კვირის ამბები

სიახლეები ხელოვნების უნივერსიტეტში

23.04.2014 • 2069
სიახლეები ხელოვნების უნივერსიტეტში

 

 

ქეთევან ვაჩეიშვილი
ქეთევან ვაჩეიშვილი

ქალბატონო ქეთევან, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა წელს ავტორიზაცია გაიარა, როგორ ჩაიარა ამ პროცესმა?

 

 

ფიროსმანის  ქუჩაზე მდებარე შენობაში, სადაც აქ გადმოსვლამდე ვიყავით, ავტორიზაციას ვერ გავივლიდით, ვიქნებოდით მილევად რეჟიმში, რადგან სწავლის პირობებს არ შეესაბამებოდა არც ფართობი, არც ინფრასტრუქტურა. ამ შენობამ მოგვცა იმის შანსი, რომ ჩვენ არსებობა გაგვეგრძელებინა. ავტორიზაცია გავიარეთ ამ ფართობით, რამაც მოგვცა საშუალება კონტინგენტი გაგვეზარდა 1300 სტუდენტით. 

 

 

დაგვემატა პროგრამები: ჰუმანიტარული მიმართულებით, „კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტი“, „კულტურული ტურიზმი“, რომლებსაც კომერციულ პროგრამებს ჩვენ ვუწოდებთ. „კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტზე“ გასულ წელსაც გვქონდა მიღება, „კულტურული ტურიზმი“ ახალია, მხოლოდ სამხატვრო აკადემიაში ისწავლება თბილისში. ამ ორ სპეციალობას შეუძლია შეინახოს საკუთარი თავი, შესაბამისად, გვეძლევა საშუალება, შემოქმედებით მხარეს – ტელერეჟისურა, დრამისა და კინოს რეჟისურა, დიზაინი, არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება და მუსიკა – მივაქციოთ მეტი ყურადღება. ამ სპეციალობებს დაფინანსება სჭირდება, რადგან შემოქმედებითი დივიდენდი მოაქვს.

 

 

ტელე-რადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტმაც გაიარა აკრედიტაცია, აცხადებთ თუ არა წელს მიღებას ამ პროგრამაზე?

 

 

წელს ვაცხადებთ მიღებას და 25 სტუდენტის მიღებას ვგეგმავთ. რთული პროგრამა იყო, პროგრამაზე მუშაობდა ახალგაზრდა სპეციალისტი მამუკა ჯორბენაძე, რომელიც სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანია. ვფიქრობ, კარგი პროგრამა გაკეთდა, ამაზე მეტყველებს ის, რომ პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, შენიშვნა არ მიგვიღია, იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც თბილისში ჩასვლამდე გავითვალისწინეთ. ჩვენს უნივერსიტეტს შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნია, საჭირო აპარატურა გვაქვს, მემორანდუმები გაფორმებულია ტელევიზიებთან და რადიოსთან.

 

 

გყავთ სპეციალისტები, რომლებიც ამ მიმართულებით ასწავლიან?

 

 

მუსიკის მიმართულებით გვყავს ერთი მოწვეული სპეციალისტი, რომელიც ჩამოდის და მასტერკლასს უტარებს სტუდენტებს, მენეჯმენტის სპეციალობაზეც ერთი, დანარჩენი სულ ადგილობრივი კადრები არიან. საკადრო დეფიციტი არც მომავალში შეგვექმნება.

 

 

ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ასწავლის ირინა ყურუა, მარინა კუპრეიშვილი… სპეციალობა ადრეც გვქონდა, ამიტომაც მარტივად აღვადგინეთ. ჩვენი სტუდენტები ახლა პედაგოგებად დაგვიბრუნდნენ. პროგრამის განმახორციელებელ რამდენიმე პირს მოეთხოვება აკადემიური ხარისხი, ორი-სამი პროფესორი სავსებით საკმარისია პროგრამის განხორციელებისთვის, მოწვეული პედაგოგისათვის სავალდებულო არ არის ხარისხი. მაისში გამოვაცხადებთ კონკურსს აკადემიურ თანამდებობებზე.

 

 

ყველა სპეციალობაზე გაიზრდება მისაღები  სტუდენტების რაოდენობა?

 

 

ყველა სპეციალობაზე ვერ გაიზრდება, ქვეყანას არ სჭირდება 200 მხატვარი და 300 რეჟისორი. კვლევა ჩავატარეთ და ვიცით რამდენი სტუდენტი სად უნდა მივიღოთ. მოთხოვნადია ტურიზმის, ხელოვნების მენეჯმენტი, ჯერჯერობით ამ სპეციალობებზე ვზრდით მიღებას.

 

 

ითქვა, რომ თქვენს უნივერსიტეტს შენობის დატოვება მოუწევს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია?

 

 

მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ გამოვიდეთ ქუჩაში და ვიყვიროთ, იმედია არც მიგვიყვანენ ამ ზომამდე. ჩვენ შეგვიძლია ადეკვატური დიალოგი. გასაგებია, რომ ეს შენობა ჩვენთვის არ აშენებულა, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, რადგან წყდებოდა ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი. 16 წელია არსებობს ეს უნივერსიტეტი, თბილისის ტელევიზიებშიც კი მუშაობენ ჩვენი კურსდამთავრებულები. დასავლეთ საქართველოში თუ სადმე არის თეატრი, სამხატვრო სკოლა ან სტუდია, რადიო-ტელევიზია, ყველგან ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ. სკოლებში ხელოვნების მასწავლებლები ჩვენი სტუდენტები არიან, ეს არის უზარმაზარი ცარიელი ნიშა მთელს საქართველოში. ვინ უშვებს ამ სპეციალისტებს? _ ჩვენ! შესაბამისად ჩვენ უნდა ვარსებობდეთ. ჩვენი კურსდამთავრებულების 90 პროცენტი არის დასაქმებული, აქედან 70 პროცენტი სპეციალობით მუშაობს.

 

 

თქვენ თქვით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რა წინადადებები მიიღეთ?

 

 

ინდუსტრიული ტექნიკუმის შენობა ვითხოვეთ. შენობა სავალალო მდგომარეობაშია, სადღაც სამ მილიონამდე დასჭირდებოდა მის სრულ აღდგენას. პროექტი ჩვენმა არქიტექტორებმა გააკეთეს. ერთი მილიონი გამოგვიყვეს რეკონსტრუქციისთვის, თუმცა შემდეგ შენობაზე უარი გვითხრეს და შემოგვთავაზეს ყოფილი პედაგოგიური კოლეჯი, ვაჟა-ფშაველასა და ზურაბ გორგილაძის ქუჩის კუთხეში. გავაკეთეთ ამის პროექტიც, დაიწუნეს, ახლა თავიდან ვაკეთებთ. გადავალთ იმ შემთხვევაში, თუ შეგვინარჩუნდება ის ფართობი, რადგან ავტორიზაცია გვაქვს ამ ფართობზე გავლილი. ერთი მილიონი ლარიც ჩამოგვაჭრეს, რადგან ვერ ავითვისეთ – საშუალებას არ გვაძლევენ, რომ ავითვისოთ. ჩვენ „არ ვიკლავთ თავს“ ამ შენობისთვის, მაგრამ სადღაც მახინჯაურსა და ხელვაჩაურში ნამდვილად არ წავალთ, ნებისმიერ ქვეყანაში ხელოვნების უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრშია განთავსებული. უარეს პირობებში ნამდვილად არ წავალთ, ჩვენი გადათამაშება იქეთ-აქეთ უნდა დასრულდეს.

 

 

ამბობენ, რომ ეს შენობა არ არის სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი…

 

 

აქ იმდენად დიდი დერეფნებია, შეგვეძლო რეკონსტრუქცია ისე გაგვეკეთებინა, რომ მუსიკის ფაკულტეტისთვის შეგვექმნა შესაბამისი აკუსტიკა, მაგრამ ჩვენ მოვიქეცით ცივილიზებულად, შევიკავეთ თავი – მილიონის დახარჯვა ამ შენობაში შეგვეძლო. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს შენობა მთავრობას უნდა, ამიტომაც დავიხიეთ უკან. აქ ყველაფერს განსაკუთრებულად ვუვლით, ბევრი რამ შეფუთული გვაქვს შენახული – წასვლა რომ მოგვიხდეს, არ თქვან, გაუბედურებული შენობა დატოვესო. ის, რომ წყალი ჩამოდის და კედლები ინგრევა, ჩვენი ბრალი არ არის, ეს მშენებარე კომპანიის ბრალია, ძალიან უხარისხოდაა გაკეთებული.

 

 

უნივერსიტეტის წლიური ბიუჯეტი რამდენია და თქვენთან სწავლა რა ღირს?

 

 

ბიუჯეტი არის 960 ათასი ლარი, აქედან 180 ათასი ლარით გვაფინანსებს საქართველოს განათლების სამინისტრო, დანარჩენი ჩვენია. ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფასური იწყება 1500 ლარიდან, არის სპეციალობები, რომლებზეც სწავლა 1800 ლარი ღირს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: