასეთი დაუვიწყარი  და ჯადოსნური ამბავი ძალიან, ძალიან ბევრია.  და მათი კითხვისას ალბათ ჩვენსავით სიხარულით აგევსებათ გული იმის გამო, რომ ნატო დავითაშვილი სწორედ აქ, ამ ქვეყანაში დაიბადა.

გადაბეჭდვის წესი