კვირის ამბები

“ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას იქ, სადაც ამის ხმა მქონდა”

06.05.2014 • 1438
“ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას იქ, სადაც ამის ხმა მქონდა”

თემურ კახიძე

ბატონო თემურ, როგორც ადმინისტრაციის უფროსი, სად ხედავთ ხარვეზებს მერიის მუშაობაში და რის შეცვლას გეგმავთ?

საჭიროა სერვისების დახვეწა, რაც მოსახლეობასა და ქალაქზე დადებითად უნდა აისახოს. ხარვეზები ყველგანაა, მთავარია პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა. კვლევაზე დაყრდნობითა და სტატისტიკური ინფორმაციის გაანალიზებით უნდა გამოვავლინოთ ხარვეზები. მერის დავალებით შევიმუშავეთ მერიის მუშაობის ახალი მოდელი, რომლის ძირითადი არსია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მიმდინარე პროცესებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დრომდე ჩართულობა საერთოდ არ იყო. ჩვენ გვინდა ამ ურთიერთობის უფრო მაღალ ხარისხს მივაღწიოთ, რაც ითვალისწინებს სამოქალაქო სექტორის ჩართვას ყველა საფეხურზე.

 მერიას ხალხზე ნაკლები ინფორმაცია აქვს და პირიქით ხალხს მერიაზე ანუ კავშირი არ არის?

ამას ცხადყოფს მოქალაქეებთან შეხვედრები და ეს დამანახა ბოლო ოთხმა წელმა, როცა მესამე სექტორში ვიყავი. გარედან ბევრი რამ სხვაგვარად გამოჩნდა, რაც დღეს მეხმარება პრობლემის იდენტიფიცირებაში.
შევეცდებით მერიის ვებგვერდის გაახლებას. პირველ რიგში დაემატება საჯარო ინფორმაცია. ასევე სრული ინფორმაცია იქნება იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც მერიაში მუშაობენ. მოსახლეობას ექნება კომენტარების გაკეთების საშუალება ამა თუ იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომლებსაც მერია გაეცნობა. ვაპირებთ სტატისტიკური მონაცემების საშუალებით პრობლემების უფრო დეტალურ იდენტიფიცირებას. შემდეგ ამ ყველაფერს ბიუჯეტირების პროცესში გავითვალისწინებთ.
ვაპირებ ე.წ. წინადადებების ყუთების დადგმას _ მოსახლეობას ინიციატივების წარმოდგენის საშუალება ექნება. იქნება ინტერაქტიული შეკითხვები და ერთიანი პორტალი. მოქალაქეს ექნება საშუალება, გადასახადები გადაიხადოს ჩვენი ვებგვერდიდან, ნახოს ავტობუსების განრიგი და ასე შემდეგ.

 ბათუმის მოსახლეობის ინტერნეტზე წვდომის საკითხი შესწავლილი გაქვთ?

დიახ, დაახლოებით 70 პროცენტს აქვს წვდომა. “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გააკეთა ძალიან საინტერესო პროექტი, რომელშიც უსასყიდლოდ ჩაგვრთეს. პროექტი ითვალისწინებს ვებგვერდის შექმნას – “ჩემი ქუჩა ბათუმი”. ვთქვათ, ქალაქის ნებისმიერ ქუჩაზე დავაფიქსირე პრობლემა, ფილაქანია ამოყრილი, ან სახურავია მოშლილი, ან ნათურაა გადამწვარი ლამპიონზე, მივდივარ სახლში ან იქვე თუ არის წვდომა ინტერნეტზე ტელეფონის საშუალებით, რუკაზე ვნიშნავ ადგილს და ვწერ პრობლემას.

 ბევრჯერ მომისმენია მოქალაქეებისგან მერიისადმი – “ერთხელ გასცდით ცენტრს და ჭაობის უბანსაც მიხედეთ”. წლებია მათთვის არ მოუსმენიათ. თუ ინტერნეტით მოგწერენ, რეაგირება გექნებათ?

სერვისი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, მოქალაქეს აძლევს მონიტორინგის საშუალებას, იზრდება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც. არის პრობლემები, რომლებიც მარტივად მოსაგვარებელია და არის პრობლემები, რომლებიც მასშტაბურია და ბიუჯეტში ცვლილებებს, შემდეგ კი ტენდერის გამოცხადებას საჭიროებს. გარდა ამისა, ვაპირებთ ხარისხის უზრუნველყოფისა და ანალიზის სამსახურის შექმნას.

 თქვენ საკრებულოს წევრი იყავით მაშინ, როცა ეს ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობისდროინდელ” ბათუმის საკრებულოსა თუ მერიის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებდა. ახლა მათთან ერთად მუშაობთ. ეთანხმებით მაშინდელ კრიტიკას?

სამუშაო პროცესში რაღაც ხარვეზები ყოველთვის არის. იდეალური მართვის მოდელი არ არსებობს. მთავარია, ხარვეზი არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც ზიანს აყენებს ქალაქს.

როდესაც მილიონიან ტენდერებს მეტწილად იგებენ საკრებულოს ან უმაღლესი საბჭოს წევრების ან პარლამენტარების კუთვნილი კომპანიები, ეს ხარვეზია თუ რასთან გვაქვს საქმე?

რამდენადაც ვიცი, ინტერესთა კონფლიქტი კანონმდებლობით რეგულირდება. თუკი ვიღაცა ვიღაცის უკან დგას და ამის ფაქტები არსებობს, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება.

იმ პერიოდზე თქვით, როდესაც თქვენ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი და ქალაქის საფინანსო დოკუმენტის მთავარი მაკონტროლებელი იყავით.

ჩემი მუშაობის პერიოდში პროგრამულ ბიუჯეტზე გადავედით და ეს დიდ მიღწევად მიმაჩნია, ბიუჯეტი აუდიტორულად შეამოწმა დამოუკიდებელმა აუდიტმა. თუ გაეცნობით დასკვნას, ნახავთ, რომ იქ მეც მაქვს ხელი მოწერილი. ამ დოკუმენტში ბევრ ხარვეზზე იყო საუბარი. ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას იქ, სადაც ამის ხმა მქონდა. მე განცხადებებს იმ პროექტებით ვაკეთებდი, რომლებსაც ვახორციელებდი. სხვათა შორის, მე ვიყავი საკრებულოს ერთადერთი კომისიის თავმჯდომარე მაშინ, რომელმაც ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე უარყოფითი დასკვნა დაწერა.

 დღეს თუ წამოვა დირექტივები, როგორ მოიქცევით?

ამ მხრივ ძალიან კომფორტულად ვარ, გიორგი ერმაკოვი ჯერ უსმენს ადამიანს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს, სწორ მიმართულებებს იძლევა და კარგი მენეჯერია, მისი ამოცანა ვერტიკალური მართვა არ არის.

კითხვას არ პასუხობთ.

არის რაღაც, როცა დათმობ, მაგრამ არის რაღაც, რის წინააღმდეგ ვერ წახვალ.

 თანამდებობაზე რეკომენდაცია ვინ გაგიწიათ?

თავად გიორგი ერმაკოვმა. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვეტილება დამიწუნეს, მითხრეს ნორმალური არ ხარო, რადგან კერძო კომპანიაში უფრო მაღალანაზღაურებადი შემოთავაზება მქონდა.

 რომელი პარტიის წევრი ხართ?

არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არასდროს, ასეთი პრინციპი მაქვს. მე ვარ საჯარო მოხელე. მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელე აპოლიტიკური უნდა იყოს.

გადაბეჭდვის წესი