კვირის ამბები

აქედან სხვანაირად ჩანს

30.03.2014 • 1807
აქედან სხვანაირად ჩანს

გამიკვირდა, მეწყინა, მეტკინა, აღვშფოთდი… ნანა – ადამიანი, რომელსაც ბავშვის აღზრდის სპეციალური მეთოდიკა ჰქონდა შემუშავებული, ადამიანი, რომელიც სასტიკი წინააღმდეგი იყო (და იმედი მაქვს, რომ კიდევ არის) ძალადობის, ადამიანი, რომელსაც… აღარ ვიცი რამდენი რამე გამოვყო, როცა ნანაზე ვსაუბრობ…

 

 

ჩემ გაოცებულ და აღშფოთებულ სახეს როცა შეხედა, მითხრა -შენც გეყოლება შვილი და ნახავ, მაქედან სხვანაირადაა ყველაფერი… რეალობა კი სხვაა, აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანსო…

 

 

თეა ჩემი მეზობელია.  ბავშვობიდან მასწავლებლობაზე ოცნებობდა. წარმოიდგენდა ხოლმე თავის მოსწავლეებს, აწყობდა გეგმებს – როგორ ჩაატარებდა პირველ გაკვეთილს, როგორ ატარებდა ბავშვებს ექსკურსიებზე, როგორ იმეგობრებდა მათთან და ასე შემდეგ. დღეს თეა მასწავლებელია. ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის.  დღეს თეას არ უხარია პირველი გაკვეთილი, არ დაჰყავს ბავშვები ექსკურსიაზე, არ მეგობრობს მათთან… და კიდევ მრავალი „არ“… როცა ვეკითხები, რატომ არ შეასრულა მისი გეგმები და ოცნებები სკოლასთან და მოსწავლეებთან დაკავშირებით, მპასუხობს, რომ ძალიან გაუჭირდა ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან ძნელად დასამორჩილებელი თაობები იზრდებიან, რადგან რაც წარმოედგინა, თურმე ყველაფერი ისე არ ყოფილა… რადგან მასწავლებლობაზე ოცნება, მხოლოდ ოცნება იყო და რეალურად,  როცა უკვე შეაბიჯა ამ სამყაროში -იქედან სხვანაირად ჩანს…

 

 

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად ვხვდები პოლიტიკოსებს  – ზოგიერთი ხელისუფლებაშია, ზოგიერთი – ოპოზიციაში… ტელევიზიებითა და გაზეთებით ვუსმენ და ვკითხულობ მათ ინტერვიუებს… მათ მიერ ნათქვამ რეპლიკებში, მოსაზრებებსა თუ პოზიციებში ხშირად პირდაპირ, ხშირად კი ქვეტექსტით იკვეთება ფრაზა: „აქედან სხვანაირად ჩანს…“

 

ახლანდელმა ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემა გვქონია, რომ აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული მეთოდებით მართვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების პირველი მოვალეობაა, რომ მოქალაქეების საუბარს ხელისუფლებამ სპეციალური ტექნიკის დახმარებით კი არ უნდა უსმინოს, არამედ მათთან უნდა მივიდეს და თავად ჰკითხოს რა საჭიროებები აქვთ მათ. თურმე, აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს…

 

 

ხელისუფლებამ კი აღმოაჩინა, რომ თურმე რეალურად, როცა ხელისუფლებაში ხარ, მთელი რიგი საკითხები „სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“ წყდება. მერე რა რომ ზოგჯერ ამას სხვადასხვა ღირებულების ფეხქვეშ გათელვა მოსდევს, მერე რა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტებისათვის თითქმის ერთი წელი დასჭირდათ, მერე რა რომ… ბევრი „მერე რა“…

 

აი, აქ უკვე შემოდის „პოლიტიკური მიზანშეწონილობის“ ცნება… რა უნდა ვქნათ, იქედან სხვანაირად ჩანს…

 

მსგავსი მაგალითები ჩემ ირგვლივ უამრავია… შესაძლოა ჩემს ცხოვრებაშიც დადგეს მომენტი, როცა ვიტყვი ფრაზას – „თურმე ყველაფერი სხვანაირად ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, აქედან სხვანაირად ჩანს“.

 

 

მინდა ცხოვრების ბოლოს, „სადღაც ბოლოში“ ისე გავიდე, რომ ვთქვა – „აქედანაც ისე ჩანს, როგორც იქედან ჩანდა“. აი, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემი არსებობა ამქვეყნად ღირდა, თუნდაც იმისთვის, რომ არ შევიცვალე, არ შემეცვალა ღირებულებები, ფასეულობები, დამოკიდებულებები, მიზნები, ოცნებები…

 

 

მაგრამ აი მაშინ, „სადღაც ბოლოში“, არ მინდა თავი მარტო ვიგრძნო… მინდა ქვეყანაში ჩემ ირგვლივ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები, ოცნებები, ღირებულებები და ინტერესები ექნებათ და დაუღალავად იბრძოლებენ… იბრძოლებენ, რათა საკუთარ თავსა და სხვებს დაუმტკიცონ საკუთარი ღირებულებების მართებულობა და არა პირიქით…

ციალა ქათამაძე
ციალა ქათამაძე

გადაბეჭდვის წესი