კვირის ამბები

ქვეყანა, რომელიც საკუთარი ხალხის სისხლითა და ოფლით იკვებება

03.06.2014 • 1547
ქვეყანა, რომელიც საკუთარი ხალხის სისხლითა და ოფლით იკვებება

2013 წელს, იანვარში, შუახევის გამგებლად დაინიშნა ახალი მთავრობის წარმომადგენელი თამაზ დავითაძე. ამავე წლის აპრილში გამგებელმა სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მოქმედი სასწავლო ნაწილის გამგე მიხეილ დავითაძე. კოლექტივს ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები ამ უკანასკნელის პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენ მივიღეთ ეს დანიშვნა. სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები სკოლაში. მიხეილ დავითაძის მიერ გატარებულმა მიუღებელმა საკადრო ცვლილებებმა, თანამშრომლების დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკამ გაამწვავა ურთიერთობა სკოლაში. დირექტორმა სამეურვეო საბჭო გააუქმა და მიგვანიშნა „ამიერიდან როგორც მას სურს, ისე წარმართავს სკოლის საქმიანობასო“. შეასრულა კიდეც ეს -2013 წლის აგვისტოში ორი მასწავლებელი, მე და ქალბატონი ეთერ ჯიქიძე, რომელიც 23 წელი მუშაობდა ამ სკოლაში, სამსახურიდან გაგვათავისუფლა. საფუძველი – ხელშეკრულების ვადის ამოწურვა – კანონიერად მოგვიცილა თავიდან.

მივმართავ შუახევის თვითმმართველობას თუ ერთმმართველობას, ვინ ზრუნავდა თქვენს შვილებზე წლების განმავლობაში, ჩვენ თუ ბატონი მიხეილ დავითაძე? მის აღზრდილს, სანთლით რომ ეძებოთ შუახევში, ვერ იპოვით.  დაინტერესდით, როგორ აისახა ჩვენს პირად ცხოვრებაზე ამ ადამიანის ქმედება? ჩვენი პრეტენზიები ხომ მხოლოდ სკოლის წარმატებისკენ იყო მიმართული, დაგაფიქრათ ამ ადამიანის ქმედების ზნეობრივმა მხარემ? არა, უფრო მეტიც, პირადად თამაზ დავითაძის ხელდასმით განხორციელდა ძალაუფლების ასეთი დემონსტრაცია, რადგან შუახევის საზოგადოებამ კარგად იცის, მიხეილ დავითაძეს არც  უნარი და არც გამბედაობა არ ეყოფოდა დამოუკიდებლად განეხორციელებინა ეს ავანტურა.

ჩვენ მივმართეთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. იქ სინანულით აგვიხსნეს, რომ დღეს მოქმედი შრომის კანონის საფუძველზე ჩვენი გათავისუფლება სამართლებრივ ფარგლებშია მოქცეული, ამიტომ აზრი არ აქვს სასამართლოში ჩივილს, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია მოსამართლემ ამ პრობლემის მორალური და ზნეობრივი ფაქტორი განიხილოს. გვირჩიეს, მიგვემართა ზემდგომი ორგანოებისთვის, რადგან ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთი ზარიც საკმარისია.  ჩვენც მივმართეთ აჭარის მთავრობას, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, კულტურის სამინისტროს, პასუხი ერთია – „მიმართეთ სასამართლოს“.

აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ერთი ზარით გვარდება მინისტრების, მოადგილეების, გამგებლების და ასე შემდეგ სავარძლების გადანაწილება და არა რიგითი, უბრალო მასწავლებლის ღირსების დაცვა. ახლა იქნებ მითხრათ, რომელ სასამართლოს მივმართო, რომლის პრაქტიკაშიც მორალური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა ჯერ არავის დაკისრებია? თუ სასამართლომ უნდა გააკონტროლოს რას და როგორ სწავლობენ ბავშვები სკოლაში, ან რა დანიშნულებით იხარჯება სკოლის 70-ათასიანი ბიუჯეტი, რომელსაც სახელმწიფო იხდის ისევ ჩვენი საშემოსავლოებით, მაშინ რაში გვჭირდება სამინისტროები, უამრავი კომიტეტი და კომისიები, რა დანიშნულება აქვთ ამ უწყებებს, მხოლოდ სტუმრების მიღება-გასტუმრება და ღონისძიებების ჩატარება?

არც ერთ მთავრობას არ მოვფერებივარ რაღაც დივიდენდებისათვის, არც ახლა ვაპირებ. აღარ დამთავრდა ამ ქვეყანაში კანონით მანიპულირება, პირადი ანგარიშსწორება და ძალადობა.

ჩვენ ვიცით კანონიერი უსამართლობით გაუბედურებული და გაწამებული ადამიანების უამრავი ისტორია. ჩემი ოჯახიც ამ ისტორიის ნაწილია. 2003 წელს აბაშიძის შერჩევითმა  სამართალმა და კანონმა უსახლკაროდ დამტოვა, 11 წელია ჩემს მშობლიურ ქალაქში ლტოლვილივით ვცხოვრობ. 2010 წელს სააკაშვილის მთავრობამ ჩემი შვილი სამსახურიდან დაითხოვა, 2000 ლარი ჯარიმა კი მე, ქვრივ, უსახლკარო ქალს დამაკისრა. დღევანდელ მთავრობას გვერდით დაგიდექით მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ შტაბის გვერდით, ქუჩაზე გავლისაც კი ეშინოდა ხალხს, მხოლოდ ერთი – `სამართლიანობის ზეიმის~ იმედითა და ოცნებით. რა მივიღე? აქცია „კარდაკარისთვის“ 100 ლარი და 1 ოქტომბრის შემდეგ სრული იგნორირება. ბედის ირონიაა, თუ ამ ქვეყნის ცვლადი ხელისუფლების გადამდები სენი?

„ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა“ – ასე იმართლებდა თავს წინა მთავრობაც და ქვეყანა კინაღამ საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს, ხალხის ფულს კი პირადი სიამოვნებისთვის ხარჯავდნენ. გაუთავებლად საუბრობთ სასიკეთო პროგრამებზე, კი ბატონო, მაგრამ რა აზრი აქვს ექიმთან ვიზიტს, თუ წამალს ვერ იყიდი? რა აზრი აქვს უფასო სასწავლებელს, თუ სამსახური არ არის? რა აზრი აქვს პენსიისა თუ ხელფასის მისხალ-მისხალ მომატებას, თუ ყველაფერი ელვის სისწრაფით ძვირდება? საუბრობთ კანონის უზენაესობაზე, რომელი კანონების? ისევ ძველი კანონები, ისევ იგივე მოსამართლეები და პროკურორები და ხელფეხშეკრული სამართალი. შარშან მიიღეთ შრომის კანონი, რომელიც კიდევ დასახვეწია, ის მუხლი, რომელიც ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში დაგვეხმარებოდა, წელს შედის ძალაში. სად არის ლოგიკა? ეს მცირე ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომელიც ხალხს აწუხებს.

არ მინდა ზედმეტი პათეტიკა, მაგრამ ეს ქვეყანა დიდი ხანია ვამპირს ჰგავს, რომელიც საკუთარი ხალხის სისხლითა და ოფლით იკვებება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: