კვირის ამბები

ერთი აქციის ამბავი

14.05.2014 • 1359
ერთი აქციის ამბავი

 

 

წერილი, რომელსაც ხელს აწერს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და რომელიც სტუდენტურ მოძრაობა „ალტერნატივას“ გაუგზავნეს, დისკრიმინაციული და ცენზურის შემცველია. წერილის შინაარსიდან მარტივი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის გარდა სხვა ჯგუფების ალტერნატიულ აზრს, რბილად რომ ვთქვათ, არ მიესალმებიან; ყველაფერი აგებულია ვერტიკალურ მენეჯმენტზე და ღირებულება არა სტუდენტი ან გამოხატვის თავისუფლება, არამედ ადმინისტრაციის და თვითმმართველობის შეხედულებებია.

 

 

არადა, სწორედ უნივერსიტეტი მოიაზრებოდა ყოველთვის (და ეს ასეც უნდა იყოს) დემოკრატიული იდეების გენერირებისა და განხორციელების საჯარო სივრცედ; სადაც 30 სტუდენტისგან შემდგარ დამოუკიდებელ მოძრაობას ისეთივე უფლებები და გარემო უნდა ჰქონდეს, როგორც სტუდენტურ თვითმმართველობას. მოკლედ რომ ვთქვათ, 29 აპრილს მომხდარი ფაქტი და 30 აპრილის წერილი უმრავლესობის მიერ უმცირესობის დაჯაბნის მორიგი გამოვლინებაა, მაგალითია ზევიდან ყურების, ბიუროკრატიისა და ტოტალიტარული ხედვის – ყველაფრის, რისგან თავის დაღწევასაც ვცდილობთ უკვე მესამე ათეული წელია. ვცდილობთ კი?! დეკლარირებულად ნამდვილად, მაგრამ საჯარო განცხადებები და ქმედებები უმეტესად ერთმანეთს აცდენილია.

 

 

სწორედ ამგვარი აცდენები ქმნიან რეალობას, სადაც ვცხოვრობთ; სადაც საკრებულოს ყოფილი თანაგუნდელი წევრები შეცვლილი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ერთმანეთს უმრავლესობაში ყოფნის დროს მიღებულ პრივილეგიებსა და დივიდენდებს ახსენებენ და მიზანი კი ყველას იგივე აქვს, როგორც წლების წინ – კონფორმისტული სვლებით საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა და კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღება; სადაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საზოგადოების დიდი ნაწილის გვერდით იღებენ და როცა ვინმე ამ გადაწყვეტილებების გაპროტესტებასა და დასაბუთებულად, კონსტრუქციულად გაკრიტიკებას იწყებს, მათ „ხალხის მტრად“ და სახელმწიფოს ძირგამომთხრელად მოიხსენიებენ, მოიხსენიებენ აგრესიულად, მთელი ექსპრესიით, თითქოს საკმარისი არ იყოს თავად ასეთი განცხადებების სიმწვავე და კატეგორიულობა.

 

 

უმრავლესობას, ისევე, როგორც ამ უმრავლესობით მოსულ ხელისუფლებას, მხოლოდ ძალაუფლება არ ჰყოფნის. ის სულ უფრო ხშირად ცდილობს ქვეყანაში უმცირესობების ისედაც ძალიან მცირე საარსებო სივრცე კიდევ უფრო დაავიწროვოს, ჩაკეტოს, მზის სინათლე არ დაანახოს და მერე თამამად თქვას: შინ რაც უნდა ის უქნიათ, გარეთ, ბავშვებისა და ქალების თვალწინ არაფერი აკეთონო და ეს ყველაფერი ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ ამბად ითვლება 13-14 წლის ბიჭების საროსკიპოებში წაყვანა, ე.წ. „ნათლობა ქალებში“; სადაც სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც მეცნიერების საფუძვლებს უნდა ასწავლიდნენ, სასწავლო პროცესის პირველივე დღეს ურიგებენ ხატებს, სანთლებს და გონების გავარჯიშების სანაცვლოდ, ლოცვებს აზეპირებინებენ.

 

იქნებ ვადროვოთ ამ პატარებს, იქნებ თავად იპოვონ საკუთარი თავი რელიგიაში და დღეს გაზეპირებული სიტყვების ნაცვლად, რომელთა შინაარსიც მათ კი არა უფროსებსაც ნაკლებად აქვთ შესმენილი, ხვალ ან ზეგ ერთი, ორი, სამი გულიდან ნათქვამი ლოცვა თქვან, წრფელი და არა დაზეპირებული. ისევე, როგორც ამ მოსწავლეებს უზღუდავენ თავისუფალ სივრცეს, ასევე მთელ საზოგადოებას ხელიდან აცლიან შეცდომის დაშვების შესაძლებლობას –  დოგმებით, წესდებებით, შეთანხმებებით ცდილობენ გაცილებით მორჩილი გახდეს, არადა, ყველას – ერსაც და ბერსაც ავიწყდება, რომ მორჩილება მარადიული მდგომარეობა არ არის, მარადიული მდგომარეობა ბრძოლაა განვითარებისთვის და საკუთარი თავის პოვნისთვის.

 

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 აპრილს შეკრებილი სტუდენტებიც ახლა საკუთარ თავს ეძებენ სხვათა სოლიდარობის გამოხატვაში, სხვათა დახმარებაში, იმ პრობლემების აღმოჩენასა და აქცენტირებაში, რომელსაც, სამწუხაროდ, მედია ნაკლებ ყურადღებას უთმობს. ჰოდა, გეკითხებით თქვენ, ჩინიანებო და უჩინონო, ძალაუფლება ძვალსა და რბილში გამჯდარო ჩინოვნიკებო და სასულიერო პირებო, რა არის უფრო დიდი ქრისტიანობა – დოგმების დაწესება და ამ დოგმებით ცხოვრების იძულება, თუ სხვათა დახმარება და სოლიდარობა?!

 

  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: