კვირის ამბები

აზერბაიჯანის მოქალაქე მარგველაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

20.03.2014
აზერბაიჯანის მოქალაქე მარგველაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

 

 

48 წლის აღალარლი დაშგინს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ამირან ძაბუნიამ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად გადასახადებისთვის თავის არიდება ედება. აღალარლი დაშგინი სარფში, თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააპატიმრეს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიურო ეძებს.  მართალია, აზერბაიჯანის მოქალაქე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა უკრაინისა და თურქეთის სამართალდამცავებმა იგი არ დააპატიმრეს – მან თავისუფლად შეძლო საქართველოს საზღვართან მოსვლა.

 

 

აღალარლი დაშგინს ბრალად ედება დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდება (218-ე მუხლი).  ეს დანაშაული, აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, აღალარლი დაშგინმა 2010 წელს ჩაიდინა. მისი უფლებების დამცველი, პაატა ბერიძე კი ამბობს, რომ საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტირებულია. გამოდის, რომ მოსამართლემ ბრალდებულს პატიმრობა იმ მუხლით  მიუსაჯა,  რაც უკვე ამნისტირებულია.

 

 

 

„დანაშაული, რომლის ჩადენასაც მედავება აზერბაიჯანის სახელმწიფო, არ ჩამიდენია, ვეწეოდი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, ვაკრიტიკებდი მოქმედ ხელისუფლებას, რის გამოც მდევნიდნენ. სწორედ ამ დევნის გამო იძულებული გავხდი, გასული წლის ივნისში დამეტოვებინა სამშობლო და თავი შემეფარებინა მეზობელი სახელმწიფოებისთვის. „დანაშაული“, რომლის ჩადენასაც მედავებიან, მოხდა 2010 წელს, მას შემდეგ სამი წელი ვიმყოფებოდი აზერბაიჯანში და შეეძლოთ ჩემი დაპატიმრება, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიმცეს მაშინ, როცა 2013 წლის ივნისში დავტოვე ჩემი ქვეყანა და ჯერ უკრაინიდან, შემდეგ კი თურქეთიდან დავიწყე აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა“, – წერს ბრალდებული წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გაუგზავნა, მისი ასლი კი ბრალდებულის ადვოკატმა „ბათუმელებს“ მოაწოდა.

 

 

პატიმარი წერილში პრეზიდენტს უხსნის, რატომაც გადაწყვიტა საქართველოსთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა. ბრალდებული ნასამართლევი არასოდეს ყოფილა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

ადვოკატი პაატა ბერიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ამირან ძაბუნიას გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ადვოკატის შეფასებით,  „სასამართლომ დაარღვია საქართველოს  კანონის `სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, ასევე დარღვეულია ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც  ექსტრადიცია არ  განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია“.

 

 

ადვოკატი პაატა ბერიძე დარწმუნებულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გააუქმებს ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებას და დარბაზიდან გაათავისუფლებს აზერბაიჯანის მოქალაქეს.

 

 

ადვოკატის ვარაუდით, აზერბაიჯანის მთავრობა ასევე მოითხოვს ბრალდებულის ექსტრადაციას, რაც ასევე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.   

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: