კვირის ამბები,მთავარი

როგორ აისახება პროსტატიტი კაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე

26.03.2014 • 38102
როგორ აისახება პროსტატიტი კაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე

პროსტატა, ანუ წინამდებარე ჯირკვალი, კაცის სასქესო სისტემის ნაწილია, პროსტატიტი კი პროსტატის ჯირკვლის ანთებას ეწოდება.

„ხშირად გაიგონებთ კაცებისგან, „პრასტატა“ მაქვსო. „პრასტატა“, იგივე პროსტატა, ყველა კაცს აქვს, მაგრამ პროსტატიტი, პროსტატის პათოლოგია, ყველას არ აქვს.“ – განმარტავს  ექიმი-სექსოლოგი ზურაბ მარშანია.

პროსტატიტის მიზეზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მჯდომარე ცხოვრების წესი (მანქანის მართვა, საოფისე სამსახური), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება, ხშირი გადაცივება, სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი,  ტუბერკულოზი, პნევმონია და ა.შ.) და შეკრულობაც შეიძლება გახდეს. დაავადება მწვავე ან ქრონიკული ფორმით მიმდინარეობას.

იწვევს თუ არა პროსტატიტი კაცის სექსუალური ცხოვრების გაუარესებას? ზურაბ მარშანია ამბობს, რომ გავრცელებული მოსაზრება, რომ პროსტატი კაცის ერექციაზე ახდენს გავლენას, მცდარია.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი უროლოგი ეუბნება პაციენტს, რომ აი, თქვენ გაქვთ პროსტიტი, იმკურნალებთ და თქვენი ერექციაც გაუმჯობესდება. ეს არის მტკნარი სიცრუე. პროსტატიტს ერექცასთან კავშირი არ აქვს, ერექციის დარღვევას სხვა მიზეზები იწვევს. მაგრამ წინამდებარე ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ეაკულაციის განხორციელებაში. სპერმის გამტარი გზები გაივლის წინამდებარე ჯირკვალს და რა თქმა უნდა, არის დაკავშირებული პროსტატასთან, მაგრამ ანთებითი დაავადება, რასაც წარმოადგენს პროსტატიტი, ვერ გამოიწვევს ერექციის დაქვეითებას“, – ამბობს ზურაბ მარშანია.

აისახება თუ არა პროსტატიტი სქესობრივი აქტის ხანგრძლივობაზე? სექსოლოგის განმარტებით, პროსტატიტი აქტის ხანგრძლივობაზე მოქმედებს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ხდება ნაადრევი ეაკულაცია: „ერექცია და ეაკულაცია სხვადასხვა რამაა და თუ რომელმე კაცი ფიქრობს, რომ მას ერექცია დარღვეული აქვს და ამაში პროსტატიტია დამნაშავე, ძალიან ცდება“, – ამბობს ის.

პროსტატიტის დროს პაციენტმა უროლოგს უნდა მიმართოს. მკურნალობის კურსი კომპლექსურია და ექიმის დანიშნულების მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს როგორც ანტიბიოტიკებით მკურნალობას, ასევე მასაჟის კურსს. პროსტატიტის დროს კაცმა მკურნალობისთვის უროლოგს უნდა მიმართოს და მკურნალობის შემდეგ, თუ ეაკულაციის დარღვევას ისევ ექნება ადგილი, ამ შემთხვევაში მკურნალობაში სექსოლოგი ერთვება.

სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა უროლოგთან არ არის სწორი, ისევე როგორც უროლოგიური პათოლოგიის მკურნალობა არ შეიძლება სექსოლოგთან. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ მკურნალობაზე, თუ ადამიანს ნამდვილად აქვს ინფექციური, შეგუბებითი, ან ნებისმიერი სახის პროსტატიტი, რა თქმა უნდა, ეს არის უროლოგის პაციენტი. თუ აქვს ეაკულაციის დარღვევა, უმჯობესია ჩაიტაროს პროსტატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა და თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება, შემდეგ მივიდეს სექსოლოგთან“, – ამბობს ზურაბ მარშანია.

სექსოლოგი პროსტატის სხვა პათოლოგიებსა და კაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე მათ გავლენაზეც საუბრობს: „არსებობს სხვა პათოლოგიები, მაგალითად, პროსტატის კიბო, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია – ეს ორი დაავადება უშუალო კავშირშია სექსუალურ დისფუნქციებთან. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვსაუბრობთ ოპერაციის შემდგომ პერიოდზე. პროსტატის კიბოს შემთხვევაში ხდება რადიკალური პროსტატექტომია, რომლის დროსაც ხდება პროსტატის მთლიანად ამოღება. აი, ამ ოპერაციის შემდეგ ვითარდება საკმაოდ მძიმე ერექციის დარღვევა. მაგრამ ეს განპირობებულია არა იმით, რომ პროსტატა არ მუშაობს. პროსტატა ნერვული ქსოვილითა და სისხლძარღვების სისტემით მდიდარი, ინერვაციისა და სისხლის მომარაგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ორგანოა და ზიანდება ოპერაციის შედეგად, რაც ბუნებრივია, რადგან, რაც არ უნდა ფაქიზად გააკეთოს ოპერაცია ქირურგმა, მაინც დაზიანდება ნერვული წნულები. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა არის რთული, მაგრამ შესაძლებელი.“

პროსტატიტის პროფილაქტიკისათვის ექიმები შემდეგ რჩევებს გვთავაზობენ:

  • ერიდეთ ცივ ზედაპირზე ჯდომას;
  • ყოველი კაცი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს აუცილებელ პროფილაქტიკურ შემოწმებას.
  • ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას;
  • მათთვის, ვისაც მუშაობისას უმთავრესად ჯდომა უწევს, რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვა, ფეხით სიარული, სპორტი – სირბილი, ცურვა, ტენისი და სხვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: