კვირის ამბები

მახოს სექსუალური სკანდალის შემდეგ

03.02.2015 • 1632
მახოს სექსუალური სკანდალის შემდეგ

 

თემურ ქ. 33 წლისაა. ის ამჟამად ქუთაისის საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანით მიყენებული ჭრილობებით კლინიკა „მედინაში“ გადაყვანილი მისი ბიძა, დომენტი ქ. როგორც სოფელში ამბობენ, ამ დროისთვის სრულად გამოჯანმრთელებულია, მაგრამ სოფელში არ დაბრუნებულა.

 

 

სოფელ მახოში ამბობენ, რომ დომენტი ჯერ ქობულეთში წავიდა თავის ახლობლებთან, მაგრამ იქ არ მიუშვეს, მერე ფოთში გადავიდა, ახლა შეიძლება თურქეთშია წასული. „მისი ცოლი იქ მუშაობს და ალბათ ერთად წავიდნენ. მე ზუსტად არ ვიცი“, –  ამბობს ბრალდებულის დედა.

 

ბრალდებულის დედა დასძენს, რომ სანამ მისი შვილი პატიმრობაშია, დომენტის ოჯახი, რომლებიც მისი შვილის ბიძაშვილები არიან, სოფელში ვერ დაბრუნდება. „ჩემს შვილს მაგათ დანაშაული მიყიდეს. მაგენი აქ რომ დევნახო, მეც ევღებ დანას და დავარტყამ. მერე დამიჭირონ, წავალ და მაინც ჩემს შვილთან ერთად დავჯდები“.

 

თავდაპირველად თემურ ქ.-ს განზრახ მკვლელობის მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ თანასოფლელებმა აქცია გამართეს აჭარის პროკურატურასთან სასჯელის მუხლის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით და პროკურატურამაც მათი მოთხოვნა გაითვალისწინა.

 

თემურ ქ.ს დედის თქმით, მის შვილს ახლა შეიძლება ერთი წელი და ოთხი თვე მიუსაჯონ. მას იმედი აქვს, რომ სასამართლო ამ სასჯელსაც შეუმსუბუქებს და შვილი სახლში 6 თვეში დაბრუნდება: „მე არ ვყოფილვარ პროკურატურასთან, მაგრამ სოფელი წავიდა. მე შევხვდი შოთა ტყეშელაშვილს [აჭარის პროკურორი] იუსტიციის სახლის მე-15 სართულზე და მითხრა, რომ ჩემს შვილს ციხეში დიდ ხანს დარჩენა არ ემუქრება.

 

 

მე ერთი რამე ვიცი, ბიძაშვილებს – ჩემს ბიჭს და კიდევ ერთ ბიძაშვილს, კადრები დომენტის შვილმა აჩვენა. სექსის კადრებია. აიფონია თუ რაღაც ჯანდაბა, ახალი ნაყიდი ჰქონია და თურმე იმით იღებდა. კადრებში იყვნენ სოფლის ქალები, ნათესავი ქალებიც, სულ 9 თუ 12 ქალი, მოხუცებიც და ახალგაზრდებიც. ჩემი შვილი ამან ძალიან ააღელვა, მივიდა დომენტისთან და უთხრა, რომ სოფლიდან უნდა წასულიყო. იმან – შენ ვინ გკითხავსო, აიღო და სკამი ესროლა. იგივე სკამი გაუქნია ჩემმა ბიჭმაც უკან და მოარტყა. „კუხნაში“ იყვნენ და მერე იმან მაგიდიდან პურის დანას წამოავლო ხელი. ჩემი ბიჭი ფიზიკურად ძლიერია, წაართვა ეს დანა და მას დაარტყა. დანა რომ აიღო, გამოდის მოკვლას უპირებდა თემურის. და ეგ უნდა მოვიდეს აქ?! – გამორიცხულია“.

 

 

ბრალდებულის დედა ამბობს, რომ დომენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის, რასაც სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ადასტურებენ. „ვის უნდა აღეძრა საქმე. ქალებმა, ვისაც მაგან ვიდეო უღო, არავინ არ უჩივლა. ყველას ახლა შერცხვა. ერთ ქალს მე რომ ვკითხე, მართლა გასმევდა წამალს-მეთქი, მითხრა – კოფეს კი ვსვამდითო. ერთი-ორის გარდა ყველას შვილები ჰყავს, ქმრებიც… ზოგის შვილებმა იციან ეს ამბავი ზუსტად, მაგრამ მოდიან და აქეთ მირჩევენ საქმეს, ხმამაღლა რატომ ამბობო. ვიტყვი. არ გავჩუმდები. აბა, ჩემი შვილი ციხეში იჯდეს და ეგენი გარეთ დადიოდენ?!“.

 

 

ბრალდებულის დედის ინფორმაციით, სოფელ მახოში გასულ თვეს მომხდარ სექსუალურ სკანდალში ქალების მიმართ ძალადობას, მათ შორის ბალახეულობით გაბრუებას, ანუ მამაკაცის მხრიდან დანაშაულის ჩადენას, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სკანდალის გამომწვევი სუბიექტის მიმართ არც სისხლის სამართლის საქმე აღუძრავთ. სოფელში ამბობენ, რომ ამ საკითხის სოფლის დონეზე განხილვას მას შემდეგ აპირებენ, რაც ბრალდებული თემურ ქ. პატიმრობიდან გათავისუფლდება.

 

 

პროკურატურაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ამ ეტაპზე დომენტი ქ.-ს მიმართ პროკურატურაში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით საჩივარი შესული არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: